GE

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 დაიწყო

2023 წლის ზაფხულის გამოცდები დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ზუსტად 09:00 საათზე კი გამოსაცდელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წერას დაიწყებენ, რომელიც დღეს ორ სესიად ჩატარდება (დილასა და შუადღეს) და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

რა სიახლეებია აბიტურიენტებისათვის 2023 წლის გამოცდებზე

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.  წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც.

2023 წლის ზაფხულის გამოცდების განრიგი ყველა მონაწილისთვის

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს დარეგისტრირდა გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2023

რაც შეეხება ზაფხულის გამოცდებში მონაწილე აპლიკანტების საერთო რაოდენობას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 75 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. სტატისტიკა კი ასეთია: სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. რაც შეეხება მასწავლებლის საგნის გამოცდას, რეგისტრაცია გაიარა 16 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2 500 -მდე გამოსაცდელი დარეგისტრირდა.

2023 წლის ზაფხულის გამოცდებში, აბიტურიენტების შემდეგ, უკვე 6 ივლისიდან უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებული გამოსაცდელები ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას  27-28 ივლისს ჩააბარებენ.

აღსანიშნავია, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება, ზაფხულის გამოცდები კი – 28 ივლისს. EDU.ARIS.GE წარმატებებს უსურვებს გამოცდების თითოეულ მონაწილეს და ეცდება, ყოველდღიურად მოგაწოდოთ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ასევე იხილეთ:

„როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში!…“ – მრავალგზის სტუდენტის მიმართვა და რჩევები აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური