ძიძა-სამინისტრო (ბლოგი)
ბავშვების განათლება კიდევ გაუარესდა. აკადემიური წელიწადი არ გამოცხადდება, ცოდნის შეფასების ნაწილში წელს რამეს მოიფიქრებენ, მაგრამ შინაარსი არ შეიცვლება – განათლება გაუარესდა.
შეუძლებელია, რომ სხვანაირად იყოს. მოსახლეობაში განათლება პრიორიტეტი არ არის და ქართველი კიმ დე ჯუნი კი, ჯერ არ დაბადებულა.
სახელმწიფო სისტემის ყველაზე სუსტი რგოლის, განათლების სამინისტროს ფორმალური ხელმძღვანელი უსუსტესი მინისტრია.
ამ სტრუქტურას კორონავირუსამდეც სასარგებლო ნაკლებად გაუკეთებია. ესეც გასაგებია: ასეთი მინისტრი, თანამშრომლები გადაღლილები არიან, ახალი სისხლის ნაკლებობას და „ოდეერები“-ს სიჭარბეს განიცდიან.
კორონავირუსის ფონზე, აბსოლუტურად ფხიზლად ვადევნებდი თვალს სამინისტროს კრუნჩხვებს ონლაინ გაკვეთილებთან, არაონლაინ გაკვეთილებთან, არა გაკვეთილებთან, ტელესკოლასთან, სხვა ნაკლებად თუ მეტად არაადეკვატურ ინიციატივებთან დაკავშირებით. თუმცა, ბავშვები გაართეს. ამაზე დიდი ფული ვერ დაიხარჯებოდა, რადგან არავინ გამოუყოფდა, შესაბამისად ძიძა-სამინისტროს ახალ ფუნქციებს დადებითად ვაფასებდი.
სკოლებში სასწავლო პროცესის სექტემბრისთვის გადატანას მივესალმე, აუცილებელი რეალობაა. მიუღებელ განათლებაზე კი, გიორგი გახელაძის ინტერვიუ წაიკითხეთ – ,,განათლების სისტემა იმაზე მეტად, ვიდრე კორონავირუსამდე იყო, ვეღარ დაზიანდება“.
მოულოდნელად, ჩემი იდილია პრემიერმა შეწყვიტა, რომელმაც გამოაცხადა:
„განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, დიდი თემაა და ცალკე ვისაუბრებთ. აკადემიური წელი არ გამოცხადდება, განათლების სამინისტრომ შეძლო ეფექტურად გამკლავებოდა ამ გამოწვევას და ონლაინ სწავლების კუთხით სკოლებს და უმაღლესებში პროცესები წარმართა ეფექტურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
წარმატება, ეფექტურად გამკლავება და სხვა მსგავსი ტერმინები განათლებასთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკასა და განათლების სამინისტროს საქმიანობასთან არ არის თავსებადი, კორონავირუსის გარეშეც.
თუ პრემიერი სამინისტროსთვის დამსახურებული ძიძის ჯილდოს გადაცემას არ აპირებს, პრეზენტაციაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. მიანდოს განათლების მინისტრს (არა?), მიჩუმებულ მოადგილეს, სხვებს.
ისინი კი, თავისუფლად ილაპარაკებენ ყველაფერზე, გარდა შემდეგისა:
რამდენი მოსწავლე მონაწილეობს ყოველდღე ერთ ონლაინ გაკვეთილში მაინც? რამდენი ადამიანი უყურებს „ტელესკოლას“? რამდენ მოსწავლეს/მასწავლებელს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და/ან კომპიუტერთან/სმარტფონთან? რამდენი მასწავლებელი იყო თანახმა აკადემიური წლის გამოცხადებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ კომპიუტერთან არ მჯდარიყო საერთოდ? რა თანხა მოაკლდება წელს განათლების ბიუჯეტს?
ბავშვების განათლება კი ისევ გაუარესდა.
დავით ჯაფარიძე
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი