ერთწლიან მაგისტრატურაზე ჩაბარებისას საერთო სამაგისტრო გამოცდისგან გათავისუფლდებით – რა ცვლილებები შევა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში
ცნობილია “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების ჩამონათვალი, რომელზეც საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტი იმუშავებს.
არაერთი ცვლილება შეეხება როგორც საგანმანათლებლო, ისე უნივერსიტეტის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მათ შორის საუბარია ერთწლიანი (60 კრედიტი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაზე, რომლის არჩევის შემთხვევაშიც პირს არ მოუწევს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მისი დასრულება არ იქნება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ, უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ:
- განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა;
- დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ჩამოყალიბდება ახლებურად;
- ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება;
- შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას;
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება;
- შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება;
- არანაკლებ 60 კრედიტიან სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებიდან ამოღებულ იქნება სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ტერმინი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით; იურიდიული პირები საავტორიზაციო განაცხადს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონების გარეშე ვერ წარადგენენ;
- სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის/სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ავტორიზაციის საბჭო, სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (რომელზეც აკრედიტაციის ფარგლებში სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა არ არის განსაზღვრული) განხორციელების შემთხვევაში, განსაზღვრავს აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას;
- სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ საშუალება თავად განსაზღვრონ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესი; – ავტორიზაციის საბჭოს ექნება უფლებამოსილება, სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდოს არა მხოლოდ დაწესებულების, არამედ უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვითაც;
- დარეგულირდება დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არაუმეტეს 6 თვის ვადით დანიშვნის საკითხი.
ცნობისთვის, სამწლიანი ბაკალავრიატისა და ერთწლიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესი მიხეილ ბატიაშვილის განათლების მინისტრობისას, ამოქმედების ვადების მითითების გარეშე დამტკიცდა.
ზემოაღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტს საქართველოს მთავრობა წარუდგენს და საკომიტეტო, ასევე სასესიო განხილვების შემდეგ დამტკიცდება.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება