ვისი „ბრალია“ რეპეტიტორის აუცილებლობა: სკოლა? სისტემა? მოსწავლე? მშობელი? პედაგოგის დაბალი კომპეტენცია?
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტები თუ მათი მშობლები მომავალი წლის აბიტურიენტებს ამაყად აკვალიანებენ საკუთარ მასწავლებელთან – „ამასთან გარანტირებული გრანტი გაქვს“! ეს ფრაზა რეპეტიტორის დახასიათების ყველაზე მაღალი საფეხურია. „იმის ნაცლად პრეტენზიებს ვუცხადებდეთ სამინისტროს, ბავშვებს რეპეტიტორებთან ვგზავნით, ალბათ, ჩვენშიც არის პრობლემა“, – ეს კი EDU.ARIS.GE-ს მიერ ეროვნულ გამოცდებზე აღმოჩენილი ალბათ, ყველაზე გულწრფელი მშობლის პოზიციაა. ასეთები ბევრნი არ არიან.
რატომ არის დღეს საქართველოში გადამწყვეტი მაღალი შედეგებით უმაღლესში მოსახვედრად რეპეტიტორთან მომზადება და ვისი ან რის „ბრალია“ ამ ინსტიტუტის აუცილებლობა?
ჩვენ მიერ გამოკითხული აბიტურიენტების ოჯახის წევრები თვლიან, რომ თუ შეიცვლება განათლების სისტემა, აღარ იარსებებს რეპეტიტორის ინსტიტუტის აუცილებლობაც – „უნდა მოინდომოს განათლების სისტემამ და გვყავდეს კომპეტენტური მასწავლებლები, რომლებსაც შესაბამისი განათლება ექნებათ“, – ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. რეპეტიტორის ინსტიტუტის არსებობაში მთავარ „დამნაშავედ“ კი, ჩვენი რესპონდენტების პასუხების გათვალისწინებით, განათლების სისტემა და შემდეგ თავად მოსწავლეები ჩაითვალნენ.
EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან საუბარში მშობლების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ მოსწავლეეები ისევ თავიანთი კომფორტისთვის დადიან რეპეტიტორებთან, რათა თავი დაცულად იგრძნონ, თუმცა ზოგიერთისგან ისიც მოვისმინეთ, რომ მოსწავლეს შეუძლია სასკოლო განათლების მიღებისას ჩადოს ძალისხმევა და რეპეტიტორის გარეშე მოხვდეს უმაღლესში – „თვითონ მოსწავლეები არიან უყურადღებოები გაკვეთილებზე და როცა უმაღლესში ჩაბარება უნდებათ, მერე უკვე მეტი გზა არ აქვთ და რეპეტიტორებთან მიდიან“; „ბავშვის ბრალია, რეპეტიტორი რომ სჭირდება, რადგან თუ ბავშვი მონდომებულია, ისწავლის. თუ პედაგოგი არ მოგწონს, რა თქმა უნდა, უნდა მოამზადო ბავშვი“.
თბილისის 55-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის მშობელი (მამა): „როდესაც ბავშვი ირჩევს პროფესიას, დიფერენცირებულად სჭირდება გარკვეულ საგნებზე ყურადღების გამახვილება. ამ საგნებზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების, მეტი ცოდნის მიღების საშუალებას სკოლა ვერ აძლევს. ყველა საგანს თანაბრად სწავლობენ. სკოლაში შეიძლება დამაკმაყოფილებელი დონე იყოს, მაგრამ სპეციფიურ საგნებში, რომელიც ჩაბარებისთვის სჭირდება ბავშვს, არ არის ურიგო დამატებითი ცოდნის მიღება სპეციალისტისგან. ბავშვი შეიძლება კარგად სწავლობს, მაგრამ ის პროგრამა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც მისაღებ გამოცდებზეა. ამიტომ, იძულებული ხდები, თავის დასაზღვევად სხვა წყარო ეძებო.
„ზუსტად იგივე მასწავლებლები არიან რეპეტიტორებიც. კლასში დროის ფაქტორია განმსაზღვრელი. პედაგოგმა 20 ბავშვს დაუთმოს დრო და ის მასალები იმ დოზით მიაწოდოს, რასაც რეპეტიტორი აკეთებს, წარმოუდგენელია. ჩემი შვილი ოქროს მედალოსანია, მაგრამ სამ საგანში მაინც მოვამზადე. ფანტასტიკურია ფინური სისტემა – მიდგომები, ცოდნის მიწოდების ფორმებია გამორჩეული. ვისაც რის უნარი აქვს, იმ უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული ყველაფერი. შესაძლებელია, კომპეტენცია ზუსტად იგივე ჰქონდეს რეპეტიტორსაც და სკოლის მასწავლებელსაც, მაგრამ ლოკალურად ვერ უთმობენ დროს, რადგან ბევრი ბავშვი ზის კლასში და პრობლემაც აქედან მოდის“.
მარინა ნებიერიძე, აბიტურიენტის მშობელი: „მიზეზი არის ის, რომ სკოლა ვერ უზრუნველყოფს აბიტურიენტისთვის საჭირო განათლების მიცემას. მასწავლებლებს თავადაც ჰყავთ უამრავი აბიტურიენტი, დაღლილები არიან და აღარ დებენ დიდ ენერგიას, როგორც ეს ჩვენ დროს იყო ხოლმე. დღეს ძალიან იშვიათია ისეთი ბავშვის მოძებნა, ვინც სკოლაში მიღებული ცოდნით აბარებს, თუმცა რეგიონებში უფრო შეიძლება ასეთიც მოძებნო, რადგან იქ მასწავლებლები მართლა ენთუზიაზმით მუშაობენ და შრომასაც დებენ. დაბალი ხელფასის გამო აჰყავთ მოსამზადებლად მოსწავლეები. განათლების სისტემის პრობლემაც ჩანს და ამით ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან“.
ლელა ნეკერაშვილი, აბიტურიენტის მშობელი: „ჩემი შვილის რეპეტიტორებიდან მხოლოდ ერთი არ მუშაობს სკოლაში, დანარჩენი მასწავლებლები ჩვენს სკოლაში ასწავლიან და უამრავი მოსწავლეც ჰყავთ. რა ხელფასიც სკოლაში აქვთ, იმ თანხას აბიტურიენტების ერთი ჯგუფიდან იღებენ. ალბათ, მათ ინტერესშიც შედის, რომ გაკვეთილზე ნაკლებად დაიხარჯონ, რომ მერე კერძოდ მოემზადოს ბავშვი მათთან. ვერ ვიტყვი, რომ მიზეზი არის მასწავლებლების დაბალი კომპეტენცია, მაინც იგივე მასწავლებლებთან ვამზადებთ. პრობლემა არის ის, რომ სისტემა არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს და ჩვენ, იმის ნაცვლად, პრეტენზიებს ვუცხადებდეთ სამინისტროს, ბავშვებს რეპეტიტორებთან ვაგზავნით. ალბათ, ჩვენშიც არის პრობლემა. მე პირადად, არ მაქვს საწინააღმდეგო რეპეტიტორების ინსტიტუტის. 42 წლის ვარ და თავადაც ვემზადებოდი, როცა აბიტურიენტი ვიყავი. პრობლემა ის არის, იმიტომ ემზადები, იცი, ამის გარეშე ვერ ჩააბარებ და არა იმიტომ, რომ გინდა, მეტი იცოდე. ზუსტად ამის გამო ბავშვებიც დასტრესილები არიან, მშობლებიც, მასწავლებლებიც და რეპეტიტორებიც“.
მასწავლებელთა როლზე კრიტიკულად საუბრობს ნათია არსენიშვილი, თბილისის 82-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის მშობელი: „ჩვენს სკოლაში არავითარი მოტივაცია არ აქვთ ბავშვებს. მე ბოლნისში დავამთავრე სკოლა და არ მოვმზადებულვარ, ისე ჩავაბარე უმაღლესში და ეს ცოდნა სკოლამ მომცა. ახლა კი იცით რა ხდება? ჩემი უმცროსი შვილი მეორე კლასში იყო, როდესაც ინგლისურში ონლაინ გაკვეთილებზე მარტივი თამაშებით დაიწყეს სწავლა და უცბად მასწავლებელმა ასოები და კითხვა მოსთხოვა. ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდოდა. მასწავლებელი სთხოვდა იმას, რაც თავად არ უსწავლებია. რატომ ჰგონიათ, რომ ყველა ვამზადებთ ბავშვებს?! შეუძლებელია, ყველაფერში მოამზადო ყველა შვილი!
„ძალიან დაბალი დონეა სკოლებში და ბევრი მასწავლებელი ვერც ჰყვება თანამედროვე ბავშვებს. პატარებმა მეტი იციან ბევრ რამეში და სასაცილოდ არ ჰყოფნით. მასწავლებელი ამასაც უნდა დაეწიოს. ბავშვებს სკოლაში სწავლის სურვილი მასობრივად არ გააჩნიათ, არასერიოზულად უდგებიან. ჩემი შვილი ყოველდღე დადიოდა სკოლაში, მაგრამ ბავშვს ვერ აიძულებ სწავლას, თუ არ დააინტერესე. მოტივაცია უნდა გაუჩინოს სკოლამ. რომელი მშობელი გააკონტროლებს შვილს ყოველდღე? მასწავლებელი უნდა იყოს ყველანაირად მოტივირებული, რომ დააინტერესოს მოსწავლე. როცა იციან, ბავშვი შენ მაინც უნდა მოამზადო, თავს აღარ იწუხებენ და არ ატარებენ შესაბამის გაკვეთილს. რომელ მოსწავლესაც უნდა, რეპეტიტორთან არ იაროს და სკოლაში ისწავლოს, ვერც ის სწავლობს, რადგან კარგი გაკვეთილი არ უტარდება და როგორ ჩააბარებს იმ ცოდნით? ამიტომაც, წელებზე ფეხს ვიდგამთ მშობლები და ამხელა ხარჯს ვეწევით“.
დემურ ურუმაშვილი, აბიტურიენტის მშობელი: „მთავარ პრობლემას მე ვხედავ სკოლაში და მასწავლებლების ახლანდელ მიდგომაში. მოსწავლეებთან მიდგომები ძალიან შეიცვალა, მასწავლებლებს არაფრის უფლება არ დაუტოვეს სამწუხაროდ და შესაბამისად, ვერც აბიტურიენტები იღებენ იმ ცოდნას, რაც საჭიროა გამოცდების ჩასაბარებლად. მერე, თუ არ მოამზადე რეპეტიტორთან, ისე რანაირად დაწერს გამოცდას? ამ ყველაფერში კი დამნაშავე უშუალოდ სისტემა მგონია. მე ახლა არც ისე დიდი ვარ, მაგრამ სკოლაში რომ დავდიოდი, ცოტა სხვა მიდგომა იყო, რიდი გვქონდა მასწავლებლების. ახლა კიდევ არაფრის უფლებას არ აძლევს სისტემა მათ და კი ვიცით რა სიტუაციაცაა სკოლებში.
„სასწავლო მასალაზეც რომ ვთქვა, ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული მასალა ზუსტად არ ემთხვევა სკოლაში ნასწავლ პროგრამას. მაგალითად, ქართულის გამოცდაზე ორაზროვანი კითხვები იყო თეზისში და აბიტურიენტს თავიდან გაუჭირდა გააზრება, სწორად წერდა თუ არა. ასეთი ორაზროვანი დავალებების დაწერა არ უსწავლებიათ სკოლაში. ეროვნული გამოცდებისთვის საჭირო მასალას რეპეტიტორთან უფრო სწავლობდა ბავშვი, ის უფრო სპეციფიკურად ამზადებდა ზუსტად იმ დავალებებისთვის, რაც გამოცდაზე მოვიდა“.
კიდევ ერთი მშობელი: თუ სისტემამ თვითონ არ შეცვალა მიდგომა, მაშინ ბავშვებს ყოველთვის მოუწევთ ზედმეტად რეპეტიტორებთან სიარული. მითუმეტეს ახლა, როცა ძალიან ბევრი საქმე დაემატათ იმ დავალებებით, რომლებიც პრინციპში არაფრის მომცემია და აცდენილია იმას, რასაც ახლა აქ აბარებენ ბავშვები. თანხვედრაში არ არის ერთმანეთთან სკოლის და გამოცდების მასალა. პროგრამა შეიძლება რაღაც ნაწილში ასახავდეს გამოცდებისთვის საჭირო მასალას, თუმცა მიდგომასაც ხომ გააჩნია და იმასაც, როგორ მიაწვდი ამას ბავშვს. განათლების სისტემა უნდა დაიხვეწოს, ამდენი დავალების მიცემა არ სჭირდებათ ახალგაზრდებს. ეს არის არასაჭირო მასალა, რომელსაც განათლების სამინისტრო აძალებს სკოლას, სკოლა აძალებს ბავშვს და ამის გამო მოსწავლე ეძებს მერე ლავირების საშუალებას რეპეტიტორების სახით, რადგან, არ იცის, რა გააკეთოს. ბავშვი სკოლაში სწავლობს ერთ მასალას და გამოცდაზე მისულს ხვდება სხვა. რაც შეეხება მასწავლებლის ნაწილს, მე მგონია, რომ ყველა მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი მოსწავლეები კარგად მოამზადოს გამოცდებისთვის. ამას ამტკიცებს ისიც, რომ აბიტურიენტების უმეტესობა თავისივე მასწავლებელთან ემზადება და ამ მასწავლებელს სისტემა თუ მისცემს თავისუფლებას, გაკვეთილზეც იმავეს გააკეთებს, ხომ? ეს ვისი ბრალია, ესე იგი, ამ საწყალ მასწავლებლებს საშინელი წნეხი აქვთ ხომ? ასე, რომ განათლების სამინისტრომ მოდელი კი არ უნდა გადმოშიფროს და გადმოაკოპიროს, შენ რაც და როგორც გჭირდება, ისე უნდა წაიყვანოს“.
შორენა ღავთაძე, აბიტურიენტის მშობელი: „ის, რომ ჩვენ, მშობლებს აბიტურიენტების მომზადება სკოლის გარეთ, კერძო რეპეტიტორებთან გვიწევს, არის სისტემის ბრალი. ამასთან ერთად, წლევანდელ ახალგაზრდებზე დიდი გავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიამაც. 20 წუთიანი ვიდეოგაკვეთილები საშინელება იყო. ვუყურებდი გაკვეთილებს და მეც კი არ მომწონდა, ბავშვს რა უნდა გაეგო? ეს უშუალოდ სიტუაციის და სისტემის ბრალია და არა მასწავლებლის ან მოსწავლის. მოსწავლეს რა პასუხისმგებლობასაც დააკისრებ და რასაც მოსთხოვ, იმის მიხედვით მიიღებ შედეგსაც. მოთხოვნა უნდა იყოს მკაცრი, დისციპლინა აუცილებლად უნდა დაბრუნდეს სკოლებში. ძალიან კარგი დისციპლინა იყო აქამდე და ძალიანაც მოგვწონდა ის გერმანული მოდელი რომ გვქონდა.
„სკოლაში რასაც სწავლობენ, ის ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა აქ წარმატებით ჩააბარონ გამოცდები. თავის მხრივ, გააჩნია პედაგოგს. ზოგი მასწავლებელს იმდენად უყვარს თავისი საგანი, რომ უმაღლეს დონეზე ასწავლის საკუთარ მოსწავლეებსაც, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ჯობია სიმართლეს გავუსწოროთ თვალი და ვთქვათ, რომ ეს ასე არ ხდება და მასწავლებლები საკლასო ოთახებში არ იწუხებენ იმდენად თავს. აი, აქ გამოცდებზე ისეთი დავალებებიც მოდის, რომლებსაც, მაგალითად, არ ასწავლიან სკოლებში და ამის უკეთ გასაგებად რეპეტიტორები აუცილებელია.
მარინე ჯინჭარაძე, აბიტურიენტის მშობელი: „მგონია, რომ ბავშვები ისევ თავიანთი კომფორტისთვის ემზადებიან რეპეტიტორებთან. თუ ემზადებიან, უფრო დაცულად გრძნობენ თავს. ისე, მგონია, რომ სკოლის განათლება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა გამოცდა კარგად ჩააბაროს, მაგხელა განათლებას ვერ აძლევს სკოლა. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვზეც ბევრია დამოკიდებული, თუ მას უნდა ჩაბარება და არ ემზადება არავისთან, შეუძლია, მაქსიმალური თუ ვერა, საშუალო შედეგების ქულები მაინც აიღოს.
„რაც შეეხება მასწავლებლების ნაწილს, საერთოდ, როცა აბიტურიენტი მასწავლებელთან ემზადება და ის კონკრეტულ თანხას იხდის ამაში, მასწავლებელს მოტივაციაც მეტი ეძლევა, რომ კარგადა ასწავლოს მოსწავლეს. სკოლაში კი, როცა კაპიკები აქვს იმ მასწავლებელს და როცა 30 ბავშვს უტარებს გაკვეთილს, საიდანაც მხოლოდ ხუთს აინტერესებს საგანი და 25-ს არა, იქ, რა თქმა უნდა, იგივენაირად აღარ იხარჯება მასწავლებელი. შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ სკოლაში ისე კარგად ვერ ემზადებიან ბავშვები, როგორც რეპეტიტორებთან“.
ნუნუ მაყიშვილი, აბიტურიენტის გულშემატკივარი: „კი ემზადებოდა ჩემი აბიტურიენტი, მაგრამ უფრო გრანტის გულისთვის და არა იმიტომ, რომ სკოლაში არ უსწავლია. ჩვენ სოფელ თეთრიწყაროდან ვართ და ჩემი შვილი პირადად თეთრიწყაროს პირველ საშუალო სკოლაში სწავლობს. აქ მიღებული განათლება კი მგონია, რომ საკმარისია გრანტის მისაღებადაც. იქ ძალიან კარგი და პროფესიონალი პედაგოგები ჰყავს და რასაც იქ სწავლობს, ზუსტად იგივენაირად წერს აქაც. ის, რომ ცალკე რეპეტიტორი დასჭირდა აბიტურიენტს, ეს სკოლის ბრალი ნამდვილად არ არის. უბრალოდ, თვითონ მოსწავლეები არიან უყურადღებოები გაკვეთილებზე და როცა უმაღლესში ჩაბარება უნდებათ, მერე უკვე მეტი გზა არ აქვთ და რეპეტიტორებთან მიდიან. ეს პედაგოგების ბრალი არ არის და ზოგ მშობელზეა დამოკიდებული – ალბათ შვილების იმედი არ აქვთ კიდევ ბოლომდე და იმიტომაც ამზადებენ“.
თამთა ოცაძე, აბიტურიენტის მშობელი: „თუ ბავშვი სკოლაში თავიდანვე სწავლობს, არ უნდა დასჭირდეს რეპეტიტორებთან მომზადება, მაგრამ ზოგი ამბობს, რომ უბრალოდ მობილიზებას უკეთებენ მთელი 12 წლის ნასწავლს, რომ უკეთესად ჩააბარონ და გზა გაიკვალონ უკეთესი მომავლისკენ. მგონია, რომ ეს ბავშვების ბრალი არის. ზოგჯერ არ სწავლობენ და ბოლო წელს უნდათ ყველაფერი ისწავლონ, ზოგჯერ სკოლაშიც არ აქვთ შესაბამისი პირობები, რომ სხვაგან მომზადების გარეშე ჩააბარონ. რეპეტიტორებთან ათოსანი ბავშვებიც ემზადებიან. ჩემი აზრით, სკოლა აძლევს ბავშვებს იმხელა განათლებას, რომ მოახერხონ და წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, მაგრამ რამდენად მიიღებს ამ განათლებას, ეგ უკვე მოსწავლეზეა დამოკიდებული, თვითონ არ უთმობენ საკმარის ყურადღებას სკოლას.
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის მშობელი: „ვიღაცას სჭირდება მომზადება, ვიღაცას არა. მე მოვამზადე ჩემი შვილი. ყოველთვის ასე იყო – მოსამზადებელი წელი და რეპეტიტორები ყოველთვის არსებობდა. ვერ ვიტყოდი, რომ სკოლაში ვერ მიიღო ჩემმა შვილმა სათანადო ცოდნა. უბრალოდ, რაც ისწავლა სკოლაში, მინდოდა, ერთ რეპეტიტორთან გაევლო ის ყველაფერი, რომ გამოცდაზე მყარად ყოფილიყო“.
თამარ მჭედლიშვილი, კერძო სკოლის კურსდამთავრებულის მშობელი: „ზოგი მასწავლებელი არაჩვეულებრივია, ზოგი არ არის მთლად კომპეტენტური, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სისტემის ბრალია. ავსტრიის საგანმანათლებლო სისტემაზე გადაცემას ვუყურე და ჩვენ როდის მივალთ იმ დონემდე, არ ვიცი… ასეთი გამოცდები არ უნდა იყოს. როგორია სკოლა და როგორ სწავლობს სკოლაში, იმის მიხედვით უნდა ირიცხებოდეს უმაღლესში. კერძო სკოლაში დამყავს, კარგი სკოლაა, მაგრამ პანდემიის გამო სახლში იყო, დავიზღვიე თავი და ამიტომ მოვამზადე. საჯარო სკოლის მასწავლებელთან მოვამზადე“.
მანანა გაბუნია, ილია ვეკუას სახელობის სკოლის მასწავლებელი და აბიტურიენტის ბებია: „მასწავლებელს არ უნდა დავაბრალოთ. ჩემმა შვილიშვილმა დაამთავრა ვეკუას სკოლა. არცერთი მისი თანაკლასელი და არც ეს არ მომზადებულა კერძო რეპეტიტორთან. სკოლიდან მაქსიმალური წამოიღეს და მოტივირებული ბავშვებიც არიან. მეც ამ სკოლაში ვასწავლი. ზოგადად კი, მისაღები გამოცდების თემატიკა აცდენილია პროგრამას და ამიტომ არის იძულებული მშობელი, კერძოდ ამეცადინოს, თუმცა ქართულის ტესტი ისეთი ადვილი იყო, ასეთ იოლ ტესტს ჩვენს სკოლაში შემაჯამებელი სამუშაოს დროსაც კი არ აკეთებინებენ – შეცდომების პოვნა, კითხვებზე პასუხი, სადაც ტექსტი გაქვს მოცემული და თავისუფალი თემა უნდა დაწერო. 12 წლის ცოდნის ანალიზია ეს? რა თქმა უნდა, არა“.
შორენა აბრამიშვილი, საჩხერის პირველი სკოლის კურსდამთავრებულის მშობელი: „დღეს სკოლაში მიცემული კომპლექსური დავალებები რომ შეასრულოს ბავშვმა, ამაში სანათესაოა ჩართული და ამით მასწავლებელი იწერს ქულებს, რომ ხელფასი დაემატოს. ეს ნორმალურია? რეპეტიტორში ზედმეტი ფულის გადახდა არავის უნდა. სისტემის ბრალია ეს ყველაფერი. იმხელა შეუსაბამობაა ეროვნული გამოცდების ტესტებსა და სკოლის მასალას შორის… მასწავლებელს ალბათ უფრო მეტი მოეთხოვება. სკოლას არც დრო ჰყოფნის ყველა მოსწავლესთან საურთიერთოდ. მე-12 კლასში სიარული აღარ არის სავალდებულო და მოსწავლეები იმ დროს რეპეტიტორებთან სიარულში იყენებენ, რაც თავისთავად არასწორია“.
ეთერ ცინცაძე, აბიტურიენტის მშობელი: „განათლების სისტემის ბრალია, თორემ მასწავლებელი რა შუაშია?! მე თვითონ ფილოლოგი ვარ და წლების განმავლობაში ვასწავლიდი. თუ განათლების სისტემა არ შეიცვლება ძირეულად, სხვანაირად არაფერი გამოვა. მასწავლებელს რასაც მიაწვდის განათლების სამინისტრო, იმას ასწავლის. თუ მასწავლებელი არ არის კვალიფიციური, სკოლამ არც უნდა მიიღოს. აბა, რისთვის არსებობს მასწავლებლების გადამზადების სისტემა?! როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ზოგადი ცოდნა ყველაფერზე მქონდა. ახლა, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ, მხოლოდ იმას სწავლობენ. განათლების დონემ სკოლებში უნდა აიწიოს. რატომ მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად?! – საქართველოში განათლება არ არის იმ დონეზე, რომ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რასაც ვიმსახურებთ“.
გურამ ხვედელიძე, აბიტურიენტის მშობელი: „თუ ბავშვს ხელს შეუწყობს განათლების სისტემა, მას რეპეტიტორთან სიარული არ დასჭირდება და სკოლა შესაბამის განათლებას მისცემს. ამ შემთხვევაში საჭირო აღარ იქნება რეპეტიტორი და დამატებითი ხარჯები. ყველა მშობელი ცდილობს, რომ მის შვილს ასწავლოს. განათლების სისტემაში ძალიან ბევრი რამ თავიდან არის დასაწყები. სკოლაში, ამ 6 საათში მოსწავლეს შეუძლია მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე რეპეტიტორებთან მომზადებაა. დღეს ვერც რეპეტიტორობის ინსტიტუტი და ვერც სკოლა ვერ უზრუნველყოფს, რომ მოსწავლემ შესაბამისი განათლება მიიღოს. აბსოლუტურად ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. უნდა მოინდომოს განათლების სისტემამ და გვყავდეს კომპეტენტური მასწავლებლები, რომლებსაც შესაბამისი განათლება ექნებათ“.
რთულია, არ დაეთანხმო ჩვენს ბოლო რესპონდენტს. მართლაც, უნდა არსებობდეს სახელმწიფოსგან ნება, გაძლიერდეს განათლების სისტემა, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული, მოქალაქის განათლების უფლება, მართლაც ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს და არ განისაზღვრებოდეს თუნდაც ძვირადღირებული რეპეტიტორის მიერ გაწეული შრომით დადებული შედეგით. ერთიანი ეროვნული გამოცდები კი დღეს ის გამოცდებია, სადაც სკოლადამთავრებულები არათანაბარ პირობებში არიან. „მე ვემზადებოდი უძლიერეს რეპეტიტორთან, რადგან მქონდა ამის შესაძლებლობა, შენ არა“ – ეს მოცემულობა კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება