„ეს დავალება დამატებითი ქულის მიღების შანსი იყო“ – როგორ აფასებენ უცხო ენის შეცვლილ ტესტებს აბიტურიენტები
დღეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხოური ენების გამოცდებით გრძელდება. აბიტურიენტებმა დილის სესიაზე ტესტები ინგლისურსა და რუსულ ენაში წერეს.
აბიტურიენტები, EDU.ARIS.GE–ისთან საუბრისას მთლიანობაში ტესტებს რთულად არ აფასებენ, თუმცა უკმაყოფილებას გამოთქვამენ მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალების ამოღების გამო, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. აბიტურიენტების თქმით, ამ დავალებაში მათი გრამატიკული ცოდნაც ჩანდა და ქულების დაგროვებისთვისაც უკეთესი საშუალება იყო.
ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ირაკლი დარჯანია: ,,ჩემი აზრით, მე-7 დავალება არ უნდა ამოეღოთ. ქულების მხრივაც კარგი იყო და აბიტურიენტის გრამატიკული ცოდნაც ჩანდა. სიტყვების ჩასასმელი დავალება მარტივი იყო, უცხო სიტყვები არ ყოფილა. წინა წლებთან შედარებით ოდნავ მერთულა გასააზრებელი ტექსტი. ესე კარგი სამსჯელი იყო და დავწერე, მაგრამ რამდენად მოვახერხე ჩემი გრამატიკული ცოდნის გამოვლენა, არ ვიცი. საბოლოოდ, მგონია, რომ ინგლისურის გამოცდა ოდნავ უფრო რთულია წელს, ვიდრე ადრე”.
გვანცა გაბუნია: ,,ინგლისურის ტესტი გამარტივებულია. ტექსტები და სიტყვები ძალიან მარტივი იყო, ყველაფერი გავიგე. მოსასმენიც ძალიან კარგად ისმოდა. ესეც დავწერე, რთული კონსტრუქციები გამოვიყენე, მაგრამ ვინც გრამატიკა კარგად არ იცის, შეუძლია, მარტივი ენით წეროს. ამაში ქულა არ აკლდება, შესაბამისად, მეშვიდე დავალების ამოღება კარგია მათთვის, ვინც გრამატიკა არ იცის. წერილის შესახებაც კითხვები ძალიან მარტივად იყო დასმული. ზოგადად ამ ტესტებს საათნახევარში ვწერ და ჩემთვის დროც საკმარისზე მეტია”.
მაგდა ხარჩილავა: ,,ინგლისური ვწერე და ძალიან რთული არ ყოფილა. ესე იყო სკოლებში ისტორიისა და ფოტოგრაფიის კურსების გახსნის შესახებ. წერილი შეეხებოდა საქართველოში გახსნილ საზაფხულო ბანაკებს, სადაც ყველა ეროვნების ადამიანს შეეძლება დასვენება. მონიშნული იყო კონკრეტული კითხვები, რომლის ირგვლივაც მათთვის ოფიციალური წერილი უნდა მიგვეწერა. ვფიქრობ, ეს დავალებები, ჩემი გრამატიკული ცოდნის გამოსამჟღავნებლად საკმარისი იყო. მოსასმენიც კარგად ისმოდა და არც ეგ არ გამჭირვებია, არც საგამოცდო დროის შემცირებას შეუქმნია პრობლემა”.
მოსასმენი დავალების დროს ხარვეზებზე საუბრობენ გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები. ,,წინადადებებია მოცემული და ასოებია ჩასაწერი. შემოსახაზი დავალებებიც არის. ყველაზე ძალიან მოსასმენები გამიჭირდა, რადგან კარგად არ ისმოდა ხმა. ასე ხომ არ შეიძლება, წინა წელსაც იგივე პრობლემა იყო გამოცდაზე”, – გვითხრა გოგა ბაკურაძემ.
თამარ გიგაური: ,,არ გამჭირვებია, ცოტა მოსასმენების პრობლემა იყო დანარჩენმა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ტექსტი მახსოვს იყო ძაღლზე და ბავშვზე. ასევე მოცემული იყო ტექსტი გაგარინის შესახებ და თბილისში არსებულ ერთ-ერთ შენობის რეაბილიტაციაზე.”
ნანა კუდუხაშვილი: ,,დროს კი დააკლეს, მაგრამ სამაგიეროდ დავალებებია გამარტივებული. ვფიქრობ, რომ ელემენტარული გრამატიკა, რომლის გამოყენებასაც გამოცდაზე ითხოვდნენ არ უნდა გაჭირვებოდათ. მე მაღალ შედეგს ველოდები”.
,,ერთი რა პრობლემაცაა გამოცდაზე კომპიუტერების განლაგებაა. მთელი გამოცდა მოღრეცილ მდგომარეობაში ვიჭექი და წელი მეტკინა. არ იყო რთული გამოცდა, რადგან კარგად ვფლობ ენას. ცოტა მოსასმენი აპარატი ჭედავდა. დავალება, რომელიც ამოღებულია ვფიქრობ, რომ არასწორია. ის საკითხი დამატებით ქულის მოპოვების შანსი იყო. ვფიქრობ დრო საკმარისია და ათი წუთის დაკლებას დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ის კიდევ ერთმა აბიტურიენტმა გორის საგამოცდო ცენტრიდან.
მარი იმერლიშვილი, 207-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: ,,თუ იცოდი, დრო აუცილებლად გეყოფოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთი მოაკლდა, მე მომრჩა კიდეც 45 წუთი. გრამატიკის ცოდნა, მხოლოდ ესეც წერის დროს შეფასდება, ალბათ, ამიტომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადანაწილდებოდა. მოსასმენი მასალის ხმა კარგად ისმოდა, რაც წინა წლებში, როგორც ვიცი, პრობლემა იყო. თემა იყო, ისტორიული კურსებია საჭირო სკოლის მოსწავლეებისათვის თუ ფოტოგრაფიული, ხოლო წერილი კავკასიის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკზე. ჯამში, ჩემი ნამუშევრით და მოსული ტესტით კმაყოფილი ვარ“.
173-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში ინგლისურის გამოცდიდან პირველი აბიტურიენტი ერთ საათში გამოვიდა “ძალიან მარტივი იყო ჩემთვის, 6 კითხვა იყო შემოსახაზი და შემდეგ იყო წერილი და ესე. ესე იყო ასეთ თემაზე: ზოგი ადამიანი მიიჩნევს, რომ ისტორიის კლუბის დაწყება უფრო კარგი იქნებოდა სკოლაში, ვიდრე ფოტოგრაფიის კლუბის დაწყება. უნდა გვემსჯელა ამაზე. მოსმენის ნაწილიც არ გამჭირვებია, წინ ვიჯექი და ყველაფერი გარკვევით მესმოდა, 5 პატარა ტექსტი იყო და იქედან იყო კითხვები”- გვითხრა სანდრო ჟურულმა.
დათო მაჭარაშვილი: “უმარტივესი იყო,ელემენტარული ინგლისურის ცოდნა სჭირდებოდა ამ გამოცდას, რომ არ მოვმზადებულიყავი მაინც იგივე ქულას ავიღებდი. ტექსტის წაკითხვა და იქედან ამოწერა იყო მხოლოდ საჭირო, ცოტა აზროვნება უნდა შეგეძლოს და რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობა უნდა იცოდე. წელს გრამატიკული ნაწილი ამოიღეს და ამან ძალიან გაამარტივა ტესტი, ეგ არ უნდა ექნათ. ბევრი გრამატიკის იმედზე არ იყო, ცდილობდნენ, რომ ესწავლათ სიტყვები და ამით გადიან ფონს. ახლა გრამატიკა საერთოდ არ იყო, არანაირი შემოწმება არ იყო ტექსტში. ჩემთვის ეს არაა მისაღები, მე მირჩევნია ყოფილიყო ის გრამატიკული ნაწილი. ახლა თუ 80-დან ავიღებ 70-ს ან 75-ს,90-დან ავიღებდი 85-ს, იმიტომ რომ გრამატიკაში შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. აქ შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვა, ესეშიც დამაკლდეს რაღაც ქულა და წერაშიც, ამიტომ ძველი ვარიანტი უფრო მისაღები იყო ჩემთვის. მოსმენა იყო უმარტივესი, უბრალოდ სმენის უნარი გჭირდებოდა და მინიმალური ინგლისური. ტექსტები იყო ილონ მასკზე, ისეთი კითხვები იყო ლოგიკის უნარი გინდოდა მხოლოდ”.
ანა თაყაძე: “გრამატიკული ნაწილის ამოღება ტექსტიდან არც ცუდია არც კარგი მე ორივე შემთხვევაში დავწერდი, არ გამიჭირდებოდა, უბრალოდ ამ შემთხვევაში ესეს მივაქციე უფრო დიდი ყურადღება, რომ გრამატიკული შეცდომები არ მქონოდა და, ვფიქრობ, ამის საშუალებითაც კარგად შეამოწმებენ გრამატიკის ცოდნას, ამიტომ ტესტის ცვლილება და ქულის შემცირება არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი.”
საგამოცდო საკითხებს მარტივად აფასებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც დღევანდელ გამოცდაზე რუსული ენა ჩააბარეს: “რუსული ვწერე იმიტომ,რომ ბავშვობიდან ვიცი და ვიცოდი ჩავაბარებდი, ინგლისური კი გამიჭირდებოდა. მარტივი იყო ჩემთვის. ჯერ ტესტი იყო მერე ორი კითხვა და მერე ისევ ტესტი. ესე იყო ასეთ თემაზე აუცილებელია თუ არა წარმატების მისაღწევად იყო ნიჭიერი. სამხატვროზე ვაპირებ ჩაბარებას და ესენი მაქვს”, – აბიტურიენტი 173-სკოლის საგამოცდო ცენტრიდან.
მიხეილ გასპარიანი, 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: ,,რუსული ვწერე, ძალიან მარტივი იყო ჩემთვის. ყველა დავალება გავაკეთე, მათ შორის წერითი რაც იყო. ესეს თემა არ მახსოვს.”
შტევჩენკო ეკატერინე: ,,რუსული ვწერე, უმარტივესი იყო ჩემთვის, რამდენიმე წერით დავალებაში გრამატიკული შეცდომები იყო და გავასწორე. შემოსახაზი ვარიანტებიც მარტივი იყო. მოსმენით დავალებებში ხმა კარგად ისმოდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თავიდან იმეორებდნენ. ესე იყო თემაზე არიან თუ არა ნიჭიერი ადამიანები წარმატებულებიც”.
ნატა აბესაძე: ,,ძალიან მარტივი გამოცდა იყო. არაფერი ტესტში არ ყოფილა ისეთი, რაც აქამდე არ გამიკეთებია. მსგავსი თემაც დაწერილი მქონდა. თემა იყო მხოლოდ ნიჭით შეუძლია თუ არა ადამიანს წარმატებას მიაღწიოს. მე არ დავეთანხმე და დავწერე რომ სხვების დახმარებითაც შეიძლება ეს მოახერხო. მოსმენის და წერითი დავალებებიც მარტივი იყო. გრამატიკული შეცდომებიც ვნახე და გავასწორე”.
უცხოური ენების გამოცდის დილის სესიაზე, რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 95%-მდე გამოცხადდა.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადეს მარიამ ელიაშვილმა, ანუკი წიწილაშვილმა, ნიკა გაბლიშვილმა, თამარ მუკბანიანმა და თამთა ვირსალაძემ
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„აღარ გრცხვენიათ? სისტემაში მყოფი მასწავლებელი გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს!“ – პედაგოგები კომპეტენციის მორიგჯერ დადასტურებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
უწყებას პროფესიის გაუქმება შეეძლება – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციები ფართოვდება
by პროფესიული განათლების ამბები