GE

ერთი მასწავლებლის მიერ სკოლაში შექმნილი ბიოლოგიის კლუბი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა – „სიცოცხლის ევოლუცია“

ავტორი: თამარ ჩიქოვანი, მაგისტრის ეკოლოგიის მიმართულებით, ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი ქალაქ თბილისის N30-ე საჯარო სკოლაში.

ბოლო რამდენიმე თვე ჩემთვის, როგორც რიგითი მასწავლებლისთვის, დიდი შთაგონებისა და პროფესიული სიხარულის პერიოდად იქცა.

თბილისის 30-ე საჯარო სკოლაში დავაარსე ბიოლოგიის კლუბი, რომელსაც სახელი „სიცოცხლის ევოლუცია“ დავარქვი. იდეა თავიდან სიფრთხილით და ცოტა ეჭვითაც კი იქნა მიღებული – ინტერესი მცირე იყო, თუმცა ძალიან მალე ყველაფერი შეიცვალა.

მოსწავლეებს გავაცანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნებოდა არაფორმალური განათლების მეთოდებს .კლუბი დაკომპლექტებულია მე-7-და მე-11 კლასის მოსწავლეებით, ისინი დიდი ინტერესით გამომყვნენ. ეს იყო წერტილი, როცა ჩვეულებრივი კლუბი ნელ-ნელა გადაიქცა ინოვაციური და შთამბეჭდავი საქმიანობის სივრცედ, რაც ყველაზე მთავარია, კლუბურმა მუშაობამ ბავშვებზე საოცარი დადებითი გავლენა მოახდინა ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით.

ღონისძიებები, რომლებიც გზას გაკვალავენ

კლუბმა სულ რამდენიმე თვეში შეძლო მრავალმხრივი პროექტების განხორციელება:

დავესწარით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებულ ვიზიტს, სადაც მოსწავლეებმა პირველად იხილეს, თუ როგორ იკვეთება მეცნიერება პრაქტიკასთან.

ჩავერთეთ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროექტებში, მათ შორის ჭარბტენიანი ტერიტორიებისადმი მიძღვნილ კვირეულში, რაც გეოგრაფიისა (მაია ჩაჩუა) და ბიოლოგიის ინტეგრაციის შესანიშნავი მაგალითი იყო.

აღვნიშნეთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე სამოქალაქო განათლების (ნინო გაზაშვილი) მიმართულებით, თანადგომის, ინკლუზიისა და ადამიანური ღირებულებების გასაზიარებლად.

30-ე და 37-ე საჯარო სკოლებს შორის ჩავატარეთ ერთობლივი, ემოციური ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი თავად ვიყავი.

კლუბის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა key consulting-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, სადაც წარადგინეს თემა „მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ახალგაზრდებში“ , მთავარი ის არის, რომ ბავშვებმა აიღეს პასუხისმგებლობა, განივითარეს გუნდის შეგრძნება, გამბედაობა და თავდაჯერებულობა და ა.შ.

დასკვნით ღონისძიებად იგეგმება მასშტაბური შემაჯამებელი აქტივობა „ ფერის სუნთქვა“ , რომელიც გააერთიანებს მუსიკასა (ელზა კოჭლამაზაშვილი) და ბიოლოგიას. ღონისძიება ჩატარდება მრავალფეროვან, შთამბეჭდავ ბუნებრივ გარემოში, თბილ და ინსპირირებულ სივრცეში, რომელიც ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას.

სწორედ არაფორმალური განათლების დანერგვაა ჩემთვის, როგორც რიგითი მასწავლებლისთვის მთავარი სტრატეგია, კლუბში „სიცოცხლის ევოლუცია“.

და რაც ყველაზე მეტად მახარებს- ამ გზამ გამოიწვია მოსწავლეებში ინტერესი სიახლეებისადმი.
კლუბის ფარგლებში არაერთი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა:

მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები და არტ-კომპოზიციები დიდი ინტერესით.
ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა იყო ალგეთის ეროვნულ ტყე-პარკში გასვლა, სადაც ჩავატარეთ ღია ცის ქვეშ გაკვეთილი ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრაციით. მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს გადაშენების პირას მყოფი სახეობების თემაზე – ეს იყო მეცნიერებისა და ხელოვნების, ცოდნისა და ემოციის სინთეზი.

კლუბის მიღმა – ცვლილება ხედვაში

ამ პროცესმა არამხოლოდ მოსწავლეები შეცვალა, არამედ მეც დავრწმუნდი, რომ სკოლაში შესაძლებელია არაფორმალური განათლების სივრცის შექმნა, სადაც მოსწავლე სწავლობს არა მხოლოდ ბიოლოგიას, არამედ სამყაროსთან კავშირის გზებს.

მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ კლუბში აქტიურად ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიებს, რაც აძლევს ბავშვებს მეტ თავდაჯერებულობას, თვითგამოხატვის უნარს და შთაგონებას ახალი ცოდნის მოსაპოვებლად.

კლუბი „სიცოცხლის ევოლუცია“ ჯერ მხოლოდ ერთ სემესტრს ითვლის, თუმცა მან უკვე მოახერხა დიდი ცვლილებების დაწყება. ჩემი, როგორც მასწავლებლის, მიზანია ამ ინიციატივამ ბევრად მეტი ბავშვისთვის გახსნას ცოდნისა და თავისუფალი აზროვნების კარი.

გინდოდეს თუ არა განათლების სისტემაში რეალური ცვლილება – ყველაფერი ერთ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ჩემთვის ეს იყო ბიოლოგიის კლუბის შექმნა და ეს აღმოჩნდა საუკეთესო გადაწყვეტილება.

მადლობას ვუხდი 30-ე საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ მარიამ გოგოჭურს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის!

ასევე იხილეთ:

როგორ გავაძლიეროთ მათემატიკის საგნის სწავლება საჯარო სკოლებში – სპეციალისტის შეთავაზება განათლების სისტემას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური