GE

ენგურის ხიდი აბიტურიენტების ნაწილმა გადმოკვეთა, მინისტრის მოადგილის პასუხი, მათთვის ვინც ვერ გადმოვიდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ EDU.ARIS.GE-ს კითხვას უპასუხა, რომელიც ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ენგურს იქით დარჩენილი აბიტურიენტების ბედს ეხებოდა.

„ჩვენი ინფორმაციით, აბიტურიენტების ნაწილმა შეძლო გადმოსვლა, ნახევარი გადმოსულია. ყოველდღე ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, მოგეხსენებათ, რომ პრობლემა შეექმნათ აბიტურიენტებს. ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი ვთქვათ ის, რომ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ მათ არ შეექმნათ განათლების მიღების პრობლემა. მოვუწოდებ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, შეძლეს თუ არა მათ პირველ გამოცდაში მონაწილეობის მიღება, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ, მომდევნო გამოცდებში აუცილებლად ჩაერთონ, ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და შემდგომ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით უზრუნველვყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მიიღონ გამოცდებში მონაწილეობა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ”, – განმარტა აბულაძემ.

მან განცხადება გააკეთა 103-ე სკოლაში მისვლის შემდეგ გამოცდების მიმდინარეობაზეც.

„2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდები მიმდინარეობს 23 საგამოცდო ცენტრში. პირველი სესია ყველგან 09:00 საათზე დაიწყო. იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტს დააგვიანდა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. სრული სტატისტიკური მონაცემები მოგვიანებით გვექნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აბიტურიენტებს ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათები, აუცილებლად იქონიონ თან პირადობის მოწმობა და დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში. ზუსტად იმ დროს, რაც მითითებულია საგამოცდო ბარათში“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ და დასძინა, რომ 2019 წლის შედეგების გამოქვეყნება 1-ლი აგვისტოდან დაიწყება.

შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს კი გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური