„ერთად ცხოვრება კლასში“ – როგორ ვასწავლოთ განსხვავებულების მიღება?
ავტორი: თამარ მიჩიტაშვილი, დაწყებითი საფეხურის მაგისტრი მასწავლებელი თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლაში.
კლასი მრავალფეროვნებით სავსე პატარა სამყაროა. თითოეულ მოსწავლეს თავისი უნარი, ტემპი და ხასიათი აქვს. აქ იკრიბებიან ბავშვები სხვადასხვანაირი ხასიათებით, ინტერესებითა და შესაძლებლობებით. ზოგი ხმაურიანია, ზოგი კი ჩუმი; ზოგი სწრაფად სწავლობს, ზოგს მეტი დრო სჭირდება; ერთს სპორტი იზიდავს, მეორეს – ხატვა. სწორედ ეს ქმნის რეალურ სასწავლო გარემოს, სადაც ბავშვები ერთმანეთისგან სწავლობენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ – თანაგრძნობას, მეგობრობას და განსხვავებულის მიღებას.
განსხვავებულობის გამოწვევა და შესაძლებლობა
ბავშვებისთვის ხშირად რთულია ისეთი თანაკლასელის გაგება, რომელიც „არ ჰგავს“ მათ. განსხვავებული ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენელი იყოს, ან უბრალოდ განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩეოდეს. პირველ რეაქციად შეიძლება გაუცხოება გამოიხატოს, თუმცა სწორედ ამ ეტაპზე იწყება მნიშვნელოვანი სასწავლო პროცესი – როგორ ვიპოვოთ საერთო ენაზე საუბრის გზა.
რატომ არის მნიშვნელოვანი განსხვავებულების მიღება?
სკოლაში ბავშვი ხვდება სოციალურ გარემოში, სადაც ყველა ერთნაირი არ არის. თუ მასწავლებელი სწორად წარმართავს პროცესს, განსხვავებულობის მიღება ბავშვებისთვის ბუნებრივ გამოცდილებად იქცევა და არა – სირთულედ. მასწავლებელი კლასში არა მხოლოდ ცოდნის გადამცემია, არამედ ხიდია ბავშვებს შორის. თუ მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ „სხვაობა სიმდიდრეა“, ბავშვებიც სწავლობენ განსხვავებულის დადებითად დანახვას.
მაგალითად, კლასში ახალი მოსწავლის მისვლისას, პატარა ისტორიები, თამაშები და ერთობლივი აქტივობები ეხმარება ბავშვებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომენტი მაშინ იჩენს თავს, როცა ბავშვი, რომელსაც თავიდან ერიდებიან, თანაკლასელის გვერდით მეგობრულ სიტყვას, ღიმილს ან გაბედულ მხარდაჭერას იგრძნობს. ეს გამოცდილება არა მხოლოდ კონკრეტულ ბავშვებს აძლევს ძალას, არამედ მთელ კლასს ასწავლის: ერთად ცხოვრება ნიშნავს ერთმანეთის გვერდით დგომას, მაშინაც კი, როცა ადვილი არ არის.
პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის
1. კლასის ატმოსფერო – წესები, რომლებიც ყველას ეხება
– თავიდანვე ჩამოაყალიბეთ კლასის საერთო შეთანხმება: „ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ და ეს ჩვენი ძალაა.“ მოამზადეთ ვიზუალური პლაკატი კლასში, სადაც ბავშვების იდეები იქნება განხილული თუ როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს.
2. თამაშები და ერთობლივი აქტივობები
– გამოიყენეთ როლური თამაშები: ბავშვები იცვლიან როლებს, მაგალითად, „რა მოხდება, თუ ვიქნები ახალი მოსწავლე?“ – ეს ავითარებს ემპათიას.
ჩართეთ ჯგუფური პროექტები, სადაც თითოეული მოსწავლე თავისი უნარით იქნება მნიშვნელოვანი – ერთს შეიძლება ხატვა გამოუვიდეს, მეორეს – კითხვა, მესამეს – კრეატიული იდეების მოფიქრება.
3. განსხვავებულობის დადებითი ხაზგასმა
– მასწავლებელმა უნდა „გამოავლინოს“ ბავშვის ძლიერი მხარე და კლასს აჩვენოს, რომ განსხვავებულობა შეიძლება ღირებულებად იქცეს. მაგალითად: „ლუკა ძალიან ჩუმია, მაგრამ როცა მის აზრს ვუსმენთ, ყოველთვის საინტერესო იდეას ამბობს“.
4. ემოციური დიალოგები
– დაუთმეთ დრო „გრძნობების წრეს“, სადაც ბავშვები თავისუფლად გამოხატავენ რას გრძნობენ. ეს განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვისაც რთულად გამოხატვა. ბავშვებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა და სიტყვებით გამხნევება.
5. მასწავლებლის მაგალითი
– მასწავლებელი თავად უნდა აჩვენებდეს, რომ პატივს სცემს განსხვავებულ მოსწავლეს – ეს ბავშვებისთვის ყველაზე ძლიერი მესიჯია.მცირე ჟესტებიც კი (გულწრფელი მადლობა, ქება, ყურადღება) აძლიერებს მიღებისა და უსაფრთხოების განცდას.
რას ვასწავლით მომავალ თაობას?
როცა ბავშვები სწავლობენ სხვათა მიღებას, ისინი მომავალშიც იზრდებიან ისეთ მოქალაქეებად, რომლებიც აფასებენ მრავალფეროვნებას და ქმნიან უფრო თანაგრძნობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას.
დასკვნა
ამგვარად, „ერთად ცხოვრება კლასში“ მხოლოდ სკოლის ყოველდღიურობა კი არა, ცხოვრების გაკვეთილია. განსხვავებულის მიღება არ არის მხოლოდ კლასის ყოველდღიური წესი – ეს არის მომავალი საზოგადოების ფორმირების გზა. როცა ბავშვები სწავლობენ ერთმანეთის გვერდით ცხოვრებას, ისინი იზრდებიან უფრო მშვიდ, თანაგრძნობით სავსე და სამართლიან მოქალაქეებად.
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი