GE

ეროტიული თუ ეროტიკული? დინამიური თუ დინამიკური? ელემენტარული თუ ელემენტალური?

გრამატიკულ ცნობარში ამჯერად ურ/ულ ბოლოსართით ნაწარმოები ზოგიერთი სახელის მართლწერას მიმოვიხილავთ.

საგნის თვისების ან წარმომავლობის სახელთა საწარმოებლად ყველაზე ხშირად გამოიყენება -ურ ბოლოსართი. ის არსებითი სახელის ფუძეს დაერთვის და ახალ სიტყვას აწარმოებს:

კაცი-კაცური

სტუდენტი – სტუდენტური

სვანი – სვანური

ფიზიკა – ფიზიკური

შეცდომები მაშინ იჩენს თავს, როდესაც -იკა კომპლექსზე ფუძეგათავებულ სახელთაგან აწარმოებენ ზედსართავ სახელებს ისე, რომ არ ითვალისწინებენ თავდაპირველ დაწერილობას. ამის შედეგად წერითი თუ ზეპირი მეტყველების დროს ხშირად პარალელურად იყენებენ ორ ფორმას, რომელთაგან ერთი მცდარია:

დინამიური და დინამიკური

ეროტიული და ეროტიკული

რომანტიული და რომანტიკული

იმისთვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ, უნდა გვახსოვდეს:

თუ სახელის ფუძე -იკა კომპლექსზე თავდება, ზედსართავის დაბოლოებად მივიღებთ -იკურ/იკულ ფორმას. შესაბამისად, სწორია:

დინამიკური ( დინამიკა)

ეროტიკული ( ეროტიკა)

რომანტიკული ( რომანტიკა)

ფსიქიკური ( ფსიქიკა)

ლირიკული ( ლირიკა)

თუ სიტყვის ძირში, ბოლოსართთან ახლოს, თანხმოვანი წერია, მაშინ სიტყვას ულ სუფიქსი დაერთვის, თუ თანხმოვანი, მაშინ ურ ბოლოსართი უნდა ვიხმაროთ.

არასწორია: დინამიური; ეროტიული; ლირიული; ფსიქიური; ელემენტალური

სწორია: დინამიკური; ეროტიკული; ლირიკული; ფსიქიკური; ელემენტარული

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური