GE

ეს უნდა გაითვალისწინონ 2019 წლის აბიტურიენტებმა მეცადინეობის დროს – მითითებები საგნის ჯგუფის ხელმძღვანელებისგან

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ზაფხულში ჩატარდება. ამ გამოცდებზე აბიტურიენტების მთავარი მოლოდინი იმ საგამოცდო ტესტებს უკავშირდება, რომელ საგნებშიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ცვლილებები შეიტანა (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, არჩევითი ლიტერატურა და გეოგრაფია). როგორც EDU.ARIS.GE-სთან საგნის ჯგუფის ხელმძღვანელები ამბობენ, მთავარი, რაც მოსწავლეს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას მოუტანს სწორად მეცადინეობაა. დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, ჯგუფის ხელმძღვანელები გამოცდებისთვის მომზადების პრინციპში ცვლილების შეტანას ურჩევენ როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ რეპეტიტორ მასწავლებლებს. მაშ ასე:

ქართული ენისა და ლიტერატურის და ლიტერატურის გამოცდა

ცვლილების არსი: ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო; ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

კახა ჯამბურია, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი:

„ჩემი რჩევა და მითითებაა, რომ ისწავლონ და მეცადინეობის დროს უფრო მეტი დრო დაუთმონ წერის დავალებებს. აბიტურიენტებმა უნდა ივარჯიშონ წერაში და აუცილებლად მიეჩვიონ ასეთ რამეს – მოსწავლემ უნდა ისწავლოს საკუთარი ნაწერის წაკითხვა და გასწორება. გასული წლების მაგალითზე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი მექანიკური შეცდომა იპარება მათ ნაწერებში მხოლოდ იმიტომ, რომ არ კითხულობენ საკუთარ ნაწერს.

„სწორედ ახლა, როცა ჯერ კიდევ დიდი დროა გამოცდებამდე, მოსწავლეები უნდა მიეჩვიონ ასეთ მეცადინეობას. როდესაც რაღაცას დაწერენ, დაისვენონ 5 –10 წუთი, წაიკითხონ შემდეგ თავისი ნაწერი, გაასწორონ და ისე გადაათეთრონ. ასე უნდა იმუშაონ გამოცდაზე. თუ ამას გაითვალისწინებენ და ახლავე მიეჩვევიან, რა თქმა უნდა, რამდენიმე ქულას სულ ტყუილად აღარ დაკარგავენ გამოცდაზე, როგორც კარგავდნენ ხოლმე ადრე. ეს იმიტომაც ხდება, რომ ძალიან ბევრი აბიტურიენტი ჩქარობს გამოცდიდან გამოსვლას, ეჩქარება, რომ დატოვოს თავისი ნაწერი და აღარ კითხულობს მას. მე ვურჩევდი, რომ წაიკითხონ შავად დაწერილიც გადათეთრებამდე და გადათეთრების მერეც. მათ აქვთ ამის დრო გამოცდაზე და ყველაფერს მოასწრებენ. ჯობია, არ იჩქარონ და ამიტომ ამას ახლავე უნდა მიეჩვიონ ვარჯიშისა და დავალებების შესრულებისას.

„ამ ცვლილებებში შესაშინებელი არაფერია. პირიქით, აბიტურიენტებს უფრო გაუმარტივდათ საქმე იმ თვალსაზრისით, რომ ტესტს რაღაც დავალება მოაკლდა. შესაბამისად, არ მოუწევთ დიდ ხანს ჯდომა და დაღლა. ჩვენი მოსწავლეები არ არიან მიჩვეული 4 საათის განმავლობაში ჯდომას და  მუშაობას. ამიტომაც, აბიტურიენტების დიდ ნაწილს, 15 კითხვა რომ მოაკლდებათ თავისი პასუხებით, ეს მათ დაუზოგავს დროსაც და ენერგიასაც. აპლიკანტს შეუძლია, რომ ეს ენერგია და დრო შემდეგ სხვა დავალებას მოახმაროს, რაც კარგია.

უცხოური ენის გამოცდა

ცვლილების არსი: ტესტიდან ამოღებულია ერთერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო; საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

რუსუდან ტყემალაძე, უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი:

„აბიტურიენტებს, ვისაც სურთ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ, უფრო მეტი უნდა იმუშაონ არა უბრალოდ ცოდნის მიღებაზე, არამედ ამ ცოდნის გამოყენებაზე სამეტყველო სიტუაციებში. ამიტომაც  ამოვიღეთ ეს დავალება, თუმცა იგივე გრამატიკულ ცოდნას ვამოწმებთ ისეთი შემოქმედებითი დავალებებით, როგორებიცაა წერილი და ესე, ანუ წერითი დავალებები.

„სწავლების ტექნიკა შეიძლება, ოდნავ შეიცვალოს. მომზადების პერიოდში მასწავლებელმაც და მოსწავლემაც ყურადღება უნდა მიაქციოს პრაქტიკული საკითხების ცოდნას, რადგან ესაა ენის ხერხემალი და ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს. იმედი მაქვს, უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანენ გრამატიკული წესების პრაქტიკაში გამოყენებაზე.

„ტესტი სირთულით იგივე რჩება, როგორიც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში იყო, უბრალოდ მივიჩნიეთ, რომ მასწავლებლებისა და აბიტურიენტების ყურადღება უნდა გადაგვეტანა  ცოდნის გამოყენებაზე და ბოლო 10-ქულიანი დავალება ამოვიღეთ. ამით ტესტის მოცულობა შემცირდა, საგამოცდო დროს 10 წუთი დააკლდა და შესაძლოა ეს აბიტურიენტებისთვის შეღავათიცაა, რადგან მათ ნაკლები სამუშაო აქვთ“.

გეოგრაფიის გამოცდა

ცვლილების არსი: ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე; შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი; ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი; ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა;

დავით გოგელიძე, გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი:

„მე მინდა ვურჩიო, ყურადღებით გაეცნონ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას, რომელიც გამოქვეყნდება და პროგრამაში გაწერილი საკითხების მიხედვით მოემზადონ. უბრალოდ, წილი გაიზარდა ღიადაბოლოებიანი დავალებების და ამას მიაქციონ ყურადღება. კიდევ ერთის თქმა მინდა, ნუ მოემზადებიან ტესტისთვის, მოემზადონ საგნისთვის.

 ამავე თემაზე:

უცხოური ენების პედაგოგებს აბიტურიენტებისთვის სწავლების მეთოდის შეცვლა მოუწევთ – როგორ აფასებენ სიახლეს სპეციალისტები

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება 4 საგანის ტესტს შეეხება – დეტალები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეცვლილი ტესტების ნიმუშები საგნების მიხედვით

რამდენი იქნება გამსვლელი ქულა აბიტურიენტებისთვის ქართულის გამოცდაზე და ვისთვის გართულდა ტესტი

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური