ეჭვი მეპარება, 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენა – გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსმა განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა განათლების პროცესის მიმდინარეობაში. გახარიას თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ სასწავლო პროცესი უახლოეს პერიოდში აღდგეს. პრემიერის განცხადებით, განათლების უწყებას მიცემული აქვს დავალება წარმოადგინოს გეგმა როგორ უნდა აღდგეს ეს დანაკლისი.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონებში ბავშვებს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვთ და ონლაინ სწავლება იქ ვერ განხორციელდება.
“არსებობს გარკვეული ვადები, ჩვენ თუ შევძელით ამ გამოწვევას შემჭიდროვებულ ვადებში ვუპასუხოთ, რისიც მეეჭვება იმ ვადებზე, რა ვადებზეც საუბრობს განათლების სამინისტრო. განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი არ განახლდა სკოლებში, მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ არის გარკვეული სტანდარტები. განათლების სამინისტროს აქვს დავალება მიღებული, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა.
მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა გარკვეული იმედი ამის მაინც რჩება. განათლების სამინისიტროს დავალება მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგინოს გეგმა ეს დანაკლისი, როგორ უნდა აღდგეს. ის, რომ დისტანციურად ჩვენი განათლების სისტემა არ არის მზად სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება, ცალკეულად აღებული სკოლები უფრო მომზადებულები არიან ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ელემენტარულ ინტერნეტზე წვდომის კუთხით არის პრობლემა და ამიტომ ადეკვატურად უნდა შევაფასოთ სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს. ამიტომ აქ მარტივია, 26 აპრილამდე ჩვენ თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა მაშინ ერთი სცენარი გვაქვს, და 26 აპრილამდე თუ ვერ შევძელით, ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინოს განათლების სამინისტრომ”, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, ის ასევე ვერ ისაუბრებს, შეეხება თუ არა ცვლილება უმაღლესში მისაღები გამოცდების ვადებს.
“ამას ახლა ვერ გეტყვით, ამაზე მიმდინარეობს რამდენიმე სცენარზე მუშაობა, არსებობს დისტანციური სცენარი, რომელსაც თავისი გამოწვევები აქვს. აქ, მეორეს მხრივ, თუ ვირუსის პიკი ამ პერიოდს დაემთხვა, გაგრძელდა და ვერ გადავლახეთ დროზე, იქ გამოწვევები შეიძლება სხვადასხვა იყოს. დღეს ჩვენ ვემზადებით სხვადასხვა სცენარისთვის. მთავარი არის ის, რომ უკიდურესად მძიმე სცენარებიც არსებობს, რომელზეც სახელმწიფო მუშაობს. მთავარია, რომ მართვადი, მათ შორის განათლების სფეროში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამავე თემაზე:
სამინისტროს 17 მარტის დამატებითი ინსტრუქციები სკოლებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით
განათლების სამინისტროს ახალი ინსტრუქცია სკოლებსა და მშობლებს და ელექტრონული რესურსები
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი