GE

ეროვნულ გამოცდებზე საგნის გადაბარება – რა იცვლება სტუდენტთა მობილობის წესში

შიდა და გარე მობილობის წესები, უახლოეს მომავალში, შეიცვლება. თუ თქვენ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეთ, მაგრამ სწავლის დაწყების შემდეგ მიხვდით, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ და ფაკულტეტის, უნივერსიტეტისა და პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეთ, ამისათვის, შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ხელახლა გასვლა მოგიწიოთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი თქვენს მიერ პირველად არჩეულ სპეციალობაზე მისაღებ გამოცდაზე სხვა საგნები ბარდებოდა სავალდებულო წესით, ხოლო ახლად შერჩეულ ფაკულტეტზე-სხვა.

„პირველ კურსზე ვარ და სამი საგანი მაქვს ჩაბარებული – ისტორია, ინგლისური და ქართული. მაინტერესებს, როგორ მოხდება მობილობა სხვა უნივერსიტეტსა და სხვა ფაკულტეტზე, რომელზეც მათემატიკა და ქიმია ბარდებოდა?– EDU.ARIS.GE-ს გვერდზე შემოსული ამ კითხვის ავტორი ერთ-ერთი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი სალომე ესაიაშვილია. სწავლის პირველ სემესტრშივე მიხვდა, რომ ჩაბარებისას შეცდომა დაუშვა და ახლა შიდა, ან გარე მობილობით სარგებლობა და ილიას უნივერსიტეტის, ან თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტზე გადასვლა უნდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე მოსახვედრად სავალდებულო საგანი ისტორია იყო, ხოლო ქიმიის ფაკულტეტზე მათემატიკა ბარდება, სალომეს აინტერესებს აქვს თუ არა შანსი პროფესიის ამგვარი შეცვლის და რა იქნება ამისთვის საჭირო.

კითხვაზე პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს მივმართეთ, როგორც სტუდენტმა. მათგან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ორიოდე გადამისამართების შემდეგ მეტად საინტერესო პასუხი მივიღეთ. როგორც აღმოჩნდა, სულ მალე მობილობასთან დაკავშირებით სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. კერძოდ კი იმას, რომ ზაფხულიდან ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის შესაცვლელად სტუდენტებს დამატებითი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. გამოცდა კი იმ საგანში იქნება, რომელიც შერჩეულ ფაკულტეტზე მისაღებად ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო წესით ბარდება.

როგორც მართვის სისტემის თანამშრომელმა განგვიმარტა, ცვლილება, ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად განხორციელებული არ არის, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

„ანუ, თქვენ თუ ის საგნები არ გაქვთ ჩაბარებული, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე (იმ კონკრეტული ფაკულტეტისთვის) ბარდება, იმ პროგრამის არჩევის უფლებას თავად პორტალი, რომელზეც რეგისტრაციას გაივლით, არ მოგცემთ. კეთდება დაშვება, რომ შეიძლებოდეს ეროვნულებზე იმ საგანის გამოცდაზე გასვლა, რომელიც იმ პროგრამაზე ბარდება, სადაც გადასვლა გინდათ. ამას მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულებული სახე მიეცემა და შეგეძლებათ გაცნობა. ანუ, იმ კონკრეტულ ერთ საგანს გადააბარებთ, მერე უკვე გექნებათ მობილობის უფლება და პროგრამას ჩვეულებრივად აირჩევთ. ახლა ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და წესით, დაახლოებით 2 კვირაში, სამინისტროს საიტზეცა და ჩვენს საიტზეც ოფიციალური სახით გამოქვეყნდება. მერე უკვე შეგეძლებათ რეგისტრაცია გაიაროთ და გამოცდებზე ის ერთი საგანი ჩააბაროთ. დიდი ალბათობით, უკვე ზაფხულში მობილობა ამ მეთოდით ჩატარდება“, – განგვიცხადეს მართვის სისტემაში და აქვე ისიც გვირჩიეს, რომ დაახლოებით 10 დღეში მათ ვებ-გვერდს თვალ-ყური ვადევნოთ, რათა სიახლე არ გამოგვეპაროს.

აღსანიშნავია ის, რომ როგორც აღმოჩნდა, სტუდენტებს, რომელთაც მობილობით პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ ისარგებლეს, არავითარი გამოცდის გავლა არ მოუწიათ და რადიკალურად განსხვავებულ ფაკულტეტზეც კი, უპრობლემოდ შეეძლოთ გადასვლა.

„აქამდე ასე არ იყო. აქამდე, რა პროგრამასაც აირჩევდა სტუდენტი, თუკი უნივერსიტეტი არ შეზღუდავდა, ჩვენგან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და ახლა ჩვენგანაც შეზღუდვა იქნება. თებერვალში რომ იყო მობილობა, ჩვეულებრივად გადავიდნენ და დიდი ალბათობით, ესეთი მობილობა ბოლო იყო“, – მივიღეთ პასუხი.

როდესაც მიღებული ინფორმაცია სალომეს გადავეცით, ის გაკვირვებული დარჩა, რადგან ფიქრობს, რომ მსგავსი მნიშვნელობის საკითხებზე ინფორმაცია გაცილებით ადრე უნდა ხდებოდეს ცნობილი. განსაკუთრებით უსამართლოდ კი მას ის მოეჩვენა, რომ ზამთარში გამოცხადებული მობილობისას, ნებისმიერ მსურველს, სპეციალობისა და უნივერსიტეტის შეცვლა ყოველგვარი გამოცდის გარეშე შეეძლო, მაშინ როცა ზაფხულის ნაკადს უკვე დამატებითი გამოცდის გავლა მოუწევს. სალომე მიიჩნევს, რომ ეს სტუდენტების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაა და ამის შესახებ მათ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ.

„როცა ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესი შეიცვალა, მობილობასთან დაკავშირებით ინფორმაციაც მაშინვე უნდა გამოქვეყნებულიყო. რაც მალე გამოაქვეყნებენ სიახლეს, მით უკეთესია, რათა მომზადება მაინც მოვასწროთ“, – ამბობს სალომე.

საკითხზე მეტი დეტალისთვის EDU.ARIS.GE აუცილებლად მიმართავს განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და მათგან მიღებულ ინფორმაციას მომდევნო მასალებში მოგაწვდით.

გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები – რომელ უმაღლესებში გადავიდა მეტი სტუდენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური