EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა–ახალ წელს!
ძვირფასო მეგობრებო,
გვინდა მოგილოცოთ დამდეგი 2026 წელი და შობის დღესასწაული! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას, წარმატებებსა და წინსვლას თქვენს საქმიანობაში!
დიდი მადლობა ჩვენს ხელმომწერებსა და პარტნიორებს 2025 წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობისთვის, თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს თქვენი აქტიურობისთვის, დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოსაზრებების დაფიქსირებისა და საინტერესო შეფასებებისთვის.
დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს, ექსპერტებს, მრჩევლებსა და მეგობრებს, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და სისტემატური იქნება.
2025 წელი უდავოდ განათლების რეფორმის გამოცხადების წლად უნდა შეფასდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრის ფუნქციების ნაწილი შეითავსა და ნანატრი უმაღლესი განათლების რეფორმა გამოაცხადა, შვიდპუნქტიანი კონცეფციაც წარმოადგინა. დღეს პასუხგაუცემელი შეკითხვები პასუხებზე მეტია. აბიტურიენტებს კი ჩაბარება უკვე ახალი და ჯერჯერობით უცნობი პირობებით მოუწევთ.
ამავდროულად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაც წარმოადგინა, რომლის თანახმად, ბევრი სპეციალისტის აზრით, სკოლაში საშუალო განათლების საფეხურიდან ცოტა რამ რჩება. დაველოდოთ ოფიციალურ, წერილობით დეტალებს, – აქაც, ამ ეტაპზე, სრული გაურკვევლობაა.
რეფორმების გამოცხადებით მთავრობა თანმიმდევრულია და, ისევე როგორც ყველა სხვა ხელისუფალი, ძალაუფლებასა და საბიუჯეტო სახსრებზე ზრუნავს. სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი განათლების ხარისხით კმაყოფილია – რატომ არ უნდა სცადონ? დეტალები გზაში დაიხვეწება.
შეუძლია თითქმის მთლიანად „უნაყოფო“ და მოუქნელ განათლების სისტემას ამ ტვირთის აწევა? როგორც არ უნდა შევხედოთ, განათლების სისტემის რეფორმა საჭიროა, მაგრამ ამ შინაარსის? ასეთ რეკორდულ დროში და ასეთი მოუმზადებელი?
ახალი წელს კი წარსულში აპრობირებული, ნათელი მომავლის იმედით შეხვდეთ, თან, რეფორმის გამოცხადება ხომ მის აუცილებლად ბოლომდე შესრულებას არ ნიშნავს.
ძვირფასო მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, სტუდენტებო, აბიტურიენტებო და სკოლის მოსწავლეებო, მასწავლებლებო და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებო, განათლების განვითარებით დაინტერესებულო ადამიანებო – 2026 წელს, ჩვენ, როგორც ყოველთვის, აუცილებლად გავაშუქებთ თქვენთვის საინტერესო სიახლეებსა და ცვლილებებს განათლების სისტემაში, განათლების სამინისტროსა და მისი სტრუქტურების მიერ გამოცხადებული გეგმების შესრულების პროცესებსა და შედეგებს, ვიქნებით ოპერატიულები და ობიექტურები!
მადლობა, რომ ჩვენთან ხართ,
სიკეთის მომტანი იყოს თქვენთვის ახალი 2026 წელი, განათლებისთვის ნაყოფიერი ყოფილიყოს!
არის.ჯი – განათლების გუნდი.
-
რა შეიცვალა 2026 წლის აბიტურიენტებისთვის მათემატიკის პროგრამაში – სპეციალისტი სიახლეებს გვაცნობს და სასკოლო რეფორმას მიმოიხილავს
by განათლებული ბლოგი
-
„სამინისტროს დონეზე ხდება ხოლმე, რომ ყველა რეფორმა ან ფერხდება, ან მეტამორფოზას განიცდის, ან იცვლება და „კისერს იტეხს“
by განათლებული ბლოგი
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ შეძენას გეგმავს
by ARIS.GE-განათლება