GE

ეს არ იქნება გრძელვადიანი ინვესტიცია განათლებაში – ბაქსვუდის სკოლის პასუხი ალექსანდრე ჯეჯელავას

ბაქსვუდის სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია აქვს. საქმე ეხება ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას, სადაც ის ბაქსვუდის სკოლას ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილეებში, ბანაკის ხანგრძლივობის შემცირებასთან დაკავშირებით, უარყოფითი განწყობების შექმნაში ადანაშაულებს. მინისტრს ბრალდებების ადრესატი ბაქსვუდის სკოლის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ვაშაკიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას პასუხობს:

–პირველ რიგში, რას უპასუხებდით განათლების მინისტრის ბრალდებებს?

–მე ვფიქრობ, რომ ბატონ მინისტრს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ნამდვილად არ ვახალისებთ მოსწავლეებს. 9 წელი მიმდინარეობდა ეს პროექტი. გეთანხმებით, რომ გულდასაწყვეტია მისი შეჩერება, თუმცა, ის პროექტი, რომელზეც ბატონი მინისტრი საუბრობს, თავისი დადებითი მხარეები გააჩნია. ცხადია, მისი პრეროგატივაა რომელ პროექტს აირჩევს.

–მინისტრის არგუმენტით, ბაქსვუდის სკოლას სამკვირიანი ბანაკის შემთხვევაში უფრო მეტი სარგებელი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ახალისებდა მოსწავლეებს უარყოფითად ამ ბანაკის ხანგრძლივობის შემცირების წინააღმდეგ…

–თავშიც აღვნიშნე რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, იმიტომ რომ, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. სამი კვირის განმავლობაში მივიღებთ ბაშვთა რაღაც რაოდენობას  თუ იმავე რაოდენობას რაღაც ნაკადებად, არ იცვლება ფინანსური სურათი. მეტიც, გათვლები როცა კეთდება, კეთდება ერთი  ბავშვის ღირებულებიდან გამომდინარე – რა ჯდება ერთი ბავშვი. ცხადია, თუკი რაოდენობა მთლიანობაში გაიზრდება, გაიზრდება ბიუჯეტიც. გულახდილი რომ ვიყო, ასეთი ტიპის ბანაკები შეიძლება ფინანსურად უფრო უკეთესიც აღმოჩნდეს.

–ყოფილი ბაქსვუდელების თქმით, სამი კვირა იყო როგორც ერთმანეთის გაცნობის, ასევე დაახლოების და ახალი ემოციებისთვის. ამ პროგრამის ერთ კვირამდე დაყვანა რამდენად შეესაბამება რეალობას?

–მოდით ავხსნათ, ეს პროგრამა არ დადის ერთ კვირამდე. თვისობრივად სხვა ტიპის საზაფხულო სკოლები იქნება. ვეთანხმები ბავშვებს ამ შემთხვევაში, რომ სამ კვირას და იმ აკადემიურ პროგრამას, რომელიც ხორციელდებოდა სხვა ხიბლი ჰქონდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ინგისლური ენის საზაფხულო სკოლაში თავს იყრიდა ოლიმპიადაში გამარჯვებული მე-9-მე-10-მე-11 კლასელი მოსწავლეების კონტინგენტი, რომელიც თავისთავად ცალკე აღებული არიან წარმატებული მოსწავლეები. ეს პროგრამა ხელს უწყობდა მათ, რომ უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, გასჩენოდათ დამატებითი მოტივაცია, კიდევ უფრო მოტივირებული ყოფილიყვნენ, რომ ამ საზაფხულო სკოლაში მომავალ წელსაც მოხვედრილიყვნენ და მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი იყო წარმატებული თუნდაც იმიტომ, რომ ეს იყო გარკვეულწილად გრძელვადიანი ინვესტიცია განათლებაში. ამ პროექტში მოხვედრილი ბავშვები კიდევ უფრო უკეთესები ხდებოდნენ და ბევრი დრო არაა დარჩენილი, რომ ეს ბავშვები მოვლენ სხვდასხვა სამსახურებში და ეს არის ჩვენი მომავალი.

რაც შეეხება ახალ პროექტს, ეს არის თვისობრივად ახალი პროექტი, აქ მონაწილეობას იღებენ  მე-7-მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეები, რეგიონებიდან ხაზგასმით და არა თბილისის მოსწავლეები,  განსხვავებით წინა პროექტისგან, სადაც იყვნენ თბილისიდან მოსწავლეებიც. ეს მოსწავლეები არ შეირჩევიან აკადემიური მოსწრებით, როგორც მე ვიცი, არამედ სხვადასხვა კრიტერიუმებით.  საუბარია იმაზე, რომ იყოს ერთკვირიანი საზაფხულო სკოლები იმისთვის, რომ კარგ და საინტერესო გარემოში დაისვენონ და ისწავლონ ასევე სამი მიმართულებით: სპორტი, ხელოვნება და მეწარმე.  ეს ახალი პროექტი ნამდვილად არაა ცუდი და აძლევს რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს  საშუალებას, რომ კარგად დაისვენონ. თუმცა იდეალური იქნებოდა, რომ შენარჩუნებულიყო ძველი პროექტი ამ ახალ პროექტთან ერთად.

–თქვენ ამბობთ, რომ ბაქსვუდის სამკვირიან ბანაკში მოსახვედრად ეროვნულ ოლიმპიადაზე გამარჯვება იყო საჭირო. ამ შემთხვევაში, ახალი პროექტით, წარმატებულ ბავშვზე არ იქნება გათვლა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კრიტერიუმი სოციალური მდგომარეობაა და არა მაღალი აკადემიური მოსწრება. რას იტყვით, ეს  კვლავ იქნება განათლებაში ჩადებული გრძელვადიანი ინვესტიცია განათლების სამინისტროს მიერ?

–ამ შემთხვევაში ეს არ იქნება გრძელვადიანი ინვესტიცია, თუმცა იქნება  მოკლევადიან პერსპექტივაში ამ მოსწავლეების პირობების გაუმჯობესების მცდელობა. თვისობრივად ეს საზაფხულო სკოლები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც შეეხება კრიტერიუმებს, გააჩნია, რა გვაქვს პრიორიტეტი ამ ეტაპზე. თუ ჩვენ გვაქვს პრიორიტეტი გრძელვადიანი ხედვა და გრძელვადიან ინვესტიციას ვდებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები მხოლოდ სოციალური ნიშნით შერჩევას მოსწავლეების. მაგრამ თუ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს და იმას, რომ  მათმა შვილებმა კარგ გარემოში დაისვენონ, ცხადია, ასეთი ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლაში მოხვედრა იქნება დაუვიწყარი გამოცდილება და შეიძლება მათი ცხოვრებაც ისე შეიცვალოს, როგორც იცვლებოდა ამ ოლიმპიადაში გამარჯვებულთა ცხოვრება.

–გამოდის, რომ თქვენ მოგწონთ ახალი, მაგრამ მაინც ძველი სისტემის დატოვების მომხრე ხართ?

–ცხადია, 9 წელი ვახორციელებდით ამ პროექტს და ძალიან მენანება. ბევრმა კარგმა მოსწავლემ გაიარა და, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო, რომელიც განუხორციელებია განათლების სამინისტროს. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში ბიუჯეტიდან გამომდინარე იქნება საშუალება, რომ ორივე პროექტი განხორციელდეს და კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ორივე პროექტს აქვს თავისი დადებითი მხარე.

–განათლების სამინისტროსთან  ხომ არ გქონიათ საუბარი პოზიციების შესაჯერებლად, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საზაფხულო ბანაკები? 

–მე მქონდა სამინისტროსთან საუბარი ამ პროექტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, სანამ მოსწავლეები ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებდნენ ამის გასაპროტესტებლად. ჩვენ გვქონდა არგუმენტები, ვეცადეთ მაქსიმალურად დაგვესაბუთებინა, თუმცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ისე, როგორც იქნა მიღებული. ეს არის სამინისტროს პრეროგატივა თუ რა ტიპის პრიორიტეტი ექნება მოცემულ წელს.

–ეთანხმებით მის ამ გადაწყვეტილებას?

გადააწყვეტილებას? რთული სათქმელია, ნაწილობრივ ვეთანხმები, იმიტომ რომ იმ ჯგუფისთვის, რომელმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა საზაფხულო სკოლაში დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება.  თუმცაღა, ვერ დავეთანხმები იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებდა ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის ამ ეტაპზე შეჩერებას. ვიმედოვნებ ერთ დღესაც აღდგება.

–ბაქსვუდის სკოლაც მიიღებს ახალი ბანაკის მოსწავლეთა ნაკადებს?

–ყოველწლიურად იმართებოდა ტენდერი, იგივე ხდებოდა ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის შემთხვევაში. ვიყავით ამაყები, რომ 9 წლის განმავლობაში ამ ტენდერს ჩვენ ვიგებდით. წლევანდელ ტენდერთან დაკავშირებით კი, ალბათ, გამოცხადდება და დაველოდებით რა პირობები იქნება.

–ანუ არ იცით მიიღებთ  თუ არა მონაწილეობას?

–არ ვიცი, ვნახოთ პირობები, გასულ წლებშიც გვყავდა კონკურენტები, თუმცა ბოლო წუთამდე ჩვენ ვიბრძოდით ხოლმე რომ მოგვეგო. ბოლო წლებში ფინანსური ინტერესიც აღარ გვქონდა, მხოლოდ ამ პროექტისა და კონტინგენტის შესანარჩუნებლად ვაკეთებდით ამას. გვჯეროდა, რომ ამ პროექტით სამინისტრო ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა. გვინდა მონაწილეობის მიღება. ერთი კვირა მცირე დროა, რომ გარდატეხა მოვახდინოთ ამ ბავშვებში. ყოველდღე ველოდებით, რომ გამოცხადდეს ტენდერი, როგორც წესი ამ დროს ცხადდებოდა ხოლმე. ბანაკები კი საჯარო სკოლებში არდადეგების დასრულებისთანავე იწყებოდა, 3-3–კვირიანი  ციკლით. მჯერა, რომ ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება, ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო, რომელმაც რამდენიმე განათლების მინისტრი გამოიცვალა და დროს გაუძლო, შემიძლია თამამად ვთქვა.

–თუმცა  ვერ გაუძლო ბოლო განათლების მინისტრს?

–ამ ეტაპზე ესეა.

ჯეჯელავა ბაქსვუდის სკოლას ოლიმპიადის მონაწილეებში უარყოფითი განწყობების შექმნაში ადანაშაულებს

„არ შეიძლება ამ ემოციის წართმევა ბატონო მინისტრო“ – მოსწავლეთა პეტიცია ალექსანდრე ჯეჯელავას

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური