GE

ერთი გამოცდა უმაღლესში ჩასარიცხად და უნივერსიტეტების უარი – გამოცდების სისტემის ცვლილების რა ვერსიები განიხილება დახურულ კარს მიღმა

„არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას“, – ამ სიტყვებს ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საგამოცდო სისტემის ცვლილებებზე საუბრისას და, ალბათ, სწორედ ამას უნდა მივაწეროთ, რომ ნაცვლად 2018 წლის მიწურულისა, სასკოლო თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას განათლების სისტემის ხელმძღვანელები 2019 წლის დასაწყისში გვპირდებიან. წლის დასაწყისად ნებისმიერი ადამიანისთვის იანვრის თვე განიხილება, თუმცა რამდენად მოესწრება და რა ტიპის ცვლილებები შეიძლება მივიღოთ, ამაზე ჯერ შეჯერებული, ერთიანი პოზიცია არ არსებობს, იანვრამდე კი დღეები რჩება.

ვიცით, რომ ცვლილებების მომზადების შესახებ რამდემნიმეეტაპიანი მუშაობა, რომელშიც სხვა აქტივობებთან ერთად პერმანენტული შეხვედრებიც მოიაზრება, უკვე თვეებია მიმდინარეობს. მთავრობა ამბობს, რომ პროცესში ჩართულია „ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და უმაღლესი სასწავლებლები“.

როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, სწორედ უმაღლესი სასწავლებლები არიან წინააღმდეგი ცვლილების ერთ–ერთი ვარიანტისა, რომლის განხილვაც მიმდინარეობს, სხვა ვარიანტებთან ერთად. კერძოდ, საუბარია გამოცდების ცენტრის მხრიდან ერთი ცენტრალიზებული გამოცდის ჩატარებაზე ზოგად უნარებში. რაც შეეხება ამის შემდეგ სტუდენტის კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას, ეს საკითხი შიდა გამოცდებით თავად საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დაარეგულიროს. აღნიშნულ ვარიანტს უმაღლესების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოყვა, მათ უარი თქვეს მსგავსი იდეის მხარდაჭერაზე და მსჯელობა კვლავაც გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი ჩვენთვის  განმარტეს, რომ სამუშაო შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ყველასთან, ხორციელდება არაერთი საკითხის არაერთ დონეზე განხილვა, თუმცა ჯერ არც ერთ ვარიანტზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და როგორც კი კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს გამოცხადდება. „არაფერი კონკრეტული ჯერ არ არის“, – დასძინეს გამოცდების ცენტრში.

საკითხის შეფასება და მათთვის სასურველი საგამოცდო მოდელის დახასიათება EDU.ARIS.GE-მ ერთის მხრივ ერთ–ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და ასევე დარგის სპეციალისტს სთხოვა:

გიორგი ღავთაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: „ეროვნული გამოცდების ცვლილების საკითხზე, ზოგადად, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს საუბარი. თუმცა, პირადად ჩემთან, თქვენს შეკითხვაში დაფიქსირებულის მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა. არც მსგავსი საკითხის განხილვისათვის მიძღვნილ შეხვედრაზე მივუწვევივარ ვინმეს.

„რაც შეეხება პოზიციას, საუნივერსიტეტო გამოცდა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე აქამდეც ტარდებოდა უნივერსიტეტში. ბაკალვრიატის დონეზე შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩატარების შესახებ, ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ჩემი აზრით, მხოლოდ ეროვნული გამოცდების ცვლილება საკმარისი არ იქნება და საკითხს უფრო კომპლექსურად უნდა შევხედოთ. კერძოდ, აუცილებლად მიმაჩნია სასკოლო გამოსაშვები და ეროვნული გამოცდების „გაერთიანება“ და „ნაეკი“-ს კურირებით ჩატარება. ამჟამად, ბავშვები თითქმის ორი თვე სტრესულ მდგომარეობაში არიან და ამის არანაირი აკადემიური გამართლება არა აქვს. ორივე გამოცდის ფარგლებში, სკოლის პერიოდში მიღებული განათლებისა და კომპეტენციების შემოწმება ხდება, რაც თავისუფლად შეიძლება, რომ ერთჯერადად შემოწმდეს“.

გიორგი გახელაძე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. განათლების სპეციალისტი: „უმაღლესში მიღებისათვის არსებულმა საგამოცდო სისტემამ თავისი დრო მოჭამა. ახლა მან უკვე გააძლიერა ის მხარე, რასთან საბრძოლველადაც თავის დროზე შემოღებულ იქნა. ვგულისხმობ, უმაღლესში მოსაწყობად ოჯახებიდან ფარულ დანახარჯებს, რომელიც თუკი ადრე ქრთამის სახით საგამოცდო კომისიისკენ მიემართებოდა ახლა რეპეტიტორებისაკენ მიემართება და უფრო დიდ დანახარჯებთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც 2006 წლიდან  უმაღლესების ავტორიზაცია-აკრედიტაციის მექანიზმი აამუშავა, საერთოდ ნონსენსი გახდა უმაღლესში მიღების დამატებითი წესი.

„ზოგადად, მე ამ  მოდელს [ერთი გამოცდის პრინციპს], უფრო დადებითად ვაფასებ ვიდრე უარყოფითად. თუ გვინდა ამ მოდელში ფარული და ჩრდილოვანი ეფექტები თავიდან ავიცილოთ და უნივერსიტეტებში ძველი კორუფციული სისტემები აღარ გაჩნდეს,  უკეთესი ვარიანტი იქნებოდა ამ პროცესს წინ თავად ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესის ტრანსფორმაცია უძღოდეს. დღეს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი  არც ერთ უმაღლესს არ უმოწმებს სტუდენტების მიღების პროცედურას, წესს, სამართლიანობას, ობიექტურობას, გამჭვირვალეობას და ა.შ. შესაბამისად, ეს აუცილებლად დასანერგი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ  უმაღლესებში კორუფციის კერები ისევ გაგვიჩნდება. თუ ეს გაკეთდება, ამ პირობით, ეს სიახლე კარგია.

„აქ მეორე მომენტი ისაა, რომ არსებული მოდელი, მოგეხსენებათ ჩარიცხული სტუდენტებისათვის სახელმწიფო გრანტის განაწილებასაც განაპირობებს. დღევანდელი წესი საკმაოდ უსამართლოა, რადგან ეროვნული გამოცდებით ადამიანი გრანტს სრული საფეხურისათვის იღებს ან არ იღებს. აქ სტუდენტის შემდგომი აკადემიური მოსწრება გათვალისწინებული აღარ არის – რამდენად კარგად ან ცუდად სწავლობს. თანხა გარანტირებულად აქვს, ან არ აქვს. ეს შესაცვლელია. სამართლიანი იქნებოდა სტუდენტის აკადემიური მოსწრებაც გათვალისწინებული ყოფილიყო.  რაც შეეხება იმას, თუ რაზე უნდა იყოს დამოკიდებული გრანტირება ამ ახალი მოდელის ამოქმედების შემთხვევაში – მხოლოდ უნარების გამოცდაზე თუ უნივერსიტეტებში ჩატარებულ შიდა გამოცდებზეც, ძალიან რთული იქნება სამართლიანად გავითვალისწინოთ უნივერსიტეტების მიერ მოწყობილი და დაორგანიზებული შიდა გამოცდების შედეგები. სახელმწიფოს ერთგვაროვანი ნიშნული სჭირდება, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს, ამ განაწილების მიმართ, თანასწორს გახდის. ამიტომ, თუკი უნარების ცენტრალიზებული გამოცდა იქნება, მაშინ მისი შედეგებით შეიძლება გრანტის განაწილება.“

„ნაეკის“ ხელმძღვანელი საგამოცდო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით: „არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას“

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური