GE

„ეს არის ურღვევი, მარადიული ტრიუმფი“ – ახალგაზრდა ლექტორი აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მნიშვნელობაზე

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, როგორც წესი, ქრისტიანულ სახელმწიფოებში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ისტორიკოსები ხშირად ამბობენ, რომ გარდა რელიგიური დატვირთვისა, დღესასწაულებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს, რადგან საზოგადოებას უფრო ერთიანს ხდის.

EDU.ARIS.GE ამ საკითხებზე ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის მოწვეულ ლექტორს, ეთო ბოკელავაძეს, რომელიც ასევე, განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტია.

ჩვენი რესპონდენტი საუბრობს, რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა აღდგომის ტრადიციის შესახებ, როგორია ახალგაზრდების განწყობა და რა სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას შეიძლება იძენდეს ჩვენში ამ დღესასწაულის აღნიშვნა.
 
პირველ რიგში, როგორც ისტორიკოსმა, გვითხარით ამ  დღის არსისა და მნიშვნელობის შესახებ

– მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულ დამოკიდებულებას იჩენდა ამ მოვლენის მიმართ, თუმცა, ინტერესი ყველა მათგანში იყო, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელსაც არ  სწამდა და ცდილობდა, თავისი მოსაზრების ჭეშმარიტება დაემტკიცებინა. პარადოქსია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არც ისე გასაკვირი, რომ სამყაროს ამ ფენომენალური მოვლენის შესახებ, ყველაზე მეტს ისინი წერდნენ და  წერენ, ვისთვისაც ქრისტეს აღდგომა მხოლოდ „მითიური გადმოცემაა“ და „მეტი არაფერი“.

ისტორიკოსებისთვის, აღდგომის დღესასწაულის შესასწავლად პირველწყარო სახარებაა.  ქრისტეს ჯვარცმისა თუ აღდგომის საკითხზე ისტორიული წყაროებისა და კვლევების ირგვლივ საუბარი ამოუწურავია და დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა, ამაზე აღარ შევჩერდები. რაც შეეხება  ქრისტეს აღდგომის არსსა და იდეოლოგიურ მნიშვნელობას, ეს არის ურღვევი, მარადიული ტრიუმფი. სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება, რაც ყოველთვის განუსაზღვრელ და გაუტეხელ ძალას ანიჭებდა მის მიმდევრებს, განსაკუთრებით, რეპრესიების პირობებში, დაწყებული რომის იმპერიიდან – XX საუკუნის  ტოტალიტარული სახელმწიფოების ჩათვლით. ეს იყო და არის დღე, რომელიც აერთიანებს დედამიწის ყველა კონტინენტზე მცხოვრებ ქრისტიანს და არა მხოლოდ ქრისტიანს. აღდგომის დღესასწაულს წინ უძღვის 48 დღიანი დიდი  მარხვა, რომლის დროსაც ადამიანები ცდილობენ საკუთარ თავში ვნებებისა თუ  მანკიერებების დაძლევას  და ემზადებიან  გამარჯვებისთვის. აღდგომის დღესასწაულზე კი ქრისტიანთა და არა მხოლოდ ქრისტიანთა შეკრების მთავარი ადგილი იერუსალიმი ხდება, სადაც ქრისტეს საფლავისა და მკვდრეთით აღდგომის ადგილას, დღევანდელი აღდგომის ტაძარში, მლოცველები ელიან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას, რომელიც ისტორიული წყაროებით ჯერ კიდევ I საუკუნიდან დასტურდება და  მასზე საუბრობენ სხვადასხვა ეპოქის ებრაული, ბერძნული, ლათინური, არაბული და სხვა წყაროები.

როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, როგორ უყურებთ აღდგომის დღესასწაულს და რა დატვირთვას ხედავთ, გარდა რელიგიური მნიშვნელობისა?

– რელიგიური მნიშვნელობის გარდა, ეს მოვლენა პირადად ჩემთვის, საინტერესოა ფსიქოლოგიური კუთხითაც, ვინაიდან მორწმუნე ადამიანის ცხოვრებასა თუ აზროვნებაზე დაკვირვებამ მაჩვენა, რომ მისთვის არ არსებობს უიმედობა, სასოწარკვეთა, უმოქმედობა, ჩიხი და გამოუვალი მდგომარეობა… რადგან მას ჰყავს სიკვდილზე გამარჯვებული ღმერთი და ყველა უიმედობისა თუ უსასოობის ადამიანურ გამოვლინებას ებრძვის და ამარცხებს მკვდრეთით აღმდგარი ღმერთით. ეს კი, ამ სამყაროში გადარჩენაზე მეტია. ვფიქრობ, სწორედ ამ  ბრძოლისუნარიანობამ მოიყვანა აქამდე ჩვენი სახელმწიფოცა და ერიც.
 
– აღდგომის დღესასწაული ისტორიულ ჭრილში, რა დატვირთვა აქვს მას ამ კუთხით, არის ის საზოგადოების გამაერთიანებელი? ამ დღის მთავარი ტრადიცია ოჯახების გაერთიანებაა, რომლებიც გარდაცვლილი წინაპრებისთვის პატივის მისაგებად იკრიბებიან…

– ამ დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს როგორც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში ისე, საქართველოშიც. ეს არის დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხესა და მოქალაქეებს, განურჩევლად აღმსარებლობისა და  წარმომავლობისა
ამ ერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის როგორც ისტორიულ წარსულში, ისე თანამედროვე ეტაპზეც. იმ პერიოდში, როდესაც ცალკეული სახელმწიფოები ცდილობდნენ საქართველოს დაპყრობას, მის შუაზე გახლეჩას და მოსახლეობის ასიმილაციას, ეს ერთობა იყო ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთი ძლიერი მექნიზმი. აღარაფერს ვამბობ ეკლესიის უდიდეს წვლილზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გაერთიანებისთვის ბრძოლაში. ხშირად, სწორედ ის იყო ქართველთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის და გაერთიანების სულისჩამდგმელიცა და  წინამძღოლიც.

საბჭოთა პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა ათეიზმის გაძლიერებული პროპაგანდა, როგორც გასული საუკუნის ქართველი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების ჩანაწერებიდან ირკვევა, დიდ დღესასწაულებზე ტაძრებში ხშირი იყო პროვოკაციების მცდელობაც და დაპატიმრებებიც. მიუხედავად ყველაფრისა, ამგვარმა პოლიტიკამ მაინც ვერ შეძლო საქართველოს ცენტრსა თუ  რეგიონებში აღდგომის ტრადიციის არათუ აღმოფხვრა, მისი მნიშვნელობის დაკნინებაც კი. დღემდე, საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებული სიხარულით ელიან ამ დღესასწაულის დადგომას, ვინაიდან მას რელიგიურის გარდა, საოჯახო და სახელმწიფოებრივი დატვირთვა აქვს. აღდგომის ღვთისმსახურების შემდეგ, ბწრყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ისინი იკრიბებიან გარდაცვლილი ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების საფლავზე, ხდება საფლავების კურთხევა, მოწყალების გაღება მიცვალებულთა სულების საოხად და სხვა. სხვათაშორის, აქვე მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ კომუნისტურ პერიოდში, მოსახლეობა კვირა დღეს გადიოდა საფლავზე, რაც ქრისტიანული ხედვით, არ არის მართებული. ვინაიდან კვირა ქრისტეს აღდგომის დღეა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ზეიმისა და არა გლოვის დღე, ამიტომ სასურველია, თუ ადამიანები თავს შეიკავებენ ამ დღეს საფლავზე გასვლისგან. აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს ხდება მიცვალებულთათვის სააღდგომო საკურთხის მომზადება და ეკლესიაში პანაშვიდის გადახდა.
 
–  რას ეტყოდით ახალგაზრდებს, არა მხოლოდ მათ, ვინც სკეპტიკურად უყურებს რელიგიურ დღესასწაულებს და მათი აღნიშვნის ტრადიციას?

– პირადად მე, შორს ვარ მოწოდებებისგან. მიმაჩნია, რომ ადამიანი თავისუფალია არჩევანში და თავად წყვეტს, რისი ირწმუნოს და რისი არა. სიტყვა „რელიგია“ მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან „Relegere“, რასაც ნეტარი ავგუსტინე  განმარტავს, როგორც კავშირის აღდგენას, კვლავ გაერთიანებას და მოიაზრებს, როგორც ადამიანსა და ღმერთს შორის ოდესღაც არსებული და დარღვეული კავშირის განახლებას. აქედან გამომდინარე, რელიგია ღმერთთან პიროვნული ურთიერთობაა და ის ადამიანის ნებასა და  მონდომებაზეა დამოკიდებული.

ჩვენს ახალგაზრდობას  ვურჩევდი, რომ განსაკუთრებით მოუფრთხილდნენ ეროვნული და საზელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღირებულ ტრადიციებს. ყველაზე მეტად კი, იმ ტრადიციებს, რომლებიც სიწმინდეს უკავშირდება, რადგან ასეთი ტრადიციები ერის სულის გამოძახილია. აქვე, ვეტყოდი იმას, რომ ძველი ტრადიციების შენარჩუნება არ ნიშნავს პროგრესზე უარის თქმას, პირიქით, ნებისმიერი სახელმწიფოსა თუ კაცობრიობის ყველა პროგრესული მიღწევა და მონაპოვარი ძველი გამოცდილების საძირკველზე დგას და სადაც საძირკველი ინგრევა, იქ არც პროგრესია და მით უმეტეს, არც მომავალი.

გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს! სულის სიმშვიდეს, სიხარულსა და  მხნეობას გისურვებთ ყველას!

ასევე იხილეთ:

აღდგომა და წითელი კვერცხი

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური