“ძალადობის საკითხებზე სკოლების მონიტორინგის შედეგები საგანგაშოა” – უჩა ნანუაშვილი
2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე სკოლების მონიტორინგი სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში პირველად ჩატარდა. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები სანტერესო და საგანგაშოა.
“ვფიქრობ, ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინება პოზიტიურად აისახება იმ ვითარებაზე რაც ბავშვის მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებობს და რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საგანგაშო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დახვეწის მიზნით”, – აღნიშნა ნანუაშვილმა.
ბავშვის უფლებების ცენტრმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 98 საჯარო სკოლა, 5 კერძო და 6 სკოლა–პანსიონი შეამოწმა.
სახალხო დამცველის თქმით, ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან.
“მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით.
როგორც სკოლის მასწავლებლები ისე მოსწავლეები ძალადობად არ აღიქვამენ ისეთ აშკარა ძალადობის ფაქტებს, როგორიც არის ცემა, თავში წამორტყმა, ხელის კვრა, ყურის აწევა, თმის მოქაჩვა და სხვა. ასე ფიქრობს, მასწავლებელთა დაახლოებით 14% და მოსწავლეთა 40% და მეტი.
ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ცალსახად გამოკვეთილია ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს, როგორც უფროსების მხრიდან გამოყენებულ მიმართვის ფორმას. მასწავლებელთა 25 % კი ამას ძალადობად არ მიიჩნევს.
სკოლის თანამშრომლების და განსაკუთრებით მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს ძალადობად არ მიაჩნია დასჯის მიზნით, გაკვეთილის მანძილზე მოსწავლის ფეხზე დაყენება (მოსწავლეების 51%; სკოლის თანამშრომლების 21%); სკოლის თანამშრომლების მიერ მოსწავლის (მოსწავლეების) დაბარება შინამეურნეობაში დასახმარებლად (მოსწავლე (31.9%); სკოლის თანამშრომელი (11.4%)”, – ვკითხულობთ უჩა ნანუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სხვა მრავალი გამოწვევის შესახებ სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დასახვეწად.
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი