რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა – როგორ იქცა ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებისა და მოსწავლეების თავის ტკივილად
„წარმოუდგენელია ასე მუშაობა!“, „მოცლილები ხომ არ ვართ? არ გეგონოთ, რომ მანამდე უქმად ვიყავით?“ „ნერვული სისტემა შემიღონდა!“ „ჭკუიდან გადავალ სადაცაა!“ – ასეთი ფრაზებს იყენებენ პედაგოგები ელექტრო ჟურნალის შესახებ სოციალურ ქსელში დაფიქსირებულ კომენტარებზე.
2021-2022 სასწავლო წლიდან, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო გახდა მატერიალური ჟურნალი კი გაუქმდა. ბრძანება 2020 წლის სექტემბერში განათლების მინისტრმა გამოსცა.
ელექტრონული აღრიცხვის ჟურნალს სკოლებში მოსწავლეთა ქულების აღრიცხვისა და სემესტრების ბოლოს, საერთო ქულის გამოთვლა ავტომატურად უნდა მოეგვარებინა. ამის გარდა, მოსწავლეს შეეძლო ჟურნალის საშუალებით მიეღო დავალებები, მასწავლებელს კი მოსწავლის მიერ გაგზავნილ დავალებაზე ავტომატური უკუკავშირის ველი ექნებოდა. ელექტრონულ ჟურნალზე წვდომა, მოსწავლეთა მშობლებსაც უნდა ჰქონოდათ.
დიახ, უნდა ჰქონოდა, უნდა მოეგვარებინა… შეკვეთა ლამაზად შეფუთული ჩანდა, თუმცა სინამდვილეში, პრობლემის მოგვარების მაგივრად, ელექტრონული ჟურნალის შემოღებამ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დიდი თავის ტკივილი გაუჩინა და ბევრიც ანერვიულა. მიზეზი გაუმართავი სისტემა გახლდათ, რომელსაც ზედ ერთვოდა ინტერნეტ სერვისის მიწოდების შეფერხება და პედაგოგთა გაუთვითცნობიერებლობა ტექნიკურ საკითხებში. დღეს კი საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ მასწავლებელს, რომელსაც ერთი კი არა, ორი ჟურნალი აქვს, ერთი საკუთარი, სადაც ელექტრონულ ჟურნალში შესატან ნიშნებს ინიშნავენ და მეორე თავად ელექტრონული ჟურნალი. ისმის კითხვა, რა გაუმარტივა ახალმა ჟურნალმა მასწავლებლებს? EDU.ARIS.GE ესაუბრა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სოციალურ ქსელში გვერდიც შექმნა, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ კითხვა დასვან და ახსნაც მიიღონ, თუმცა გამწარებული მასწავლებლების მიერ ყოველდღიურად დასმული კითხვები უკვე კომედიად გადაიქცა:
„რატომ ქრება ჟურნალში ჩანიშნული აღდგენები და შესაბამის ველში შეტანილი ნიშნები? მაშინ გააუქმეთ ეს ფუნქცია და მოგვეცით შესაძლებლობა, ვინც შემაჯამებელ წერაზე არ იყო და შემდეგ აღადგინა, წავუშალოთ „არა“ და ჩავწეროთ აღდგენის შემთხვევაში მიღებული შეფასება! რამდენჯერ შეიძლება გამქრალი აღდგენა თავიდან ჩავნიშნოთ და ნიშნებიც ხელახლა შევიტანოთ?! წარმოუდგენელია ასე მუშაობა!“
„ყველა პედაგოგის სურვილს გავაჟღერებ. ნუთუ არ შეიძლება, ისე გაკეთდეს, რომ ელექტრო ჟურნალი ყოველ საღამოს 9-დან მინიმუმ 12-მდე მიუწვდომელი აღარ იყოს მასწავლებლებისთვის? ძალიან ხელის შემშლელია ეს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სემესტრის ბოლოა და უამრავი საქმე გვაქვს. მე პირადად რეგულარულად შემაქვს ხოლმე ნიშნები ჟურნალში და სამწუხაროდ, იმდენი ნიშანი გამიქრა ჟურნალიდან, რომ, იძულებული ვარ სათითაოდ ვამოწმო თითოეული ბავშვის თითოეული ნიშანი. აგერ უკვე ღამის 1 საათი ხდება და ამაოდ ველოდები ჟურნალის ამუშავებას. მოცლილები ხომ არ ვართ? არ გეგონოთ, რომ მანამდე უქმად ვიყავი. რაც მოვასწარი 9 საათამდე, შევამოწმე ნიშნები. და ახლა გამოდის რომ ტყუილად გელოდებოდით?“
„სამი მეცხრე კლასი მყავს. სამივე კლასში წაშლილია შემაჯამებელი ნიშნები და გაუქმებულია ჩანიშვნაც, რატომ?“
„გასასწორებელია პროგრამა, არავის უხსნის ჩემი შვილის კლასში და ბავშვები ვერ ხსნიან ფაილებს. გამოასწორეთ ეს პრობლემა.“
„წავშალე და გადმოვწერე ახლიდან „თიმსი“ მითითებული საიტიდან, მაგრამ არაფერი შეიცვალა. ეგებ დროულად გვირჩიოთ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, ვერ ნახულობენ ბავშვები ატვირთულ შემაჯამებელს“.
„8 დეკემბერს (ოთხშაბათს) ჩავნიშნე შემაჯამებელი კლასში. ერთი მოსწავლე მეორე დღეს გადავიდა ონლაინზე, (ეს მოსწავლე შემაჯამაბელზე მესწრებოდა). ნიშნების შეტანა გადავწყვიტე ორშაბათს, როცა ყველა ნაწერი შევამოწმე და ეს ბავშვი 8 დეკემბრის თარიღით გამიქრა ჟურნალიდან და ნიშანი ვერ შევუტანე. ამ დღეს ის ჩანს ონლაინ ჟურნალში წითლად და ნიშანიც ვერ შემაქვს. ამ დროს როგორ ვიქცევი? (უკვე ძალიან შეწუხებული ვარ ამდენი გაუგებრობით და დაბრკოლებებით ამ ელექტორნულ ჟურნალთან დაკავშირებით)“.
„ვარ დამრიგებელი. მაქვს ელექტრო ჟურნალში პრობლემა. ჩემი კლასი არ ჩანს ჟურნალში. მთელი კლასი სექტემბრიდნ ონლაინ სწავლებაზეა. გთხოვთ დამეხმაროთ ამ პრობლემის აღმოფხვრაში“.
„ელჟურნალში გამიქრა დღეები 28 ოქტომბრიდან 14 დეკემბრამდე. ვის უნდა მივმართო?“
„2 ნოემბერს, მე-7გ და მე-7 ონლაინ კლასში შემაჯამებელი წერა ჩავატარე, ნიშნებიც შევიტანე… თუმცა ორივე შემაჯამებელი მოექცა ვარდისფერში, ვინაიდან სკოლა დროებით გადავიდა სწავლების დისტანციურ ფორმაზე. ეს შემაჯამებლები აღარ მონაწილეობენ სემესტრული ნიშნების გამოყვანაში. გთხოვთ, ეს ვარდისფერი მოაშოროთ ამ შემაჯამებლებს, ვინაიდან რეალურად წერა ჩატარდა და მოსწავლეებიც შეფასდნენ.“
„მაინტერესებს, მოსწავლეს, რომელსაც უწერია პირობითად 5 ცალი 10-იანი, მათ შორის შემაჯამებელშიც, რატომ უნდა ეწეროს საშუალო ქულა 7.6?
„ელ. ჟურნალში განმავითარებელი კომენტარით შევაფასე ერთი მოსწავლე და სხვების გრაფაშიც იგივე აისახა. შემდეგ დაწერილის წაშლა ვცადე და სხვებთანაც წაიშალა…“
„მოგწერეთ რამდენჯერმე, რომ თბილისის 139-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის ჟურნალში, მოსწავლეები მეორდება რამდენჯერმე, 66 ბავშვის გვარ-სახელებს აჩვენებს კლასში, მაგრამ შეცდომის გამოსწორების ნაცვლად, სულ წაშალეთ ეს სია და ახალი არ შეგყავთ. როგორ ვიმუშაოთ ამ კლასის ჟურნალში, შეფასებები როგორ შევიტანოთ?!“
„ელექტრონულ ჟურნალში რომ ვერ შევდივარ მთელი საღამო და შემაჯამებლების ქულები მრჩება შესატანი, ამაზე ვინ აგებს პასუხს? გახსნით ბაზებს 1 დღე მაინც? ეს რა უბედურებაა? ნერვული სისტემა შემიღონდა!“
„29 ნოემბერს გთხოვეთ გაოთხმაგებული სიის გასწორება სადამრიგებლო კლასში – 87 მოსწავლე მყავდა. ამ წუთას გავხსენი და 4 მოსწავლე მყავს მათემატიკაში, ფიზიკაში კი 2 მოსწავლეა სიაში. ჭკუიდან გადავალ სადაცაა, სემესტრის ბოლოს ასე უნდა აირიოს ყველაფერი? არასწორად გამოყვანილ ქულებზე აღარაფერს ვამბობ! მიშველეთ ხალხო!“, – წერენ სოციალურ ქსელში მასწავლებლები, რაც ნათლად აჩვენებს, თუ როგორი ქაოსი მოჰყვა ელექტრო ჟურნალების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შემოტანას.
როგორც ცნობილი იყო, ელექტრონული ჟურნალში დარეგისტრირება მშობელსაც უნდა შესძლებოდა და თვალი ედევნებინა საკუთარი შვილის ნაბიჯებისთვის. ამის შესახებ მშობლებისთვის კლასის დამრიგებლებს უნდა ეცნობებინათ. მშობელთა ნაწილმა დარეგისტრირება შეძლო, თუმცა რაიმისთვის თვალყურის დევნებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ეს ფიზიკურად შეუძლებელი გახლავთ. მშობლების დიდი ნაწილი დარეგისტრირებული არც არის, რადგან ან სულ არ იცოდნენ, რომ ჟურნალისთვის თვალყურის დევნება შეეძლოთ ან ვერ დარეგისტრირდნენ.
„საერთოდ არ ვიცოდი, რომ მეც შემეძლო ამ ელექტრონულ ჟურნალში დარეგისტრირება. როცა გავიგე, რამდენიმე დღე ვეცადე და ვერაფრით დავრეგისტრირდი. ძალიან კარგი ჩანაფიქრია, რომ მშობელი მუდამ თვალს ადევნებდეს თავისი შვილის ნიშნებს, დავალებებს, თუ აკადემიურ მოსწრებას, მაგრამ ჯერ სისტემა უნდა გაემართათ და დაენერგათ. ვინც დარეგისტრირებულია, ისინიც ვერ შედიან. ბავშვი ახერხებს ხანდახან შესვლას და ისე ვადევნებ თვალს ნიშნებს, თუმცა, ელექტრონული გამოთვლით, რაც რეალურად ეკუთვნის ბავშვს, საბოლოოდ ის საერთო ქულა არ ფიქსირდება, რაც ასევე ჟურნალის ხარვეზია. ყველაზე ტრაგიკული ამ ამბავში ის არის, რომ თურმე მასწავლებლები საშინელ დღეში არიან, ვერ გარკვეულან ამ, სინამდვილეში უადვილეს, მაგრამ ჩვენთვის რატომღაც გართულებულ პროგრამაში,“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მოსწავლის მშობელმა.
EDU.ARIS.GE-სთან სკოლის მოსწავლეები ყვებიან, რომ პედაგოგები სისტემაში შესვლისას დახმარებას ბავშვებს სთხოვენ, თვითონ კი ნიშნებს, მატერიალური ჟურნალის მსგავსად, ბლოკნოტებში ინიშნავენ. თუ რომელიმე მასწავლებელმა ელექტრო ჟურნალში ნიშნების დროულად შეტანა ვერ მოახერხა, ეს მათ საერთო ქულაზე ისახება.
„ელექტრონული ჟურნალები რომ შემოვიდა, ჩვენც თუ გვქონდა იქ შესვლის უფლება, არც კი ვიცოდით და ერთმა მასწავლებელმა სულ შემთხვევით გვითხრა. დარეგისტრირება ძლივს მოვახერხეთ, არ გვიშვებდა სისტემაში. თუ მშობელსაც შეეძლო შესვლა, ამ დრომდე არ ვიცოდი და არც არავის უთქვამს. რაც შეეხება დავალებების ჟურნალში ჩანიშვნას, ასეთი არც ყოფილა, ყველა გრაფა ცარიელია, სადაც დავალება უნდა იყოს მითითებული.
“მასწავლებლები მუდმივად ჩივიან, რომ ჟურნალი არეულია, რადგან ხშირად ვერ შედიან სისტემაში და განკუთვნილ დროს შესატან ნიშანს ვერ წერენ. „არებზეც“ პრობლემებია. პარასკევს იხურება ის კონკრეტული კვირა და მერე მისი გახსნა აღარ შეიძლება. ზოგი მასწავლებელი ამ დრომდე ვერ გაერკვა, რომ ნიშნები ყოველდღე უნდა შეიტანოს და პარასკევს ელოდება. თუ ვერ შეიტანა პარასკევს ნიშნები, ყველაფერი ირევა. ჩემი აზრით, მასწავლებლებს შესაბამისი ტრენინგი არ აქვთ გავლილი, თუ როგორ უნდა იმუშაონ ელექტრონულ ჟურნალში. რამდენიმე დღის წინ, ფიზიკის მასწავლებელი ჩვენ, მოსწავლეებს გვეკითხებოდა, ხომ არ იცით, აქ და აქ როგორ უნდა შევიდეო. ჩვენც გვიჭირს შესვლა. სკოლაში არის Teams-ის სპეციალისტი, მაგრამ როცა საიტი არეულია, ვერც ის ეხმარება მასწავლებლებს. მასწავლებლები რომ ვერ ერკვევიან, ეს ცალკე ამბავია და მეორე კი ის, რომ საიტი გაუმართავია“, – გვიყვება თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-11 სლასის მოსწავლე.
მოსწავლეები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი სირთულე შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანაა. თუ მასწავლებელმა ნაწერის თავის დროზე გასწორება და ნიშნების ჟურნალში შეტანა ვერ მოახერხა, საგნებში საერთო ქულის დაანგარიშება რეალურზე ნაკლებია, რაც მათ ნერვიულობას იწვევს.
„ჟურნალში არის „შემაჯამებლის“ გრაფა და მითითებულია, რომელი თარიღით უნდა ჩაინიშნოს. მასწავლებლები სულ ამ შემაჯამებელის ნიშნების შეტანაზე ჩივიან. ვეღარ შედიან სისტემაში სწორად და ვეღარ შეაქვთ ნიშნები. ვინც ონლაინ სწავლებაზე რეგისტრირდება, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუგებარია. ონლაინ სწავლებაზე ყოფნისას, სხვა მასწავლებელთან უნდა დაწეროს ბავშვმა შემაჯამებელი. ონლაინ სწავლებიდან რომ გადმოვა, დაწერილი რომც ჰქონდეს შემაჯამებელი, ის ნიშანი უქმდება და მერე, კლასის მასწავლებელმა უნდა ჩანიშნოს ახალი შემაჯამებელი, მაგრამ მერე მას აღარ აქვს ჟურნალში შეტანის უფლება და არის ასე არეულ-დარეულობა. რადგან სულ აღარ ფიქსირდება შემაჯამებელის ნიშანი, საშუალო ქულა გაკლდება და თუ 10-იანი გეკუთვნის, ბევრად ნაკლები გამოდის. ნახეთ, ქიმიაში სამი ათიანი მიწერია ელექტრო ჟურნალში და საშუალო ქულა არის 5,3, რადგან შეიძლება მასწავლებელს შეტანილი არ აქვს შემაჯამებელი წერის ნიშანი და 0 ქულა მიწერია სადღაც, რასაც ვერ ვხედავ.
“ყველაზე სერიოზული პრობლემა ამ ყველაფრით, ბავშვებს ექმნებათ. თუ მასწავლებლებმა რეალურად ვერ მოახერხეს ნიშნების შეტანა, საერთო ქულა ნაკლები გამოვა. დამრიგებელიც გვეუბნებოდა, ჯერ არ ვიცი, რა უნდა ვიღონოთ, რომ ყველა ბავშვს ის სემესტრული ნიშანი გამოუვიდეს, რაც რეალურად ეკუთვნისო. მასწავლებლები ჩივიან, რომ აღდგენის გრაფა ჩახურულია და იქ ნიშანს ვეღარ წერენ, რის შედეგადაც, რეალური ნიშნის მაგივრად 0 ქულა იწერება და იმიტომაც გამოდის მერე საერთო ქულა ბევრად ნაკლები, ვიდრე რეალურად გეკუთვნის. ამას ჩვენც, მოსწავლეებიც ვხედავთ ელექტრონულ ჟურნალში და გული გვისკდება“, – მოუყვა EDU.ARIS.GE-ს მე-11 კლასის მოსწავლემ.
გარდა იმისა, რომ სისტემა გაუმართავია, სადაც შესვლა ყველას უჭირს – მასწავლებელს, მოსწავლესა თუ მშობელს, რეგიონებში ბევრად რთული მდგომარეობაა, რადგან ამ ყველაფერს ინტერნეტკავშირის პრობლემაც ემატება. მაგალითად, ზოგი პედაგოგი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მათ მთაზე ასვლაც კი უწევთ, რომ როგორმე ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების შეტანა შეძლონ.
თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი თამარ ცანავა ერთ-ერთია, ვინც ელექტრონული ჟურნალის მუშაობას საჯაროდ აპროტესტებდა.
„ბევრჯერ გავაპროტესტე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ჯგუფში სხვადასხვა საკითხები. მე კიდევ ახალგაზრდა ვარ და ასე თუ ისე ვახერხებ, ნიშნების სწორად შეტანას, მაგრამ ზოგი მასწავლებელი ვერ ახერხებს დღის განმავლობაში და უნდა, მონიშნული ნიშნები საღამოს მშვიდად შეიტანოს ჟურნალში, მაგრამ იმ დროს ითიშება და უნდა ელოდო, როდის ჩაირთვება. ეს ამბავი თითქოს მოაგვარეს და ახალი ფუნქცია დაამატეს – „ნიშნების განაწილება“, მაგრამ ჯერ ვერც გავერკვიეთ ამ ამბავში. მაგალითად, მე თუ შემაჯამებელი მქონდა ჩანიშნული, ვაწერინე და კლასი გადავიდა ონლაინზე, ის კლასი მეკარგება და შემაჯამებელის ნიშნები ვეღარ შემაქვს. ასე დამეკარგა ნიშნები და მომიწია ხელახლა შამაჯამებლის ჩანიშვნა, სადაც თავიდან შევიტანე ნიშნები. კიდევ კარგი, „დასქრინული“ მქონდა… კლასის დამრიგებელი ვარ და ვინც ონლაინ სწავლებაზეა, მე მათ ნიშნებს ვერ ვხედავ, წვდომა არ მაქვს, რომ ვიცოდე, ვინმეს რამე ხომ არ უჭირს, ნიშანი ხომ არ აქვს გამოსასწორებელი და ა. შ. და ამისთვის მასწავლებლებს უნდა ვდიო. მე, როგორც დამრიგებელს, უნდა მქონდეს წვდომა თითოეული ბავშვის ნიშანსა თუ იმაზე, ონლაინზე გადადის თუ გადმოდის. ნიშნები ქრება. შემაჯამებლები ხომ მიქრება და ისეც ყოფილა, რომ შემაჯამებლის აღდგენა ჩამინიშნავს, მაგრამ მაჩვენებდა, რომ ხელახლა უნდა ჩამენიშნა. მივმართე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მითხრეს, ხელახლა ჩამენიშნა აღდგენა და ოქტომბერში დაწერილი ნიშნების აღდგენა ორი თვის შემდეგ მომიწია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს თამარ ცანავამ.
მასწავლებელი ამბობს, რომ განათლების სამინისტროს პედაგოგებისთვის ელექტრო ჟურნალის წარმოების თაობაზე სპეციალური ტრენინგი არ ჩაუტარებია. ამ საკითხს სკოლაში პროგრამა Teams-ის მასწავლებელი უგვარებთ ან ვერ უგვარებთ სისტემაში არსებული ხარვეზის გამო, პრობლემა კი შედარებით ასაკიან პედაგოგებს უფრო მეტი აქვთ.
„სამინისტროს არ ჩაუტარებია ტრენინგები პედაგოგებისთვის, მაგრამ სკოლის Teams-ის მასწავლებელმა ჩაატარა რამდენჯერმე ტრენინგი. ახალგაზრდა გოგოა და საათობით, დეტალურად უხსნის ყველას ყველაფერს, არ ეზარება. ვინც ცოტას ვერკვევით, ვცდილობთ, სხვებსაც დავეხმაროთ. სასწავლო ნაწილიც დეტალურად ამოწმებს ყველა ჟურნალს, მაგრამ ჟურნალი თვითონ არის გაუმართავი, იკარგება ნიშნები და ამას ვერავინ აგვარებს. მე რომ ნიშნები დამეკარგა, ამას ვერც ჩვენი Teams-ის მასწავლებელი მოაგვარებს და ვერც სასწავლო ნაწილი. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროგრამისტები კი გვეუბნებიან, ჩვენც ვერ ვხედავთო… პროგრამას რომ წერ და პასუხისმგებელი ხარ, როგორ შეიძლება ვერ ნახო ცვლილება და როგორ შეიძლება დაგეკარგოს ნიშანი? მერე რა, რომ კლასი დასწრებული სწავლებიდან დისტანციურზე გადავიდა, ის ნიშანი ხომ სადღაც იწერება, როგორ უნდა გაგიქრეს?
მე შემიძლია, მეილიდან მივწერო პროგრამისტებს, ვეცადო გამოსწორება, მაგრამ ბევრ მასწავლებელს ეს არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოტივირებულები არიან, ფიზიკურად არ შეუძლიათ ამდენი რამ ერთად ისწავლონ. ბევრი მასწავლებელი, ვისაც არ ჰქონია კომპიუტერთან შეხება, შეიძლება ვერ მისწეროს ასე დეტალურად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროგრამისტებს მეილზე და ამ შემთხვევაშიც ისევ სხვა უნდა დაეხმაროს“, – ამბობს თამარ ცანავა, რომელიც გვიდასტურებს, რომ ელექტრონული ჟურნალების შემოტანამ კი არ გაამარტივა პედაგოგთა ცხოვრება 21-ე საუკუნეში, არამედ ბევრი ანერვიულა.
„მასწავლებლები, მშობლები თუ მოსწავლეები განერვიულებულები არიან ამ ყველაფრით. ახლა გვითხრეს, რომ დაამატეს ფუნქცია, რომლის მიხედვითაც, არ უნდა გაითვალისწინო ჟურნალის მიერ დაანგარიშებული მოსწავლის ნიშანი სემესტრული ნიშნის გამოთვლისას, რაც ძალიან კარგია. ანუ რაღაც დონეზე კორექტირება შესაძლებელია, მაგრამ დაკარგული ნიშნების კორექტირება რამდენად შეიძლება, არ ვიცი. იმედი გვაქვს, წლის ბოლოს მოგვცემენ საშუალებას, რომ ბავშვების სასარგებლოდ გადაწყდეს ყველაფერი“, – გვიყვება მასწავლებელი.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში ჯობია, რომ ავტომატურად ანგარიშდებოდეს ნიშნები და ხელით ამოწერა-დაანგარიშება არ გვჭირდებოდეს და ეს ძალიანაც მომსწონს, მაგრამ ხარვეზები თუ არ გამოსწორდება…
„მხოლოდ მასწავლებლებზე რომ ატარებენ ექსპერიმენტებს და ამხელა მოთხოვნებია, თვითონ სამინისტრომაც უნდა მოგვცეს ამის შესაძლებლობა. მხოლოდ ის არ არის, რომ გვეუბნებიან, გრთავთ ათასწლეულის პროგრამაში, მეოთხე თაობის გეგმაში და ა. შ. იდეა ყველას აქვს, განხორციელებაა მთავარი! მასწავლებლების უმეტესობას აქვს ბლოკნოტი, სადაც შეაქვთ ნიშნები. ორმაგი შრომა გვიწევს. შარშან სათითაოდ ვიანგარიშეთ თითო ბავშვის ნიშანი და ორმაგი კი არა, სამმაგი და მეტი შრომაც გამოვიდა. იმედია, წელსაც ასე არ იქნება. თუ შენ მთავაზობ ელექტრონულ ჟურნალს, უნდა გამიმარტივო, კი არ უნდა გამირთულო! ყველა ექსპერიმენტს ჩვენზე ატარებენ და მასწავლებლებისთვის რთულია, ამ ყველაფრის უცბად სწავლა. ვფიქრობ, კიდევ ბევრი ტრენინგი სჭირდებათ პედაგოგებს ამისთვის. ბევრი მშობელიც ვერ შედის ამ ელექტრონულ ჟურნალში, სადაც დავალებებს მუდმივად ვწერდი. მშობლებსაც მე ხომ არ დავატრენინგებ?“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან თამარ ცანავა.
EDU.ARIS.GE-მ მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროს ნინო ეფხოშვილთან და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დეტალურ განმარტებებსა და შეფასებებს მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
ასევე იხილეთ:
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება