ეს გზა 64 ჰარვარდამდე მიგვიყვანს? – საეტაპო ცვლილებებითა და პასუხგაუცემელი კითხვებით სავსე 2025 წელი განათლებაში
2025 წელი ის წელი აღმოჩნდა, როცა განათლება სიტყვა ეკონომიკაზე ხშირად ისმოდა ქვეყნის მმართველებისგან, წელი, როცა პრემიერ-მინისტრმა ნაწილობრივ განათლების მინისტრის მისიაც კი აიღო საკუთარ თავზე და უმაღლესი განათლების რეფორმის შემუშავებასა თუ მის დანერგვაში პირადად მონაწილეობს. შედეგებზე წინასწარი დასკვნების გაკეთებას არ ვიჩქარებთ, თუმცა ყველა საინტერესო მოვლენას, განცხადებას თუ დაპირებას შევაფასებთ.
საეტაპო სიახლეებით, უფასო განათლების დაპირებით, ექსპერიმენტებით, კითხვისნიშნებითა და პასუხგაუცემელი კითხვებით, შიშით და დაბნეულობით, ხიფათის მოლოდინით, „იქნებ ასე უკეთესი იყოს“ და „რაღა ჩემი შვილი გახდა თქვენი საცდელი ვირთხა“ განწყობებით სავსე 12 თვე. დიახ, ასე შეიძლება შეფასდეს მოკლედ 2025 წელი განათლების სისტემაში. ბევრი რამ ითქვა, ბევრიც გადაითქვა, ბუნდოვანებაც იყო და სინათლის სხივის იშვიათი გაელვებაც, სასკოლო თუ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
წლის ბოლოს, ყოველთვის ვფიქრობთ – რა მივიღეთ ამ წლისგან განათლებაში, ან რა დავკარგეთ, ვეცნობით სიახლეებს, ვუსმენთ სფეროში ჩახედული ადამიანების მოსაზრებებს, თუმცა რა უნდა თქვან მათ ისეთი, რაც მოსწავლემ, მასწავლებელმა, მშობელმა, სტუდენტმა, პროფესორ-მასწავლებელმა, საკუთარი გამოცდილების გააზრებით, არ იციან.
„განათლების ამ რეფორმით ისტორიაში აუცილებლად შევალთ, როგორც რეფორმატორები“, „უმაღლესების ავტონომიურობა დაკარგულია“, „სკოლაში საშუალო საფეხური აღარ არსებობს“, „რატომ ნიშნავს მოკლე განათლება ხარისხიან განათლებას?“ – რა ფრაზები აღარ მოვისმინეთ და ვეთანხმებით თუ არა მათ ავტორებს, ფაქტი ერთია, 2025 წელი არის წელი, როცა: თუ მოსწავლე ხარ, ისევ არ იცი, როდის ამოქმედდება უფასო სასკოლო კვება, სამაგიეროდ იცი, რომ სკოლაში ყოველი ახალი დღე ჰიმნით დაიწყება;
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი
თუ აბიტურიენტი ხარ, უმაღლეს განათლებაში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ ვეღარ გაგირკვევია, სად და რაზე შეძლებ სწავლის გაგრძელებას, რადგან შენ რომ გსურდა, ის პროგრამა იმ სახელმწიფო უნივერისტეტში იქნება თუ არა, არ იცი, არც არავინ იცის. არადა, მისაღები გამოცდებისთვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამების სიის შედგენა, ფაქტობრივად, კარზე მოგადგა. სამაგიეროდ იცი, რომ თუ გაგიმართლებს და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდები, ბაკალავრის, ან მაგისტრატურის საფეხურზე, შენთვის სწავლა უფასო იქნება;
თუ პროფესორი ხარ, ის, რაც აქამდე გარანტირებული გეგონა, ახლა ხვდები, რომ სულაც არ ყოფილა მუდმივი და უცვლელი. უფრო მეტიც, გეუბნებიან, რომ ფაკულტეტი, რომელზეც შენ ასწავლი, უქმდება და აქედან გამომდინარე, არავინ უწყის, შეინარჩუნებ თუ არა უნივერსიტეტში ადგილს, ან თუ შეინარჩუნებ – როგორ?! ამის სანაცვლოდ, იცი, რომ მთავრობა შენი ხელფასის გაზრდაზეა ორინეტირებული და „სანთლით საძებარის“ სტატუსსაც განიჭებს.
ეს ჩამონათვალი აქ არ/ვერ მთავრდება, გაგრძელებაც შეიძლება, მაგრამ ახლა გვსურს, რომ 2025 წლის მთავარი მოვლენები თქვენთან ერთად გავიხსენოთ.
მაშ ასე, დავიწყოთ:
გაუქმებული სსიპ-ები და ტრადიციული საკადრო ცვლილებები, რომლებიც კადრებად დაგვამახსოვრდა
2025 წელი, საკადრო ცვლილებების მიხედვით, წინამორბედ წლებს თუ არ უსწრებდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა. ბოლო წლების ტრადიცია არც ამ წელს დარღვეულა და ცვლილება განათლების უწყების ხელმძღვანელ პირსაც შეეხო. 30 ივნისს, ალექსანდრე წულაძე 272-დღიანი მინისტრობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. უმაღლესი რანგიდან დამშვიდობება მშრალი იყო, უბრიფინგო. განათლების სამინისტრომ მხოლოდ ალექსანდრე წულაძის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ის წასვლის მიზეზად პირად გადაწყვეტილებას ასახელებდა.
სამაგიეროდ, მის შემცვლელს მიუძღვნეს ბრიფინგი, რომელიც იმავე დღეს გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების სამინისტროს პირველი პირის პორტფელს „იდეალურ კანდიდატს ამ პოსტზე“ – გივი მიქანაძეს აბარებდა. როგორც ხდება ხოლმე, ამ სიახლეს, ცვლილებათა ჯაჭვი მოჰყვა – პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი, რომელსაც გივი მიქანაძე მინისტრობამდე იკავებდა, ვაკანტური გახდა. 2 ივლისს კი საკანონმდებლო ორგანომ, ამ პოსტზე, 81 ხმით მარიამ ლაშხი დაამტკიცა.
ცვლილებები მინისტრის მოადგილეების დონეზეც განხორციელდა. ალექსანდრე წულაძეს 6 მოადგილე ჰყავდა, თუმცა გივი მიქანაძის პირობებში, მოადგილეების რაოდენობა 4-მდე შემცირდა. ახალმა განათლების მინისტრმა 2 მოადგილე – ბაია კვიციანი და თამარ მახარაშვილი უცვლელი დატოვა, 2 ახალ მოადგილედ კი ლევან ღირსიაშვილი [პირველი მოადგილე] და ზვიად გაბისონია დანიშნა.
წელს ცვლილებების გარეშე არ ჩაუვლია სსიპ-ების დონეზეც. ასე მაგალითად: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ხელმძღვანელად ეკატერინე ხუციშვილი კი თავად განათლების მინისტრმა წარუდგინა. საკადრო ცვლილება შეეხო თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსაც, რომელსაც ნოემბრის დასაწყისიდან, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, გურამ ოქროპირიძე ხელმძღვანელობს.
1-ელი სექტემბრიდან გაუქმდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო – „ესიდა“. საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი სსიპ-ის გაუქმების შემდეგ, მისი უფლებამოსილებები სამ უწყებას – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გადაეცათ.
24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება განათლების საერთაშორისო ცენტრიც, რომლის ფუნქციასაც განათლების სამინისტრო შეითავსებს. ამავე დღეს, გივი მიქანაძის უწყებამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და საზოგადოებას „რეორგანიზაციის ფარგლებში“ დაგეგმილი მეტი სტრუქტურული ცვლილების შესახებ აუწყა. ცვლილებების მიხედვით: სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს; ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს; ამასთან, უწყების ცენტრალურ აპარატში ახალი სტრუქტურული ერთეული – სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი შეიქმნა.
სიახლეები იყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ხმაურიანი პროტესტის ფონზე, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი, ტიტე აროშიძე გახდა. კიდევ ერთი ხმაურიანი ცვლილება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განხორციელდა, როდესაც მისმა რექტორმა, გიორგი ხუბუამ 1-ელ მაისს, სოციალურ ქსელში თანამდებობის დატოვების შესახებ დაწერა.
შეცდომა და შეცდომის აღიარება – 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიპეტიები და ცვლილება პროგრამაში წლის მიწურულს
ივლისის პირველ რიცხვებში, ზაფხულის გამოცდების დაწყებასთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის ყველაზე „ცხელი“ პერიოდიც დაიწყო და თითქმის ერთი თვე გაგრძელდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ოფიციალური მონაცემებით, ზაფხულის გამოცდებში მონაწილე აპლიკანტების საერთო რაოდენობამ – ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის ჩასაბარებლად წელს 80 ათასს მიაღწია. აქედან 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი, 2 400-ზე მეტი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილე, 10 000-ზე მეტი საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველი იყო, მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირებულთა რიცხვმა კი 24 300-ს გადააჭარბა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3-22 ივლისს მიმდინარეობდა. საგამოცდო ციებ-ცხელება, არც საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ განელებულა. აბიტურიენტების ნაწილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტით უკმაყოფილო იყო და NAEC-ს შეცდომის აღიარებას სთხოვდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოთხოვნა გაითვალისწინა, შეცდომა აღიარა და ტესტის ერთ-ერთ დავალებაში, გაცემული პასუხის მიუხედავად, ყველა გამოსაცდელს 1 ქულა მიანიჭა. გამოცდების დასრულებიდან, დაახლოებით, 2 თვეში, უფრო ზუსტად კი 26 აგვისტოს გავიგეთ, რომ სტუდენტი 31 704 აბიტურიენტი გახდა.
წელსაც, როგორც ეს გასულ წლებშიც მომხდარა, არაერთხელ გააქტიურდა საუბარი მისაღები გამოცდების სისტემასთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოებაში კითხვებიც გააჩინა და დაბნეულობაც გამოიწვია. ყველაფერი კი ზაფხულში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული და ამჟამად მივიწყებული ინიციატივით დაიწყო, რომლის მიხედვითაც, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალი მოდელი მუშავდებოდა და რომ უკვე შემუშავდა უმაღლესში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია. კონცეფცია ითვალისწინებდა ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავდა მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავდა. დამეთანხმებით, ეს ფრაზები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისაღები გამოცდების დონეზე, სულ მცირე, ცვლილებები იქნებოდა, თუ ძირეული ცვლილებები არა. თუმცა, განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ დაგვარწმუნა, რომ ამ ეტაპზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვა ტიპის გამოცდებით ჩანაცვლება არ იგეგმება.
2025 წლის მიწურულს გამოცდების ცენტრმა 2026 წლის აბიტურიენტებს, თითქოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დააკლო, კიდევ ერთი სიურპრიზი გაუკეთა და ქართულის საგამოცდო პროგრამაში ყველა ის საკითხი დააბრუნა, რომელთა ჩამონათვალიდან ამოღებამაც გასულ წელს საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოწვია. საკითხები დაემატა მათემატიკის საგამოცდო პროგრამასაც.
ისევ მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემა და ისევ ხელფასები – ანუ, როცა ვნებათაღელვის მიზეზები არ ილევა
2025-მა წელმა გვაჩვენა, რომ განათლებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ არის გამორიცხული, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაანონსებულ ძირეულ ცვლილებებს ელოდებოდე, მაგრამ ახალი მოდელის ნაცვლად, სქემის განახლების ახალი თარიღი შემოგაჩეჩონ, შემდეგ სქემის გაყოფა დაგეგმონ, ბოლოს კი მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის დრო კიდევ ერთხელ, მომავალი წლისთვის გადაწიონ, თუმცა დათქმულ დრომდე, სულ სხვა მოდელი შემოგთავაზონ და მის დასამტკიცებლად ახალი თარიღიც დაგითქვან.
მასწავლებელთა ახალი სქემის პროექტი სკოლებს გადაეგზავნათ – EDU.ARIS.GE დოკუმენტს გიზიარებთ
აი, როგორ განვითარდა მოვლენები. ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ძირეულად განახლდებოდა და ახალი მოდელი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე, სპეციალური ჯგუფის მიერ შემუშავდებოდა, 2024 წლის ზაფხულში გავიგეთ. მიმდინარე წლის იანვარში კი შევიტყვეთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაზე მუშაობა აქამდე გაცხადებულ ვადაში ვერ დასრულდა და ამის გამო მთავრობის დადგენილების ცვლილებაც გახდა აუცილებელი. კერძოდ, თუკი სქემის ზოგიერთი მუხლი, რომელიც მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და სტატუსის ცვლილებას ეხებოდა, 1-ელ იანვრამდე იყო შეჩერებული, ახალი დადეგენილებით, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე შეჩერდა.
ამავე თარიღში ელოდა სასკოლო საზოგადოება განათლების იმდროინდელი მინისტრის, ალექსანდრე წულაძის მიერ დააანონსებულ გეგმას – სქემის ორად გაყოფას, თუმცა 30 ივნისს, იმ დღეს, როცა ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა, გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება, საიდანაც გაირკვა, რომ მასწავლებელთა სქემაში არათუ ცვლილებები შევიდოდა, არამედ ახალი სქემის შექმნის დრო 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწეოდა და სტატუსის ცვლილების გზების შესახებ სქემის ზოგიერთი მუხლი მთლიანად შეჩერდებოდა. ბრძანების საფუძველზე შეჩერდა მათ შორის ისეთი მუხლების მოქმედება, როგორიცაა: წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება და ა.შ.
ასეთ გაურკვევლობაში გაატარა მასწავლებლების ნაწილმა თითქმის მთელი წელი, ვიდრე წლის მიწურულს, განათლების სამინისტრომ სასკოლო საზოგადოებას მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო პროექტი არ შესთავაზა და არაერთი კითხვაც გააჩინა. კონცეფციაში პედაგოგებისთვის სასიხარული, ალბათ, ის არის, რომ კარიერული წინსვლისთვის გამოცდების ჩაბარების ვალდებულება ნახსენები არსად არის და მათ მიერ სტატუსის ცვლილებას (წამყვანი-მენტორი) სკოლისა და რესურცენტრების დონეზე შექმნილი სპეციალური წარმომდგენლობითი კომისიები გადაწყვეტენ. ახლა უკვე ამ სქემის დამტკიცებას მოელის სასკოლო საზოგადოება 2026 წლის იანვარში.
ამ წელს, არანაკლები ვნებათაღელვა ხელფასების მომატება-არ მომატების საკითხმაც გამოიწვია. მთავარი კითხვა, რომელიც ამ მიმართულებით მასწავლებლებს ჰქონდათ, იყო – იქნებოდა თუ არა მომავალი, 2026 წლის ბიუჯეტით ხელფასების ზრდა გათვალისწინებული. სასკოლო საზოგადოების ცნობისმოყვარეობა ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ამ პასუხით დააკმაყოფილა: „ხელფასების ზრდა ორი წლის წინ მოხდა ძალიან სერიოზულად. 1 600-1 700 ლარია მასწავლებლის საშუალო ხელფასი, ხოლო სრული დატვირთვის შემთხვევაში, მასწავლებლები 2 500-2 600 ლარსაც იღებენ ერთი სკოლის ფარგლებში“. ვისაც გჯერათ, გაგატარებთ.
იმაზე, რომ პედაგოგების შრომა ღირსეულ დაფასებას მოითხოვს, ყველა თანხმდება – პრემიერ-მინისტრიც, განათლების მინისტრიც და ამას საჯარო განცხადებებშიც არ მალავენ, თუმცა როგორც ჩანს, შრომის ღირსეულ დაფასებაში ხელფასის მატებას სულაც არ გულისხმობენ. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ 2026 წლის ბიუჯეტით მასწავლებელთა ხელფასების ზრდა განსაზღვრული არ იყო, გივი მიქანაძემ უკმაყოფილო მასწავლებლების დამშვიდება ასე სცადა: „პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა გარკვეულ სქემასთან უნდა იყოს დაკავშირებული და ეს სქემა შესამუშავებელია“ და რომ „გასულ წელს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა ხელფასებთან მიმართებით, ეს იყო, დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა და პედაგოგები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ 2026 წლის საბიუჯეტო მოცემულობაში შემდგომი ზრდა ვერ იქნებოდა გათვალისწინებული“.
სკოლის მასწავლებლებს არა, თუმცა მომავალი წლიდან ხელფასი, 10%-ის ნაცვლად, 20%-ით გაეზრდებათ საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით კი, სკოლამდელ და ზოგად განათლებაში – 1 885,9 მლნ ლარი დაიხარჯება, მთლიანად მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის დაფინანსება კი 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი იქნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან გაუქმდა სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, რომლის ფუნქციებიც გადანაწილდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროებზე, 2025 წელს განათლების სამინისტროსათვის გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსება 2026 წელს ზემოაღნიშნულ სამინისტროებშია გადანაწილებული. შესაბამისად, როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, „ჯამურად, აღნიშნული პროგრამების ჩათვლით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისთვის განკუთვნილი თანხები 2026 წელს, 3 მილიარდ 345 მილიონ ლარს შეადგენს“.
უფასო უმაღლესი განათლება, ქართული უმაღლესი განათლების საერთაშორისო აღიარების დაკარგვის საფრთხე და გზა 64 ჰარვარდამდე?!
დიახ, სწორად მიხვდი, ჩვენო მკითხველო – ეს ქვეთავი უმაღლესი განათლების ჯერ არნახულ რეფორმას ეძღვნება. დაგვეთანხმებით, მთავრობის მიერ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში დაგეგმილი ყველა სიახლის ერთი ქვესათაურის ქვეშ ჩატევა ცოტა რთულია, მაგრამ თუ პარლამენტმა რეფორმის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტის მოსმენა, განხილვა, კენჭისყრა და დამტკიცება ორ დღეში თავისუფლად შეძლო, მათ შესახებ მოყოლა ამ ქვეთავში იქნებ არც ჩვენ გაგვიჭირდეს.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის აუცილებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში გააქტიურდა – მაშინ, როცა 20 იანვრის მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საუნივერსიტეტო განათლებას ხარისხი დაუწუნა და „ევროპული ხარისხის“ მისაღწევად რეფორმის გატარება განიზრახა. ამ მიზნით, მისი თავმჯდომარეობით, სამთავრობო კომისიაც შეიქმნა და გაირკვა, რომ სტუდენტური ცხოვრების წესებს, იმდროინდელ განათლების მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან [შემდეგ გივი მიქანაძესთან] ერთად, თბილისის მერი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, იუსტიციის, ფინანსთა, სპორტის მინისტრები და ყოფილი ძალოვანი მინისტრი განსაზღვრავდნენ.
„ამბიციური ამოცანის“ დასახვიდან რამდენიმე თვეში, უფრო ზუსტად კი 27 ივნისს, პრემიერ-მინისტრისგან ისიც გავიგეთ, რომ მთავრობა რეფორმის კონცეფციას ერთ თვეში – ანუ, ივლისის ბოლოს წარადგენდა. ანონსს რეანონსი მოჰყვა და ახლა უკვე 20 აგვისტოს, იმავე პრემიერ-მინისტრმა ვადა „ახლო მომავალში“ გადაწია. „ახლო მომავალი“ 16 ოქტომბერს დადგა, როცა საზოგადოებამ, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, საუნივერსიტეტო რეფორმის შესახებ მთავრობის გეგმა, როგორც იქნა, მოისმინა.
რა არ მოგვისმენია და რა რეფორმაზე არ გვიტრიალია წისქვილის ქვასავით, მაგრამ „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ ნამდვილად პირველად მოვისმინეთ.
„უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია“ – ასე უწოდეს ავტორებმა პრეზენტაციაზე „თვისობრივ“ სიახლეებს, მათ დასანერგად კი 7 მთავარი გამოწვევა დააიდენტიფიცირეს და ამდენივე ამოცანა დაასახელეს. გავიგეთ ისიც, რომ უნივერსიტეტებში არც არსებული საკადრო პოლიტიკა მოსწონდათ და არც დაფინანსების მოდელი. იმაზე, რაც ვერ გავიგეთ და რამაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია, რეფორმის ავტორებმა მოგვიანებით ისაუბრეს – კრიტიკას კრიტიკით უპასუხეს და არც ის აღიარეს, რომ პრეზენტაციაზე გაჟღერებული ზოგიერთი თავდაპირველი გადაწყვეტილება სწორედ სპეციალისტების უარყოფითი დამოკიდებულების შემდეგ, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, შეცვალეს.
მაგალითად: 3+1 პრინციპი 3+1+1-ით შეიცვალა. არ გეგონოთ, რომ მოსწავლის სასკოლო დავალებას ვასრულებთ მათემატიკაში. ასეთია უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე [ბაკალავრიატი, მაგისტრატურა] სწავლებისთვის საქართველოს მთავრობის არითმეტიკა, რომელიც არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
გიამბობთ: თავდაპირველად ითქვა, რომ საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, დაინერგებოდა 3+1 სისტემა, რომელიც 3-წლიან ბაკალავრიატსა და 1-წლიან მაგისტრატურას გულისხმობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ სტუდენტს დოქტორანტურაზე [მესამე საფეხურზე] სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრატურის ფარგლებში გარკვეული რაოდენობის კრედიტები სჭირდება და რომ ამ ოდენობის დაგროვებას ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, მეორე საფეხურს კიდევ ერთი წელი დაამატეს. ასე მივედით 3+1 სისტემიდან 3+1+1-მდე. თუმცა, აქაც დამატებითი განმარტებაა საჭირო: მაგისტრატურა 1-წლიანი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც პროფესიული მიმართულებით სწავლობენ, ხოლო 1+1, ანუ 2 წელი ისწავლიან მაგისტრატურაში სტუდენტები, თუ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას აპირებენ. ეს ცვლილება უკვე ძალაშია და უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლიდან უნდა ამოქმედდეს.
რატომ „არა“ უმაღლესი განათლების რეფორმას? – სიმონ ჯანაშიას მოსაზრება
პრეზენტაციაზე ასევე გავიგეთ, რომ საქართველოში მოქმედ 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში დაინერგება პრინციპი – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ და რომ ეს „უნივერსიტეტების ტრადიციული ფუნქციის გათვალისწინებით და მათი ისტორიული გამოცდილების შესაბამისად“ მოხდება. ასევე, სახელმწიფო უნივერსიტეტებს აეკრძალებათ უცხოელი სტუდენტების მიღება. რეფორმის ავტორებმა გვითხრეს, რომ იქნება ორი ძირითადი კერა – ქუთაისი და თბილისი, პლუს რუსთავი, რომელიც დაფარავს აბსოლუტურად ყველა სპეციალობას, რასაც ზოგადად, უმაღლესი განათლების სისტემა მოიაზრებს.
განსხვავებული ვითარება იქნება რეგიონულ სახელმწიფო უმაღლესებში, სადაც სტუდენტი სწავლას მხოლოდ რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე შეძლებს, ანუ 5 რეგიონული უნივერსიტეტი [ბათუმის, თელავის, ახალციხის, გორისა და ზუგდიდის] თავისი შინაარსით, პროფილური გახდება. ცვლილების დაანონსების კვალდაკვალ, რეფორმის ავტორებმა დაგვამშვიდეს, რომ ფაკულტეტების შემცირება თუ სრულად გაქრობა პროფესორების სამსახურიდან გაშვებას არ გამოიწვევს, უფრო პირიქით – პროფესორები სანთლით იქნება საძებარიო. თუმცა, რა ლოგიკით, არავინ იცის – „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“.
პროფესორ-მასწავლებლებისა თუ უშუალოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ პირთა გარდა, ამ სიახლემ დაბნეულობასთან ერთად, დიდი გაურკვევლობა წლევანდელ აბიტურიენტებშიც [პირები, რომლებიც მომავალ წელს სტუდენტები გახდებიან] გამოიწვია, რადგან როგორც გაირკვა, რეფორმის ამ ნაწილის ამოქმედებას საკუთარ თავზე პირველად სწორედ ისინი გამოცდიან. მაშინ, როცა სულ რაღაც 2 თვეში [თებერვალში], აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად უნივერსიტეტებისა და პროგრამების ჩამონათვალი უნდა შეადგინონ, განათლების სამინისტრო საზოგადოების „ინფორმირების მიზნით“ ამბობს, რომ უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს სწორედ ახლა მართავს, შეხვედრებზე კი უნდა გადაწყდეს, რომელ უნივერსიტეტს, რა ფაკულტეტი დარჩება. რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, არავინ იცის – ისევ ვერაფრით გაგახარეთ.
პრეზენტაციიდან არაერთი დღე იყო გასული, რომ ჯერ განათლების მინისტრმა შემოგვაპარა დაბალი ხმით – „ახლადჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ფაქტობრივად უფასო იქნებაო“ და მეორე დღეს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკვე საქართველოს კუთხე-კუნჭულებს გააგებინეს საეტაპო ცვლილება: „სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება!“. დეტალებს ნუ გვკითხავთ, ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ უნივერსიტეტი დაფინანსებას კონკრეტული ფორმულით მიიღებს, კერძო უნივერსიტეტების ბედი კი სახელმწიფო დაფინანსების მიღების მხრივ, მკვეთრად ბუნდოვანია.
უმაღლესი განათლების რეფორმის მრავალკომპონენტიანი კონცეფციის კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ მთავრობა არამარტო საგანმანათლებლო პროგრამების ბედს, არამედ, შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების რაოდენობასაც გადაწყვეტს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ 40 ჟურნალისტია საჭირო, თქვენ 41-ე, რომელიც სახელმწიფო უმაღლესში ამ პროფესიას დაეუფლება, ვერ იქნებით, რადგან სახელმწიფო დაკვეთა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი, როგორც ერთი აბიტურიენტის, სურვილი.
გამოიწვევს თუ არა ეს სტუდენტების რაოდენობის ცვლილებას და როგორ – ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა არითმეტიკაში დაკარგვის „შესაშური“ მაგალითი გვაჩვენა და აი, როგორ: ირაკლი კობახიძემ 26 ნოემბერს, განაცხადა, რომ სტუდენტთა საერთო რაოდენობა 150 ათასიდან 110 ათასამდე უნდა შემცირდეს. 6 დეკემბერს აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება. 10 დეკემბერს კი მანვე გვითხრა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების არსებითი ზრდა გვექნება. როცა რეფორმის ავტორები არ/ვერ გვიზუსტებენ, გაიზრდება, შემცირდება თუ იგივე დარჩება სტუდენტთა რაოდენობა, ჩვენ – „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“. პრემიერ-მინისტრის 23 დეკემბერს გაკეთებული განცხადებით დაგაიმედებთ: „რაც შეეხება მისაღებ კონტინგენტს, გასულ წელს 31 000 სტუდენტი მიიღო საუნივერსიტეტო სისტემამ და ეს რაოდენობა არ შეიცვლება. სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, რაც იყო მისაღები კონტინგენტი, დარჩება იგივე. რაც შეეხება ავტონომიას, ავტონომიაც დარჩება“, – განაცხადა პრემიერმა.
ის, რითაც ამ რეფორმის ფარგლებში, მთავრობა განსაკუთრებით ამაყობს, გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის მიღებიდან და შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტების ყველა სტუდენტისთვის როგორც ბაკალავრიატზე, ისე მაგისტრატურაზე სწავლა უფასო იქნება. ამავე რეფორმის ფარგლებში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქებიც უნდა აშენდეს.
გვპირდებიან, რომ ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები ქუთაისში დამატებით 20 ათას სტუდენტს მოემსახურება, რუსთავი კი 40 ათასი სტუდენტის მიღებას შეძლებს. რეფორმის ავტორების მოსაზრებით, ამით გადაწყდება კონცეფციაში ნომერ პირველ გამოწვევად დასახელებული საკითხი, რომელიც თბილისში სტუდენტთა ჭარბ [85%-იან) კონცენტრაციას გულისხმობს. თუმცა, იმ ბევრ საკითხთა შორის, რაც რეფორმის კონცეფციის წარდგენიდან 2 თვის შემდეგაც კი ვერ გადაწყდა, სტუდენტთა მობილობის საკითხი და კერძო უნივერსიტეტების ბედია [45 უნივერსიტეტი]. შეძლებს თუ არა სტუდენტი სახელმწიფო უმაღლესიდან კერძოში და პირიქით, მობილობით გადასვლას, შეუნარჩუნდება თუ არა რაიმე ფორმით მაინც სახელმწიფო დაფინანსება, დღეს არსებული საგრანტო მოდელის გაუქმების შემდეგ, რა ბედი ელის, ზოგადად, კერძო უნივერსიტეტებს, რა პრინციპით დაფინანსდებიან, გაზრდიან თუ არა და რამდენად სწავლის საფასურს – ამ დრომდე უცნობია. რაც ყველასთვის ცნობილია, არის ის, რომ რეფორმა ორეტაპიანი იქნება – პირველი ფაზა მომავალი წლის სექტემბრამდე განხორციელდება, მეორე კი 4-5-წლიან პერიოდზეა გათვლილი.
უმაღლესი განათლების რეფორმაზე საზოგადოებისა და განათლების სპეციალისტების დიდი ნაწილის გამოეხმაურებები კრიტიკულია, თუმცა, რეფორმის ავტორებისთვის მათი განცხადებები „ცარიელი, ხისტი და მშრალია“. „რომელიმე გამოწვევას თუ არ ეთანხმებიან, 7 გამოწვევა გვაქვს განსაზღვრული, მაშინ თქვან, რომ დღეს გვაქვს 64 ჰარვარდი საქართველოში“ – ასე პასუხობს კრიტიკოსებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პირობას დებს, რომ რეფორმა ბოლომდე განხორციელდება. დაზუსტებისთვის აღვნიშნავთ, რომ სწორედ მისი ეს განცხადება გახდა ჩვენთვის შთამაგონებელი, ამ ქვეთავისთვის – „გზა 64 ჰარვარდამდე?!“ დაგვერქმია. დრო გვიჩვენებს, მიგვიყვანს კი რეფორმის ეს გზა 64 ჰარვარდამდე…
ეს ყოველივე ქართული უმაღლესი განათლების ხარისხის საერთაშორისო აღიარების დაკარგვის არსებული საფრთხის პარალელურად ხდება. ქართულმა მხარემ, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ, 2025 წლის 11 აპრილს საპასუხო წერილი მიიღო, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მთლიანობაში არ შეესაბამება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში და ხარისხის ცენტრის სტატუსი ამჟამად არის – „ENQA-ს წევრი გადახედვის ქვეშ“.
უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვითარების გამოსწორებას საქართვლოს პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის შეხვედრა გამოასწორებს, რომელიც ENQA-ის და EQAR-ის პრეზიდენტებთან გაიმართა.
სკოლა, სკოლამ, სკოლას, სკოლის, სკოლით, სკოლად, სკოლავ…
მიმდინარე წელს, სიახლეები არამარტო უმაღლეს, არამედ ზოგად განათლებაშიც დაგვიანონსეს. იმაზე, რომ სასკოლო ცხოვრებაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდებოდა, ჯერ კიდევ 27 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა. საყურადღებოა, რომ ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის შეცვლამდე 3 დღით ადრე გააკეთა. თავად მინისტრს ზოგადი განათლების მიმართულებით ახალი ხედვა ჰქონდა, რომელიც როგორც მისი უწყება იტყობინებოდა, სასკოლო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც კი წარუდგინა. თუმცა, ალექსანდრე წულაძის ხედვა მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ აღარავის უხსენებია [ალბათ, არც გახსენებია]. ზოგად განათლებაში კი რეფორმის აუცილებლობაზე საუბარი უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენისას გააქტიურდა და მისი საჭიროებაც უმაღლეს და პროფესიულ განათლებასთან ბმით აიხსნა. სასკოლო ცხოვრებაში დაგეგმილი ცვლილებები განათლების ახალმა მინისტრმა, გივი მიქანაძემ საზოგადოებას 2 დეკემბერს გააცნო, სიახლეებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია უწოდა და 8 მთავარი გამოწვევა გამოყო, ასევე, მათი გადაჭრის 8 ამოცანა დასახა.
უნდა ითქვას, რომ საზოგადოება უმაღლესი განათლების სიახლეებით გამოწვეული „შოკისგან“ ჯერ კიდევ არ იყო გამოსული, როდესაც სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული ცვლილებებიც წამოეწია. მათგან რამდენიმემ კი, სპეციალისტებისა და იმ ადამიანების, ვისაც რეფორმა უშუალოდ შეეხება, კრიტიკა და გულისწყრომა გამოიწვია.
ერთ-ერთი ასეთი სიახლე იყო მე-12 კლასის სრულად გაუქმება, რომელზეც განაცხადი ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს, უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე გაკეთდა. გაუქმების ძირითად მიზეზად დასახელდა ის, რომ მე-12-კლასელები სკოლაში ისედაც არ დადიან, სკოლასა და მისაღები გამოცდებისთვის რეპეტიტორებთან მომზადებას შორის კი არჩევანს რეპეტიტორზე აკეთებენ.
განათლების სპეციალისტები ამ სიახლის „ბოლონიის პროცესთან“ შეუთავსებლობაზე საუბრობდნენ და ხელისუფლებას ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის პირველივე კურსიდან გაგრძელების შანსის წართმევაში ადანაშაულებდნენ. არ ვიცით, მთავრობის მიერ ამ სიახლეზე საუბარი საზოგადოებისთვის „კბილის მოსინჯვა“ იყო, თუ კრიტიკამ იმოქმედა, მაგრამ ფაქტია, რომ ის, რაც ითქვა, მალევე გადაითქვა და დაზუსტდა, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს საჯარო სკოლებში, ასევე კერძოში, მე-12 კლასში სწავლა ნებაყოფლობითი იქნება და საზღვარგარეთ პირველივე კურსიდან უმაღლესი განათლების მიღების მსურველები 12-წლიანი სასწავლო პროგრამის გავლას წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შეძლებენ, თუმცა ამის შესაძლებლობა ყველას მის მშობლიურ სკოლაში არ ექნება – მე-12 კლასები სკოლების მხოლოდ გარკვეულ ნაწილში გაიხსნება. რეგისტრაცია ყოველი წლის მარტში გაიმართება. დარეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით კი გადაწყდება, რომელი მუნიციპალიტეტისა თუ ქალაქის რამდენ საჯარო სკოლაში შეძლებენ მოსწავლეები მე-12 კლასის დამთავრებას.
რაც შეეხება 11-წლიან სწავლებას, მას მთავრობა სრულად ემხრობა და აცხადებს, რომ საკითხზე – შესაძლებელია თუ არა, 11 წელში სასწავლო პროგრამის სრულად ათვისება, სპეციალისტების აზრიც მოისმინა, მათ შორის კი უარყოფითი განწყობა არავის დაუფიქსირებია. ვიდრე ნათელი გახდებოდა, როდიდან ამოქმედდება ეს სიახლე, სასკოლო საზოგადოება, განსაკუთრებით მოსწავლეები და მათი მშობლები დიდმა გაურკვევლობამ მოიცვა. დაგვეთანხმებით, რთულია, როცა მე-11 კლასში სწავლობ და უცებ, გეუბნებიან, რომ სწავლა 11-წლიანი ხდება. გამოდის, უმაღლესში მისაღებ გამოცდებზე, შესაძლოა, ისე აღმოჩნდე, რომ ამ გამოცდებისთვის მომზადებაც ვერ მოასწრო. თუმცა, მალევე გივი მიქანაძისგან გავიგეთ, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში 11-კლასიანი სწავლება 2027-2028 სასწავლო წლიდან დაიწყება. აქვე მანვე დააზუსტა, რომ მე-11 კლასის დამთავრება მოუწევთ მათ, ვინც ახლა მე-9 [და ქვედა კლასებში] სწავლობს. რომ გვეგონა, რომ ყველაფერი ცხადი იყო, ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. ამ გეგმით, 2027-2028 სასწავლო წელს, დღევანდელი მეცხრე და მეათეკლასელები მე-11 და მე-12 კლასებს ერთად დაამთავრებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ წელს ეროვნული გამოცდებზე, სავარაუდოდ, გაზრდილი კონუკრენცია იქნება, თან იმ პირობებში, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას მთავრობა განსაზღვრავს.
ამ ფონზე, ზოგიერთისთვის იმედისმომცემი სიახლე იყო ზოგადი განათლების რეფორმის კიდევ ერთი დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი დაინერგება. რეფორმის ავტორების მოსაზრებით, ოჯახებს ფინანსური წნეხი აღარ ექნებათ, თუკი მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ მოემზადებიან კერძო რეპეტიტორებთან და სკოლაში ისწავლიან მხოლოდ იმ საგნებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
ცვლილებების ნუსხა ამით არ მთავრდება – განათლების სამინისტრომ რეფორმის კონცეფციის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად სასწავლო რესურსები დაასახელა და გვითხრა, რომ არალიბერალური სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის ორგანიზებას საკუთარ თავზე აიღებს. აი, რა გვითხრეს კონცეფციაში: „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემისთვის – გარანტირებულად გაზრდის ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, გაამარტივებს მოსწავლის ადაპტაციას მობილობის პროცესში, უზრუნველყოფს სწავლის საფეხურებსა და საგანთა შორის ძლიერ კავშირებს“. საკითხი გადაწყვეტილია – ყველა სკოლის მოსწავლე, ერთსა და იმავე კლასში, ერთი და იგივე წიგნით ისწავლის, თუმცა ვინ იქნებიან ის ახალი ავტორები, რომლებიც წიგნებს წინამორბედებზე უკეთ დაწერენ, უცნობია.
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთი წლის წინ მიღებული კანონი, სავალდებულო სასკოლო განათლების ცხრიდან ათწლიანამდე გაზრდის შესახებ, ისევ შეიცვლება. ცვლილება შემდეგნაირი იქნება: დაწყებითი – I-VI, საბაზო – VII-IX და საშუალო საფეხური X – XI კლასები იქნება. აქ ისმის კითხვა: თუკი მე-11 კლასი რეპეტიტორიუმს დაეთმობა, მე-12 კლასი კი მხოლოდ არჩევითი იქნება, რა დაგვრჩება საშუალო საფეხურზე, რომელიც მხოლოდ მეათე კლასით უნდა შემოიფარგლოს? – პასუხი რთულიც არის და მარტივიც, ახალ სისტემაზე მორგებული ეროვნული სასწავლო გეგმა ჯერ არავის უნახავს, იქნებ არც გახდეს საჭირო… თუ მარტივი პასუხიც გაინტერესებთ – არც არაფერი დაგვრჩენია საშუალო საფეხურიდან.
ცვლილებები შეეხება სასკოლო ჩაცმულობასაც, რაზეც რეფორმის ავტორების ოფიციალურ განცხადებამდე EDU.ARIS.GE არაერთხელ წერდა, საზოგადოებისა და თუ დაგეგმილი სიახლეების მთავარი ადრესატების – მოსწავლეების აზრის გაგების მიზნით, გამოკითხვასაც აწარმოებდა და მასალებს პერიოდულად აქვეყნებდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან, I-VI კლასებში სასკოლო ფორმები სავალდებულო გახდება, რაზეც ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით შეგვიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულად თბილისში, „მშობლების“ თაობას ფორმა სურს, „შვილებისას“ კი – არა. გივი მიქანაძემ ისიც დააკონკრეტა, რომ მალე საზოგადოებას ფორმის რამდენიმე ესკიზსაც შესთავაზებენ და „საჯარო კენჭისყრით“ გადაწყდება, როგორი სამოსით ივლიან უმცროსკლასელები სკოლაში.
„ჯერ ჩვენ უნდა შეგვითანხმდნენ“ – რას ფიქრობენ თბილისელი მოსწავლეები სასკოლო ფორმის შემოღებაზე
სიახლეა პირველკლასელთა რეგისტრაციის კუთხითაც – შემდეგი წლიდან, პირველ კლასში შევა მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება, თუ ვინმეს არ გახსოვთ, შეგახსენებთ, სასკოლო ასაკის ასეთი მოდელი წარსულში ორჯერ უკვე გვქონდა და რატომღაც, სულ ვცვლიდით. გეტყვით კიდევ ერთ მოსალონდელ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონები აიკრძალება. უფრო კონკრეტულად, მოსწავლეს უფლება ექნება, მობილური სკოლაში მიიტანოს, თუმცა მოწყობილობას გაკვეთილზე, თუ საჭიროება არ მოითხოვს, ვერ გამოიყენებს.
სხვა სიახლეები
– საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სწავლება ისევ სავალდებულო გახდა. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, ქართულ სექტორზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო წესით დაბრუნდა.
– 2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდა და გადაწყდა, რომ ამიერიდან, გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე გაიმართება და 4 კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. პირველი გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა და მასში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო.
– სკოლების შემდეგ, ელექტრონული ჟურნალი პროფესიულ სასწავლებლებსაც ექნებათ.
– 14 ივლისს, სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. გამონაკლისს წარმოადგენდა ის სკოლები, სადაც ზაფხულის გამოცდების ჩასატარებლად საგამოცდო ცენტრები იყო გახსნილი და ამავე დღეს, აბიტურიენტები ორ სესიად მათემატიკის გამოცდას აბარებდნენ. ამ მიზეზით, სამეურვეო საბჭოს არჩევნები აღნიშნული სკოლების ნაცვლად, ახლომდებარე სკოლებში მიმდინარეობდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ სკოლების ნაწილში ორი სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები ერთად გაიმართა.
– 1-ელი ნოემბრიდან, ძალაში შევიდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, საიდანაც გამომდინარე ცვლილებები განათლების სექტორზეც აისახა. კერძოდ, გაირკვა, რომ ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას, საჯარო მოსამსახურე და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირი, მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს. განათლების მინისტრის განმარტებით, პედაგოგს, რომელიც კერძო რეპეტიტორია, სკოლის დირექტორის ნებართვა დამატებითი საქმიანობისთვის არ სჭირდება, თუმცა, ის მასწავლებელი, რომელიც რეპეტიტორის საქმიანობას ტრენინგ-ცენტრში ახორციელებს, იმ შემთხვევაში მოიპოვებს ნებართვას, თუ ტრენინგ-ცენტრში აღებული საათები სასკოლო საათებს არ გადაფარავს.
– შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდა და მისი სახელწოდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიით (პოლიციის აკადემია) შეიცვალა.
– ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწია. კანონპროექტის ავტორის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განმარტებით, უმაღლესებს მოსამზადებლად მეტი დრო დასჭირდათ.
ასეთი იყო განათლების სფეროს ქარტეხილები და 2025 წლის შეძლებისდაგვარად მოკლე შეჯამება EDU.ARIS.GE-სგან, რომელიც თქვენთვის სანდო და ობიექტური ინფორმაციის გაზიარებას 2026 წელსაც ძველებური ერთგულებითა და მკითხველისადმი უდიდესი პატივისცემით განაგრძობს. მანამდე კი ვიქონიოთ იმედი, რომ განათლების სისტემა, საბოლოო ჯამში, რეფორმირებული დარჩება და არა დაზიანებული.
საუკეთესო სურვილებით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
ავტორები: მარიამ იმერლიშვილი, EDU.ARIS.GE
-
რა შეიცვალა 2026 წლის აბიტურიენტებისთვის მათემატიკის პროგრამაში – სპეციალისტი სიახლეებს გვაცნობს და სასკოლო რეფორმას მიმოიხილავს
by განათლებული ბლოგი
-
„სამინისტროს დონეზე ხდება ხოლმე, რომ ყველა რეფორმა ან ფერხდება, ან მეტამორფოზას განიცდის, ან იცვლება და „კისერს იტეხს“
by განათლებული ბლოგი
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ შეძენას გეგმავს
by ARIS.GE-განათლება






















