GE

„ენობრივი მხარის შეფასების წილი გაიზარდა“ – რა ცვლილებები შევიდა მასწავლებლობის მსურველთა (VII – XII) ქართულის ტესტში

21 ივნისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ ღია კარის დღეზე, იმ მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა კითხვებს, ვინც გამოცდას ზაფხულში ჩააბარებს, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა უპასუხეს. მათ გამოსაცდელებს მიაწოდეს ინფორმაცია ტესტური დავალებების სპეციფიკასთან, საგამოცდო წესებთან და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე  ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძის განცხადებით, იმ მასწავლებლებისა თუ მასწავლებლობის მსურველებისთვის, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას VII – XII კლასებისთვის აბარებენ, ტესტში  გარკვეული ცვლილებებია შესული.

„ცვლილება შეეხო პირველ ნაწილს -ქართულ ენას. კერძოდ პირველი ბლოკის დავალებას. მოგეხსენებათ, პირველი ექვსი კითხვა, თითოეული გახლდათ 2-ქულიანი, იყო  ღია კითხვები. მათ ნაცვლად, წელს შემოგთავაზებთ თერთმეტ ე.წ არჩევითპასუხიან დავალებას. ასევე, მცირეოდენი ცვლილება შეეხო ორ კომპლექსურ დავალებას. მოცემული იქნება პუბლიცისტური სტატიიდან ამონარიდი. აქ 11- ქულიანის ნაცვლად, იქნება 12-ქულიანი დავალება და ენობრივი მხარის შეფასების წილი გაიზარდა. სამაგიეროდ, ის მოიხსნა შემდეგ დავალებაში, რომელიც მოსწავლის ნაწერის შეფასებას ეთმობოდა და იქ ენობრივად აღარ შეფასდება“, – აღნიშნა ქართულის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ნანა ლოლაძემ განმარტა, რომ პირველი ნაწილისგან განსხვავებით, ტესტის მეორე ბლოკში – მხატვრული ლიტერატურა და მესამე ბლოკში –  წერითი დავალება, გამოსაცდელებს ცვლილებები არ დახვდებათ.

გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა, დააზუსტა, რომ არ შეცვლილა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა დანარჩენი შიდა რეგულაციები -რომელი ქულა რა საფეხურს შეესაბამება, არ არის გამოცდების ცენტრის პრეროგატივა: „მასწავლებელთა სახლი აწესებს, რომელი ქულა რა  საფეხურს შეესაბამება. გამსვლელი ქულა 60 პროცენტი +1 დარჩა“.

გამოცდების ცენტრის წარმომადგენელს არ განუმარტავს, რატომ გახდა საჭირო ზემოთ ნახსენები ტესტური ცვლილებები, თუმცა აღნიშნა, კონკრეტულად რა მოწმდება ტესტით: „გამოსაცდელის ლიტერატურის ცოდნა მოწმდება არჩევითპასუხებიანი 15 დავალებით, ხოლო წერითი უნარ-ჩვევები მხატვრული ტექსტის ანალიზით“.

ნანა ლოლაძის განცხადებით, ქართული ენისა და ლიტერატურის, მე-7 ან მე-12 კლასების ტექსტისთვის მაქსიმალური ქულა 70 -ია, გამოცდის ხანგრძლივობა კი კვლავ  4 საათი.

ასევე იხილეთ:

საგამოცდო ცენტრები და მათთან მისასვლელი მარშრუტები გამოქვეყნდა – გამოცდები 2023

განახლებადი ინფორმაცია გამოცდებსი შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური