ელექტრონული ჟურნალის პრობლემების უგულვებელყოფა არ გამოგვივა – ვრცელი ინტერვიუ EMIS-ის წარმომადგენელ ნინო ეფხოშვილთან
„ინკვიზიციის დახვეწილი ფორმაა, მუდმივად სამოწმებელი“ – ასეთ კომენტარს აკეთებს ერთ-ერთი მასწავლებელი ელექტრონულ ჟურნალზე EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის ქვეშ, სადაც ვწერდით, თუ როგორ იქცა ახალი ტიპის სასკოლო ჟურნალი მასწავლებლებისა და მოსწავლეების თავის ტკივილად, რადგან მის მუშაობას თან უამრავი ხარვეზი ახლავს. EDU.ARIS.GE-მ ამავე სტატიაში მოიყვანა მასწავლებლების მიერ გამოთქმული პრეტენზიების უამრავი მაგალითი, სადაც ჩანდა, თუ როგორ გაურთულა ცხოვრება მასწავლებლებს ახლად დანერგილმა ელექტრო ჟურნალმა. ამის მიუხედავად, გამოჩნდნენ პედაგოგები, რომლებიც წერდნენ, რომ ახალი აღრიცხვის ჟურნალი სრულიად კომფორტულია და პრობლემა – თითიდან გამოწვეული, რადგან მათთვის ყველაფერი იდეალურად არის.
ელექტრონული ჟურნალი, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის სავალდებულო გახდა, მთლად გამართულად რომ ვერ მუშაობს მრავალი მიზეზის გამო, EDU.ARIS.GE-ს თავად საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურში დაუდასტურეს. შესაბამისად, ყველაფრის მაქებარ-მადიდებელ პედაგოგთა პათოსი ცოტა გაუგებარიც არის და შემაშფოთებელიც. საკითხავია, ვინ, თუ არა პედაგოგმა, არ უნდა დაკარგოს არასდროს ობიექტურობა?
რეალურად რა პრობლემას აწყდებიან მასწავლებლები, მშობლები თუ მოსწავლეები, რა მოგვიტანა, რა არის შესაცვლელი, რისი ბრალია კონკრეტული შეფერხებები და რა უნდა გაითვალისწინონ ჟურნალით სარგებლობისას, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნინო ეფხოშვილი დაწვრილებით ესაუბრა.
– ქალბატონო ნინო, პირველ რიგში, გვითხარით რა მოცემულობა გვაქვს დღეს, სრულად არის საქართველოს სკოლები ელექტრონული ჟურნალით დაფარული, თუ არის სკოლები, სადაც დღესაც იყენებენ და დაშვებულია მატერიალური ჟურნალი? კერძო სკოლებსაც აქვთ ელექტრონული ჟურნალის წარმოების ვალდებულება?
– ჟურნალის წარმოების წესში არის ჩანაწერი, რომ ყველა სკოლამ და მათ შორის კერძო სკოლებმა უნდა გამოიყენონ ელექტრონული ჟურნალი. კერძო სკოლებსაც აქვთ ვალდებულება, რომ ელექტრონული ჟურნალი აწარმოონ, თუმცა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ჟურნალს არ აწარმოებენ. შეიძლება თავიანთი ელექტრონული ჟურნალი ჰქონდეთ რომელიმე კომპანიის მიერ შექმნილი, რომლებიც მათ ამ სერვისს სთავაზობენ და ხელშეკრულება აქვთ მათთან გაფორმებული.
რაც შეეხება EMIS-ის მიერ შექმნილ ელექტრონულ ჟურნალს, ამ ეტაპზე მხოლოდ საჯარო სკოლებშია დანერგილი და ყველა სკოლა ვალდებულია, ინფორმაცია შეავსოს. ჩვენ ვაკეთებთ მუდმივ მონიტორინგს რესურსცენტრების დახმარებით და ყოველთვის ვიგებთ, რა პრობლემა აქვთ მასწავლებლებს და აქვთ თუ არა რაიმე ტექნიკური ხარვეზი იმისთვის, რომ შევიდნენ ელექტრონულ ჟურნალში და აწარმოონ მოსწავლის დასწრება და შეფასება. ჩემი აზრით, რადგან ახლა პირველი სემესტრია, როდესაც მხოლოდ ელექტრონული ჟურნალით ხდება წარმოება, ცუდი შედეგი არ არის. 10%-იც არ არის იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებსაც შეიძლება უჭირდეთ ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ან ჰქონდეთ ტექნიკური ხარვეზი. ტექნიკურ ხარვეზად ვგულისხმობ სისტემაში ვერ შესვლას და არა იმას, რომ რაიმე კონკრეტული შეფასება ვერ ჩაწერეს, ან რაიმე არასწორად არის ჩაწერილი. ვფიქრობ, კარგი შედეგია პირველი სემესტრისთვის.
– რა მივიღეთ ელექტრონული ჟურნალით საბოლოოდ, რა არის მისი კარგი მხარეები და რით გააუმჯობესა საგანმანათლებლო სისტემა – ჩამოგვითვალეთ.
– პირველ რიგში ის გაუმჯობესდა, რომ კომუნიკაცია გამარტივდა მშობლებთან და მოსწავლეებთან. დავალებების ნაწილი, დარღვევები, რომელსაც დირექტორები და მასწავლებლები ტვირთავენ, მშობლებთანაც მყისიერად ისახება ინფორმაციის სახით. ეს ნაწილი, რა თქმა უნდა, გასწორებულია და შედარებით უფრო მარტივია კომუნიკაცია მათთან. იგივე, შეფასებების დათვლა, განრიგების ნახვა – ვის როდის აქვს გაკვეთილი, ეს ყველაფერი გამარტივებულია. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ სწავლების ტიპი იცვლება ძალიან ხშირად და მოსწავლეები ხან ონლაინ სწავლებაზე არიან, ხან – პირისპირ სწავლებაზე, ეს პროცესი უფრო გართულებულია და ცოტა მიჭირს ვთქვა, რომ ელექტრონული ჟურნალი ამ პროცესს ამარტივებს, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ელექტრონული ჟურნალი და მატერიალური ჟურნალით მომხდარიყო ამ ყველაფრის წარმოება იმ პირობებში, როცა კლასის ერთი ნაწილი ონლაინ გაკვეთილზე იქნებოდა და ნაწილი – პირისპირ, ალბათ მიხვდებით, რომ ამ შემთხვევაში მატერიალური ჟურნალის წარმოება საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა. რადგან პანდემიაა და მოსწავლეები ხშირად იცვლიან სწავლების ტიპს, რა თქმა უნდა, რთულია პროცესები, თუმცა ეს არ არის ელექტრონულ ჟურნალზე დამოკიდებული და დამოკიდებულია მთლიანად სასწავლო პროცესზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერავინ ვაკონტროლებთ, რადგან ასეთია მდგომარეობაა ქვეყანაში.
– მშობლებს დარეგისტრირების პრობლემა ჰქონდათ. ვინც რეგისტრირდება, უჭირთ შესვლა. სისტემაში შესვლა უჭირთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს. რამ გამოიწვია აღნიშნული პრობლემა?
– შესვლის პრობლემა არ უნდა იყოს, თუ, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, არ არის ტექნიკური ხარვეზი. ამ წუთას არც მახსენდება შემთხვევა, რომ მასწავლებელი სისტემაში დიდი ხნის განმავლობაში ვერ შესულიყო. თუ რაიმე ტექნიკური ხარვეზია, მაქსიმუმ ორ დღეში სწორდება და ამის შესახებ, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვაქვს და უკუკავშირიც.
რაც შეეხება მშობლებს, მნიშვნელოვანია ის, რომ სისტემა eschool-ში უნდა იყოს მონაცემები დაფიქსირებული აუცილებლად იმისთვის, რომ მშობელი ელექტრონულ ჟურნალში შევიდეს. ელექტრონული ფოსტა უნდა იყოს მითითებული, ტელეფონის ნომერი. ეს ყველაფერი იმისთვისაა გაკეთებული, რომ უსაფრთხოების ნორმები იყოს მაქსიმალურად დაცული და თუ ვინმემ მაგალითად, თქვენი ელფოსტა ან პირადი ნომერი იცის, არ ჰქონდეს წვდომა ბავშვის პერსონალურ ინფორმაციაზე.
როდესაც ვამბობთ, სისტემაში შესვლის პრობლემააო, აქ შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი იყოს. პირველ რიგში ის, რომ სისტემა eschool-ში არ იყოს მონაცემები სწორად ასახული. მეორე ის, რომ შეიძლება არასწორად წერდნენ პაროლს ან ინტერნეტის პრობლემა იყოს. მშობლებისთვისაც ჩაგვიტარებია ამის შესახებ ვებინარები და კიდევ არის დაგეგმილი, სადაც კიდევ მივაწვდით ინფორმაციას როგორც მშობლებს, ასევე მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. კონკრეტული მშობლის სისტემაში ვერ შესვლის შემთხვევაში შეუძლიათ მოგვმართონ როგორც ცხელ ხაზზე, ასევე ფეისბუქგვერდზე, ელექტრონულ ფოსტაზე და კონკრეტულად იმ მოსწავლის შემთხვევას განვიხილავთ და უკუკავშირიც აუცილებლად გვექნება.
– ქალბატონო ნინო, პრობლემა უფრო დიდია. მაგალითად, მასწავლებლებს დღეს ბლოკნოტებში უწევთ ნიშნების მონიშვნა, რადგან სკოლაში არ არის ელექტრო ჟურნალში შეტანის შესაძლებლობა, ბევრ სკოლას აქვს ინტერნეტი ან კომპიუტერი და სახლებში უწევთ ამაზე მუშაობა. ნაწილი სახლშიც ვერ ახერხებს. ზოგს ინტერნეტი სახლშიც არ აქვს. ჟურნალის გახსნა უჭირთ განსაკუთრებით რეგიონებში. მასწავლებლებს იმის შიშით, რომ ნიშნები ხშირად იშლება ჟურნალიდან და მას აღდგენა სჭირდება, თავიანთი საკუთარი მატერიალური ჟურნალის მსგავსის წარმოება უწევთ. შენახვა, გადაკეთება, გასწორება… ჟურნალის განახლებას ვერ აკეთებენ საღამოობით, რადგან ეთიშებათ სისტემაში შესვლის შესაძლებლობა. ახლა ამ დრომ კიდევ უფრო გადმოიწია. როგორ ფიქრობთ, ამ ჩამოთვლილი დამატებითი რუტინის ფონზე, გაამარტივა ელექტრონულმა ჟურნალმა სასკოლო ცხოვრება თუ პირიქით, ახალი საზრუნავი და ფურცლომანია დაუმატა სასკოლო საზოგადოებას?
– ბევრი მიზეზი ჩამოთვალეთ და გეთანხმებით, რომ ამ მიზეზებს ნამდვილად ასახელებენ მასწავლებლები. პრობლემები ტექნიკური პრობლემები მოწყობილობების, ინტერნეტის ნაწილში ჩვენთვისაც ცხადია და ამის უგულვებელყოფა არ გამოგვივა. გეთანხმებით და ყველა მასწავლებელს არამხოლოდ ჩემი, არამედ სამინისტროს და EMIS-ის სახელით მადლობას გადავუხდი იმისთვის, რომ ასეთ რეჟიმში უწევთ მუშაობა და ამაში მოგვყვებიან. რაც შეეხება ტექნიკური საშუალებების წვდომა რომ არ აქვთ, ზუსტად ამიტომ არის 8 დღიანი ვადა ელექტრონულ ჟურნალში და ყოველდღიურად არ არიან ვალდებულები, ჟურნალი შეავსონ. 8 დღეში ერთხელ ავსებენ მონაცემებს და მოთხოვნების გვერდიც ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმეს დიდი ხნის განმავლობაში არ აქვს ინტერნეტი, შეუძლია დირექტორთან კომუნიკაციით ეს მონაცემებიც შეავსოს.
რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ ცუდია, როცა სკოლაში არ არის ამის შესაძლებლობა და მერე, სახლში უწევთ ამ ყველაფრის გაკეთება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არის პანდემია და ზოგიერთი კლასი შეიძლება ონლაინ იყოს ან კლასის ნაწილი იყოს ონლაინზე იყოს და ნაწილი – პირისპირ სწავლებაზე, ფიზიკურად შეუძლებელია, მატერიალური ჟურნალის წარმოება. შესაბამისად, რთულია იმის თქმა, რომ გაამარტივა ელექტრო ჟურნალმა სასწავლო პროცესი და ზოგადად ეს რუტინული სამუშაო, თუმცა რომ არ ყოფილიყო ელექტრონული ჟურნალი, ალბათ უფრო რთული იქნებოდა ამ ყველაფრის წარმოება. ასევე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი სემესტრი, როდესაც მხოლოდ ელექტრონული ჟურნალით ხდება მოსწავლეების დასწრებისა და შეფასების წარმოება. ეს არის ერთგვარად საპილოტე პროცესი როგორც სკოლებისთვის, ასევე ჩვენთვისაც და მუდმივად ვართ ხაზზე იმისთვის, რომ რჩევა იქნება, კითხვა თუ ხარვეზი, მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ მისი აღმოფხვრა.
– სემესტრული, ე. წ. საერთო ქულები რეალურს აცდენილია. მასწავლებლები ჩივიან, რომ თუ მოახერხეს და შემაჯამებელი ნიშნები შეიტანეს, ხშირად იშლება. იშლება ჩანიშნული აღდგენები და ა. შ. ამ ფონზე, მთელის სემესტრის განმავლობაში მასწავლებლებიც ნერვიულობდნენ და მოსწავლეებიც. სემესტრი მთავრდებოდა და ბოლო დღესაც წერდა ერთი პედაგოგი „ფეისბუქის“ თქვენს გვერდზე, კლასი არ მიჩანს ჟურნალშიო.
– გადამოწმებული გვაქვს და ჩვენთან დაფიქსირებული შემთხვევების დაახლოებით 90-ზე მეტია ტექნიკურ ჯგუფთან გადაგზავნილი. დანარჩენი პრობლემა თვალსაჩინო იყო და არ გადაგვიგზავნია ტექნიკური ჯგუფისთვის. სხვა შემთხვევები იყო ტექნიკური ხარვეზი და არა ადამიანური ფაქტორი. როდესაც კლასები აღარ ჩანს ელექტრონულ ჟურნალში, ეს დამოკიდებულია იმაზე ასრულებენ თუ არა მითითებას სწორად. სწავლების ტიპს რომ იცვლიან, უნდა გააუქმონ ის საგაკვეთილო ბადე და გააქტიურონ ახალი ბადე – პირისპირ სწავლებისა თუ ონლაინ სწავლებისა. ამ შემთხვევაში ხდება ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების წაშლას. როდესაც წაშლის ღილაკს აჭერენ, გამოდის შეტყობინება, რომ თუ თქვენ ამ ქმედებას განახორციელებთ, ელექტრონულ ჟურნალში, ყველა მონაცემი წაიშლება. ეს წერია წითელი დიდი ასოებით და ხშირია წაშლის შემთხვევები, თუმცა ეს თავიდან უფრო მეტად იყო და მერე ნელ-ნელა გაერკვნენ სისტემაში და ახლა ნაკლებად დგას ეს პრობლემა.
მეორე შემთხვევა, რაც მონაცემების წაშლას იწვევს, არის ის, რომ რესურსცენტრები არასწორად უკორექტირებენ სწავლების ტიპს. ესეც ნელ-ნელა სწორდება. თავიდან უფრო მეტი შემთხვევა იყო. სწორად უნდა დარედაქტირდეს და პრობლემა არ იქნება.
– ადამიანური ფაქტორები გასაგებია, მაგრამ რამდენად მოხდა მასწავლებლების გადამზადება? ბევრი ასაკიანი პედაგოგია, რომლებსაც ალბათ უჭირთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეგუება.
– ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ აქცენტს იმაზე, რომ არამხოლოდ სისტემის და პლატფორმის შექმნაა მთავარი, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს და ამ შემთხვევაში სკოლების პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს. ჩვენ ვატარებთ ვებინარებს, რომლის ჩანაწერებიც დევს ჩვენს პლატფორმაზე. ასევე, გვაქვს გაკეთებული როგორც ვიდეო, ისე წერილობითი ინსტრუქციები. სკოლებთან კომუნიკაცია ხდება როგორც „ფეისბუქის“ ჯგუფის, ასევე მეილების დახმარებით და რესურსცენტრებსაც ვუზიარებთ ამ ინფორმაციას, რასაც შემდეგ ისინი სკოლებში ავრცელებენ. ერთი თხოვნა, რაც მექნება მასწავლებლებთან, ის არის, რომ ხშირად ამოწმონ ელექტრონული ფოსტა. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ვცდილობთ, რომ დეტალური ინსტრუქციები მივაწოდოთ მასწავლებლებს ახალი ფუნქციონალის თუ იმ საკითხების შესახებ, რომელიც იმ მომენტისთვის აქტუალურია და თუნდაც იმ საკითხებზე, ჯგუფში ხშირად რომ სვამენ.
– თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე მასწავლებელმა სწორად ვერ შეიტანა ნიშნები ჟურნალში, რამდენად არის საფრთხე, მოსწავლეებმა სემესტრის ბოლოს ის ქულები ვერ მიიღონ, რაც რეალურად ეკუთვნით?
– სწავლა დამთავრდა 28 დეკემბერს. ელექტრონული ჟურნალის დადასტურების ვადად განვსაზღვრეთ 11 იანვარი. შესაბამისად, 28-დეკემბრიდან 11 იანვრამდე პერიოდი მიეცათ იმისთვის, რომ გამოასწორონ თუ ზუსტად ასახონ ის შეფასებები, რომელიც მოსწავლეს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს არასწორად ექნება დათვლილი შეფასება იქიდან გამომდინარე, რომ სხვა შეფასებები იყო იქ ასახული.
ხშირად არის იმის პრობლემა, რომ შემაჯამებელი დავალება არის ჩანიშნული მოსწავლესთან და შემდეგ არ ხდება შეფასება. ამასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს. როდესაც ხშირად იცვლება სწავლების ტიპი, შეიძლება მასწავლებელმა ვერც მოასწროს შეფასება. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, ამის ინსტრუქციებიც გაგზავნილი გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება მაინც იყოს ისეთი შემთხვევები, როდესაც არ მოხდება რეალური ქულის ასახვა.
თუ სკოლის დირექტორი ან ის ადამიანი, ვინც აწარმოებს ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგს, დაადასტურებს და აიღებს პასუხისმგებლობას, როგორც ეს მატერიალური ჟურნალის შემთხვევაში იყო… თუ მატერიალურ ჟურნალში რაიმე არასწორად იყო, იმ მონაცემების კორექტირება ხდებოდა და ახლაც ასეა. წინა სემესტრის მონაცემების დაკორექტირებაც შეუძლია სკოლას. ახლაც, თუ რა თქმა უნდა, იქნება ობიექტური საფუძველი, მოხდება იმ შეფასებების დაკორექტირებაც „მოთხოვნების გვერდის“ მეშვეობით.
– ამდენი პრობლემისა და ღელვის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, შედგა ელ ჟურნალი როგორც პროექტი? გაამართლა? ის მივიღეთ მისი დანერგვით, რაც შევუკვეთეთ?
– ბევრი მიმართულებით შეიძლება ელექტრონული ჟურნალის შეფასება და ერთი სიტყვით თქმა, გაამართლა თუ არა, გამიჭირდება. ჩემი აზრით, გაამართლა გამომდინარე იქიდან, რომ 65 000 პედაგოგიდან 10% არ არის ისეთი, რომელიც ელექტრონულ ჟურნალში ვერ მუშაობს. როდესაც ვამბობთ, ვერ მუშაობს, ამასაც სხვადასხვა მიზეზები აქვს და არ შეიძლება ყველა ერთ ჭრილში განვიხილოთ, თუმცა, ესეც არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ შევაფასოთ ელექტრონული ჟურნალი წარმატებულად. ალბათ იცით, რომ გარკვეული ფუნქციონალები ახლა დაემატა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ფორსმაჟორში, მასწავლებლებთან ერთად გვიწევდა ამ პროდუქტის განვითარება და თან ორი წლის წინ ონლაინსწავლება საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად, სისტემა ამისთვის სრულიად მზად ვერ იქნებოდა. ტექნიკური ხარვეზი, რიგ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მის გამოსწორებას არ სჭირდება იმდენი დრო, რომ პროცესს შეუშალოს ხელი. ახალი პროდუქტია და არ არსებობს მსოფლიოში სისტემა, რომელსაც რაიმე ხარვეზი არ ჰქონდეს დანერგვის პროცესში. „ფეისბუქსაც“ კი, რომელიც ამდენი წელია არსებობს და აქტიურად ვიყენებთ, შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზი და მთელი ჯგუფის მობილიზებაა საჭირო იმ ხარვეზის გამოსასწორებლად. ამიტომ, მასწავლებლების ჩართულობით, თავიანთი შეხედულებების გაზიარების და იმ გამოწვევებით, რაც მათ ჰქონდათ, ჩვენ ვცდილობთ, რომ მუდმივად განვავითაროთ ელექტრონული ჟურნალი და საბოლოო პროდუქტი არც ის იქნება, რადგან ცოცხალი ორგანიზმია. ეროვნულ სასწავლო გეგმაში რა ცვლილებების შეტანაც გახდება საჭირო, ეს ყველაფერი აისახება და ჩვენ მუდმივად ვიქნებით ორიენტირებულნი მის განვითარებაზე. ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ, ელექტრონული ჟურნალი შედგა და წარმატებულია.
– რა რჩევები და ზოგადი რეკომენდაციები გექნებოდათ როგორც პედაგოგების, ისე ელექტრო ჟურნალის სხვა მომხმარებლებისთვის, რა არის მთავარი?
– ყველაზე მთავარი ალბათ არის ის, რომ მიჰყვნენ ჩვენს ინსტრუქციებს. მუდმივად გაეცნონ სიახლეებს ამ პროდუქტის შესახებ, დროულად ასახონ შეძლებისდაგვარად მონაცემები და ჩვენც მზად ვართ, რომ გვქონდეს მათთან კომუნიკაცია. ვეცდებით, რა გამოწვევებიც მათ ექნებათ, დავეხმაროთ მის გადალახვაში.
– რა ცვლილებები და სიახლეები ელით მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს ელექტრონულ ჟურნალში 2022 წლიდან?
– ამ ეტაპისთვის სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა ახალი ფუნქციონალის დამატებაზე ორიენტირებულები არ ვართ იქედან გამომდინარე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა სრულად არის ინტეგრირებული და ის პროცესები, რომელიც ამ გეგმაშია, სრულად ასახულია ჟურნალში. ამ ეტაპზე ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ის ფუნქციონალი, რაც უკვე არსებობს, განვავითაროთ და მასწავლებლებისა და მშობლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე უფრო მარტივი და მასზე მორგებული გავხადოთ სისტემა.
ასევე იხილეთ:
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- „როგორც ისტორიის პედაგოგი, ამ ახალ კანონში რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ“ by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება