ეს აქტივობები მომავალ პირველკლასელებს წერის სწავლისთვის დაეხმარებათ – მეცადინეობის მაგალითები მშობლებსა და მასწავლებლებს
2023-2024 სასწავლო წელს ათასობით ბავშვი გახდება პირველკლასელი. ეს, რასაკვირველია, განსაკუთრებით მშობლებს ახარებთ. ისინიც პატარებივით, მოუთმენლად ელიან პირველი სასწავლო წლის პირველ დღეს, თუმცა ისიც იციან, რომ წელი გამოწვევების გარეშე არ ჩაივლის. სწორედ ამიტომ, ზაფხულის ბოლო თვე მშობლებისთვისაც დატვირთულია. როგორ უნდა მოვამზადოთ 6 წლის პატარა სკოლისთვის და კიდევ, წერის, თვლისა თუ აკადემიური საუბრის სწავლის პროცესში მშობლის დახმარება არ არის მარტივი.
სწორედ ასეთ საკითხებზე საუბრობს EDU.ARIS.GE-სთან თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველკლასელთა გამოცდილი პედაგოგი და დამრიგებელი, სალომე დონაძე.
– პირველ რიგში, გვითხარით, რამდენად აუცილებელია, რომ მომავალი პირველკლასელის მშობელმა შვილი წინასწარ შეამზადოს მოსწავლეობისთვის?
– ხშირად, მშობლებს ჰგონიათ, რომ აუცილებელია ანბანის წინასწარ შესწავლა, კითხვის საწყისი უნარ-ჩვევების გამომუშავება ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად, თუმცა ეს ასე არ არის და მთავარი რამ ყურადღების მიღმა რჩებათ. პირიქით, ფსიქოლოგების უმეტესობას არ მიაჩნია სწორად სკოლაში შესვლამდე წერა-კითხვის სწავლება, რომ შემდეგში სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უინტერესო და მოსაბეზრებელი არ გახდეს. აი, რა არის მთავარი: ბავშვს პოზიტიური დამოკიდებულება უნდა გაუჩნდეს სკოლის, მომავალი დამრიგებლისა და მასწავლებლებისადმი. მშობლებმა უნდა გაუღვიძონ ინტერესი სასწავლო პროცესის მიმართ და თავიანთ, ბავშვურ ენაზე აუხსნან სკოლაში სიარულისა და სწავლის საჭიროება. მათი ძალისხმევა პირველ ეტაპზე სწორედ ამ კუთხით უნდა წარიმართოს. მშობლების მხარდაჭერითა და ხელშეწყობით კი ბავშვმა სკოლაში თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს, დანარჩენი კი, რასაკვირველია, დამრიგებლისა და მასწავლებლების კომპენტენციაზეა დამოკიდებული.
– გვითხარით, რა უნდა იცოდეს მომავალმა პირველკლასელმა სანამ სკოლაში დაიწყებს სწავლას?
– მომავალმა პირველკლასელმა აუცილებელია იცოდეს სად მიდის და რატომ. რატომ უნდა იაროს კვირაში 5 დღე ზურგზე ჩანთამოკიდებულმა, რა არის სკოლაში წასვლის მიზანი და რა კეთილდღეობის მომტანი იქნება ის მისთვის. უფროსებმა ყველა ამ კითხვაზე ამომწურავი და ადეკვატური პასუხები უნდა გასცენ პატარებს და ამით ხელი შეუწყონ თავიანთი შვილების სასკოლო მზაობას. სანამ პირველად შეაბიჯებდეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბავშვს უნდა შეეძლოს თვითმომსახურება, პირადი ჰიგიენის დაცვა, კერძოდ, საპირფარეშოთი სარგებლობა, ხელ-პირის დაბანა. ამ ეტაპისთვის მას ასევე უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული აღქმისა და მოსმენის უნარები. შეეძლოს ყურადღების კონცენტრაცია, საკუთარი იმპულსებისა და ემოციის მართვა, მზად იყოს თანამშრომლობისთვის, ჰქონდეს განვითარებული წვრილი და მსხვილი მოტორიკა. ამ კუთხით განსხვავებული მოთხოვნებია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მიმართ. ფსიქოლოგისა და სპეციალური მასწავლებლის დახმარებით ხდება მათი საჭიროებების დადგენა და შესაბამისი გარემო პირობების შექმნა სასწავლო პროცესში.
– გაგვიზიარეთ ის აქტივობები, რომლებიც პირველკლასელებს წერის სწავლისთვის დაეხმარებათ და რომელთა გამოყენებას მშობლებიც მარტივად შეძლებენ?
– ვიყენებ გაცოცხლებული ანბანის“ სტრატეგიას. ყოველი ახალი ასოს გაცნობისას, მოსწავლეებს ვავალებ, წარმოიდგინონ ქართული ანბანის ასოები ცოცხალ არსებებად და დახატონ ისინი. შედეგად ვიღებ არაჩვეულებრივ ნაშრომებს. ბავშვების ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს! ჩვენს გალერეაში თქვენ შეხვდებით ობობად ქცეულ ო – ს, მ – ს, რომელსაც ადამიანის მსგავსად, ხელებიც აქვს და თვალებიც, ფრთოსან ჩ – ს, კუდიან ძ – ს, ყურებიან დ – ს, გვირგვინოსან ზ – ს და ა.შ. ზოგიერთი ასო საერთოდაც ზღვაზე ირუჯება, ზოგი სკეიდბორდით სეირნობს, ზოგი მოსწავლესავით მერხს უზის, ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს და მრავალი სხვა.
ვსწავლობთ თხზულების წერის სტრატეგიას. ასოების გარკვეული რაოდენობის შესწავლის შემდეგ, მათი გამოყენებით, მე და მოსწავლეები ერთად ვქმნით პატარა თხზულებას და ვწერ დაფაზე, (მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ ფურცელი). ზოგჯერ ამ აქტივობას მთელი 35 წუთი სჭირდება. შემდეგ გაკვეთილზე კი ვმუშაობთ დაფიდან გადაწერაზე. თავიდან, რასაკვირველია, არის ხოლმე ბევრი შეცდომა და ხარვეზი, თუმცა მასწავლებლის სწორი დამოკიდებულებითა და მხარდაჭერით თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. დაფიდან გადაწერილ ტექსტს სურვილისამებრ აფორმებენ თემის შესაბამისი ილუსტრაციებით (შედეგად, ძალიან ფერადი და შთამბეჭდავი რვეულები აქვთ). გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა ზოგმა ვერ შეძლოს მთლიანი ტექსტის გადაწერა და ეს ტრაგედიას არ წარმოადგენს. ყველას უნდა მოვთხოვოთ ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით. დროთა განმავლობაში კი შედეგი უმჯობესდება.
გვაქვს აქტივობა თანმიმდევრული მსჯელობის სტრატეგია. შეარჩიეთ სამსჯელო საკითხები, მაგალითად, როგორიცაა მეგობრობა, სიკეთე, ბედნიერება და ა.შ. ბავშვი ახსნის, თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი, დუკავშირებს საკუთარ გამოცდილებას და ამის შემდეგ, ზეპირი გზით დამუშავებულ საკითხს წერილობით გააფორმებს. წერის პროცესში თავიდან აქაც გარკვეული სირთულეები იჩენს თავს, თუმცა ამ აქტივობის ხშირად გამოყენებისას უსათუოდ დავინახავთ დადებით შედეგს და გაგვაოცებს შვილის გულწრფელი, უშუალო და გონივრული ნაწერები. პარალელურად კი, არ უნდა დაგვავიწყდეს და მუდმივად მოვითხოვოთ, რომ წერონ სუფთად და ლამაზად, რადგან პირველ რიგში კალიგრაფია გვხიბლავს, შემდეგ კი მათი ნააზრევი.
ასევე იხილეთ:
როგორ ვამეცადინოთ პირველკლასელი – სპეციალისტის ინსტრუქცია მშობლებისთვის
ესაუბრა მზეო შველიძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება