GE

ემოციური განათლება – როგორ ვასწავლოთ ბავშვებს თავიანთი გრძნობების ამოცნობა

ავტორი: თამარ მიჩიტაშვილი, დაწყებითი საფეხურის მაგისტრი მასწავლებელი თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლაში.

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

სკოლაში ბავშვები სწავლობენ კითხვას, წერას, მათემატიკას, მაგრამ იშვიათად ვასწავლით, როგორ უნდა როგორ უნდა მოუსმინონ საკუთარ გულს, გონებას და მართონ საკუთარი ემოციები. სწორედ ამიტომ, ემოციური განათლება განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი ბირთვია, რადგან გრძნობების ცნობიერება საფუძველს უყრის ადამიანის შინაგან სიმშვიდეს, ურთიერთგაგებასა და ბედნიერებას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი პიროვნების ფორმირებას.

წარმოიდგინეთ, ბავშვი, რომელსაც არ ასწავლეს საკუთარი გრძნობების ამოცნობა, ხშირად დაბნეულია საკუთარ თავთან — ბრაზდება და ვერ ხვდება, რატომ, ტირის, ხანდახან ვერ ხსნის მიზეზსაც. ასეთ დროს უფროსები ხშირად ამბობენ: „ნუ ტირი“, „ნუ ბრაზობ“, ამ სიტყვებით თითქოს ჩვენ თავად მოვუწოდებთ, რომ გრძნობები უნდა დამალონ და არ გამოხატონ.
მაგრამ ემოციების დამალვა არ ამცირებს მათ შინაგან მდგომარეობას პირიქით მეტად აძლიერებს. სწორედ ამიტომ უნდა დავეხმაროთ ბავშვს, სიტყვებით გამოხატოს განცდილი.

ემოციური განათლება ბავშვებს უვითარებს შემდეგ უნარებს:

  • სიტყვებით გამოხატონ განცდილი გრძნობები;
  • გააცნობიერონ, რა უბიძგებთ მათ კონკრეტულ ემოციამდე.
  • მართონ ბრაზი, შიში, ინტერესი ან სიხარული.

ამგვარად, ყველა გრძნობას სახელი უნდა დაერქვას. ბავშვს უნდა ვაჩვენოთ, რომ არა მხოლოდ სიხარული, არამედ სევდა, შიში ან ბრაზი ბუნებრივი და საჭირო ემოციებია. როდესაც ბავშვი სწავლობს საკუთარი გრძნობების ამოცნობას და მართვას, იგი იზრდება, როგორც დამოუკიდებელი, თვითშეფასებული და თანამგრძნობით პიროვნება. ემოციების აღიარება და ვალიდაცია არის მთავარი წინაპირობა ემოციური განვითარების. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი გრძნობები მისასალმებელია. მაგალითი: “ვხედავ, რომ მოწყენილხარ. ეს სრულიად ნორმალურია, ხანდახან მეც ვარ ხოლმე მოწყენილი”. ეს ასწავლის ემოციურ გამჭირვალეობას და უსაფრთხოობას. ემოციების სწავლება მხოლოდ თეორია არ არის — ეს მაგალითია, რომელსაც ბავშვი ყოველ დღე ხედავს.

თუ მასწავლებელი ან მშობელი გულწრფელად ამბობს: „ახლა ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ ერთად მოვიფიქროთ გამოსავალი“ – ბავშვი სწავლობს, რომ ნერვიულობა არ არის სისუსტე, და რომ საკუთარი გრძნობების მართვა შესაძლებელია.ამგვარად, ზრდასრულის დამოკიდებულება ემოციების მიმართ სწორედ ის “შინაგანი ხმაა”, რომელსაც ბავშვი აკვირდება და სწავლობს. სცადეთ ემოციური რეგულაციების პრაქტიკა. ასწავლეთ ბავშვებს ჩასუნთქვა–ამოსუნთვა, მოკლე მედიტაცია, ხელოვნების საშუალებით გამოხატვა. ასეთი პრაქტიკები ამსუბუქებს სტრესს და ასწავლის, როგორ მართონ ძლიერი ემოციები. ეს არის დამშვიდების ერთ-ერთი მეთოდი ძლიერი ემოციის დროს.

გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო აქტივობას საკლასო სივრცეში განსახორციელებლად.

თამაში — ემოციების სწავლების საუკეთესო გზა

დაწყებით კლასებში ემოციების სწავლება შეიძლება გახდეს საინტერესო და მხიარული პროცესი.
თამაში „გრძნობების ფერები“ — როცა ბავშვები ხატავენ, რა ფერი აქვს სიხარულს, შიშს ან ბრაზს — ეხმარება მათ, ემოციები ვიზუალურად გამოხატონ და გააცნობიერონ.

„ემოციური თეატრი“, სადაც ბავშვები ასრულებენ სხვადასხვა გრძნობას, დანარჩენები კი ცდილობენ გამოიცნონ, რას გრძნობენ ისინი, ამაღლებს ემპათიას და სხეულის ენით კომუნიკაციის უნარს.თამაში აქ უკვე სწავლებაა — სწავლა, რომელიც სიამოვნებას იწვევს და ამიტომაც ყველაზე მძლავრია.

გრძნობების ყოველდღიური დიალოგი

ემოციების ცნობიერება იქმნება ყოველდღიურობით. მშობელსა თუ მასწავლებელს შეუძლია დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმოს ემოციურ დიალოგს:„რამ გაგახარა დღეს?“ „როდის გაბრაზდი?“ „რამ გაგაკვირვა?“ეს მარტივი შეკითხვები ბავშვს აჩვევს ფიქრს საკუთარ თავზე,გრძნობებზე, ხდის გულწრფელს და ავითარებს ემოციურ ინტელექტს.

თანაგრძნობა

საკუთარი გრძნობების ამოცნობა მხოლოდ დასაწყისია. ნამდვილი ემოციური განათლება მაშინ სრულდება, როცა ბავშვი სწავლობს სხვების განცდების დანახვასაც.

ზღაპრებისა და ილუსტრაციების მეშვეობით მასწავლებელს ან მშობელს შეუძლია ჰკითხოს: „რას გრძნობდა ეს გმირი?“ „რატომ მოიქცა ასე?“ „შენ რას იგრძნობდი მის ადგილას?“ ასეთი კითხვები ავითარებს თანაგრძნობის — უნარს, რომელიც არა მხოლოდ სოციალურ ურთიერთობებს, არამედ ადამიანურ,პიროვნულ ღირებულებებს უყალობებს.

ასევე იხილეთ:

რა უნდა შეცვალოს ძველი თაობის პედაგოგმა, რომ სკოლაში ახალი თაობის გამოწვევებს უპასუხოს?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური