GE

უცხოური ენების პედაგოგებს აბიტურიენტებისთვის სწავლების მეთოდის შეცვლა მოუწევთ – როგორ აფასებენ სიახლეს სპეციალისტები

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენების ტესტში ცვლილება შევიდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით ტესტიდან მე-7, არჩევითპასუხებიანი დავალება ამოიღეს, რომელიც აპლიკანტის გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. საგამოცდო დრო 10 წუთით შემცირდა და მაქსიმალური ქულა 90-ის ნაცვლად 80 გახდა.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრში ამბობენ, რომ აბიტურიენტების გრამატიკული ცოდნა სხვა დავალებებითაც შემოწმდება და მათ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე უფრო მეტად უნდა იმუშაონ.

„სწავლების ტექნიკა შეიძლება, ოდნავ შეიცვალოს.  მომზადების პერიოდში მასწავლებელმაც და მოსწავლემაც ყურადღება უნდა მიაქციოს პრაქტიკული საკითხების ცოდნას, რადგან ესაა ენის ხერხემალი და ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს. იმედი მაქვს, უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანენ გრამატიკული წესების პრაქტიკაში გამოყენებაზე“.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE-მ ინგლისურის პედაგოგები გამოკითხა. როგორც აღმოჩნდა, მათი პოზიცია სხვადასხვაგვარია. პედაგოგთა ნაწილი იზიარებს „ნაეკის“ პოზიციას და ამბობს, რომ ტესტი გრამატიკული ცოდნის შეფასების შესაძლებლობას მე-7 დავალების გარეშეც იძლევა. მეორე ნაწილის თქმით კი, ამ ცვლილებით ტესტი გამარტივდა და მოსალოდნელია, რომ შესასწავლი მასალის არეალი დავიწროვდეს.

თბილისის 118-ე საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი ეკატერინე ფრიდონაშვილი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე სავარაუდოპასუხებიანი დავალებების არსებობის კატეგორიული წინააღმდეგია და მოხარულია იმით, რომ ამ ტიპის ერთი დავალება 2019 წლიდან ტესტში აღარ იქნება, თუმცა არ მოსწონს სხვა ტენდენცია. მისივე თქმით, ტესტი ისედაც იძლევა აპლიკანტის გრამატიკული ცოდნის შეფასების შესაძლებლობას:

„ტესტიდან ბოლო დავალების ამოღება ერთი მხრივ, შეიძლება, დადებითად შეფასდეს, რადგან, ზოგადად, სავარაუდოპასუხებიანი დავალების შესრულების დროს, ქულის მოპოვების შანსი იმ შემთხვევაშიცაა, როცა აპლიკანტმა საკითხი არ იცის. ამას გარდა, ტესტი მთლიანობაში იძლევა აბიტურიენტის გრამატიკული ცოდნის შეფასების შესაძლებლობას.

“უარყოფით მხარედ შეგვიძლია განვიხილოთ ის ფაქტი, რომ ინგლისურის ტესტი ბოლო წლებში 100 ქულიდან 80 ქულაზე ჩამოდის. თუ რეალური ცოდნის შეფასება სურთ კი არ უნდა შეამცირონ, პირიქით. თუმცაღა ვიდრე ამას გააკეთებენ, სკოლაში უნდა გაიზარდოს ინგლისური ენისთვის დათმობილი საათები. კერძოდ, არ შეიძლება საგანი, რომელსაც უნივერსიტეტში აბარებს მოსწავლე, კვირაში მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდეთ. საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ტესტი აბიტურიენტის დონეს უკეთ გვაჩვენებს, რადგან ერთი სავარაუდოპასუხებიანი დავალება ამოღებულია”, – ამბობს პედაგოგი ეკატერინე ფრიდონაშვილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით კმაყოფილია საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისურის პედაგოგი გიგა ჯოჯიშვილი. მისი თქმით, უცხო ენის ტესტები ადამიანის ენობრივ უნარებს უნდა ამოწმებდეს და არა ცოდნას. ჯოჯიშვილი მიიჩნევს, რომ შესაცვლელია პედაგოგთა მუშაობის ტაქტიკაც. ის გრამატიკული წესების დაზეპირების წინააღმდეგია და აღნიშნავს, რომ ეს მოსწავლეს კი არ ეხმარება, პირიქით – დიდ დაბრკოლებას უქმნის ენის საფუძვლიანად სწავლაში:

„ამ დავალების აზრი არასდროს მესმოდა, რა საჭირო იყო მისი არსებობა საგამოცდო ტესტში. თუ გადავავლებთ თვალს Cambridge Esol Exams-ის ტესტების სტრუქტურას,  ვერსად ვიპოვნით დავალებას, რომელიც ამოწმებს ადამიანის ცოდნას. ენის ტესტები ტრადიციულად ამოწმებს ადამიანის ენობრივ უნარს, თუ როგორ შეუძლია გამოსაცდელ პირს თავისი ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. მსგავსი ტიპის დავალებები შემსწავლელს კონკრეტული წესების დაზეპირებისკენ უბიძგებს და შემდგომში მათ ვერ იყენებს წერილობით და სასაუბრო აქტივობებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება მეტი ყურადღება დაეთმოს უნარების შესამოწმებელ დავალებებს. წინა წლებში ბევრი ცდილობდა ქულები დაეგროვებინა დაზეპირებული წესების ხარჯზე და არ დაეწერა თემა, ახლა მოუწევთ თემის დაწერა, რაც მოსწავლეობის პერიოდში უბიძგებს შემოქმედებითი უნარების განვითარებისკენ  და პრაქტიკული აზროვნებისკენ.

“უნდა შეიცვალოს პედაგოგთა სწავლების მეთოდიც. მეტი ყურადღება დაეთმოს მსჯელობას, აზრის გამოხატვას, ზეპირ მეტყველებას და მოცემულ საკითხზე თუნდაც 2 წინადადებით აზრის გამოხატვას. ბევრი დავალების დაწერის დრო წარსულს ჩაბარდა, დღესდღეობით კი მასწავლებლები უფრო მეტად ორიენტირებულები არიან წესების დაზეპირებაზე, რაც ენის ათვისებაში შემსწავლელს დაბრკოლებებს კიდევ უფრო მეტად უქმნის“,- ამბობს პედაგოგი გიგა ჯოჯიშვილი.

საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურის პედაგოგს ხატია ნამიჭეიშვილს. მისი აზრით, მხოლოდ წერილობითი დავალებები არასაკმარისია გრამატიკული ცოდნის შესაფასებლად. ნამიჭეიშვილი თვლის, რომ ცვლილება მოსწავლეებს შეიძლება უცხო ენის სიღრმისეული შესწავლის მოტივაცია დააკარგინოს:

„მიმაჩნია, რომ გრამატიკული სავარჯიშოს ამოღება ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტიდან არაა მართებული. გრამატიკული სავარჯიშო არის საშუალება შემოწმდეს ენის სიღრმისეული ცოდნა იმ კონკრეტულ დონეზე, რომელი დონისაცაა აღნიშნული ტექსტი. დღევანდელი ფორმატის ტესტით კი დიდი შანსია მივიღოთ შედეგი, რომელიც ნაკლებად შეესაბამება აბიტურიენტების რეალურ ცოდნას. ფაქტობრივად, ტესტის ახლანდელი ვარიანტი შინაარსის გამოტანის უნარზეა ორიენტირებული, რაც სავსებით არასაკმარისია საუნივერსიტეტო დონეზე. ვინაიდან ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენი განათლების სისტემა იყოს ევროპული განათლების ჩარჩოში მოქცეული, ხოლო ჩვენი აბიტურიენტები და სტუდენტები კონკურენტუნარიანი იყვნენ ევროპულ და ზოგადად უცხოურ ასპარეზზე , მაშინ უნდა ვეცადოთ, რომ განათლება და ცოდნა იყოს საფუძვლიანი და ამ ცოდნის შემოწმებაც ხდებოდეს ისეთი ფორმით, რომ გამორიცხული იყოს შემთხვევითი და რეალობასთან შეუსაბამო, გამოცნობის პრინციპით მიღწეული შედეგები.

„წერითი დავალების დროს მოსწავლე იყენებს მხოლოდ იმ გრამატიკულ ფორმებს, რომლებიც იცის. მაგალითად, თუ მან იცის მომავალი დროის წარმოების მხოლოდ ერთი ვარიანტი, ის წერის დროს გამოიყენებს მხოლოდ იმ ფორმას  ანუ ,როცა შენზეა დამოკიდებული რა წარმოაჩინო, წერ იმას რაც იცი, მაგრამ ცოდნის შეფასება გულისხმობს იმას, გავიგოთ იცის თუ არა აპლიკანტმა ის, რაც საჭიროა მოცემული დონისთვის  და არა საერთოდ რამე თუ იცის.

მოსწავლეების უმრავლესობა მე-9 კლასიდან იწყებს აბიტურიენტებისთვის  მომზადებას და ახლა, ამ ახალი გადაწყვეტილებით, ძალიან ვავიწროვებთ მათი ცოდნის  არეალს, მაშინ როცა შეიძლებოდა ის უფრო ფართო ყოფილიყო. ეს ზედაპირული ცოდნა კი არასაკმარისი იქნება საუნივერსიტეტო დონეზე და მით უფრო, მოუმზადებელნი იქნებიან ის სტუდენტები, რომლებიც გაცვლითი პროგრამის კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას“, – ამბობს პედაგოგი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი, რუსუდან ტყემალაძე კი განმარტავს, რომ ცვლილების მიზანი  გრამატიკის სწავლების ხარისხის შესუსტება არაა და ამ მხრივ პედაგოგებმა ისევ ისე უნდა გააგრძელონ მუშაობა, როგორც ადრე:

„მასწავლებლებმა ზუსტად იმ ხარისხით უნდა ასწავლონ გრამატიკა, როგორც აქამდე. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ აბიტურიენტებმა ნასწავლი გრამატიკული მასალის გამოყენება შეძლონ პრაქტიკაში. გრამატიკის გარეშე ენა არ არსებობს და გრამატიკის სწავლება შეუძლებელია წესების გარეშე, მაგრამ თვითმიზანი წესების დაზეპირება კი არა, ამ წესების მეტყველებისა და წერის დროს გამოყენება უნდა იყოს. სწავლების ტექნიკა შეიძლება, ოდნავ შეიცვალოს. მომზადების პერიოდში მასწავლებელმაც და მოსწავლემაც ყურადღება უნდა მიაქციოს პრაქტიკული საკითხების ცოდნას, რადგან ესაა ენის ხერხემალი და ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს. იმედი მაქვს, უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანენ გრამატიკული წესების პრაქტიკაში გამოყენებაზე“, – აღნიშნავს ტყემალაძე.

მისი თქმით, ეროვნული გამოცდები არის საუნივერსიტეტო ტესტი და ცხადია, ის განსხვავებული იქნება სკოლაში გამოყენებული ტესტებისგან, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ ცოდნას ამოწმებს.

„საუნივერსიტეტო ტესტი არის უფრო ამბიციური და ბუნებრივია, უფრო მეტი ყურადღება არის გამახვილებული კონკრეტული ცოდნის  პრაქტიკული მიზნებისთვის გამოყენებაზე. ეს ცვლილებაც სწორედ ამან განაპირობა. ბოლო დავალების ამოღებით  გაიზარდა იმ დავალებების წილი, რომლებიც გამოყენებაზეა და არა უბრალოდ ცოდნაზე ორიენტირებული. ეს დავალება იყო მხოლოდ გრამატიკული ცოდნის განმსაზღვრელი, მან წლების განმავლობაში კარგად იმუშავა, თუმცა ახლა ვფიქრობთ, რომ აბიტურიენტებმა უფრო მეტი უნდა იმუშაონ არა უბრალოდ ცოდნის მიღებაზე, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე. ამიტომაც ამოვიღეთ ეს დავალება, თუმცა იგივე ცოდნა მოწმდება წერითი დავალებების საშუალებით“, – აცხადებს ტყემალაძე.

ამავე თემაზე:

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება 4 საგანის ტესტს შეეხება – დეტალები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეცვლილი ტესტების ნიმუშები საგნების მიხედვით

რამდენი იქნება გამსვლელი ქულა აბიტურიენტებისთვის ქართულის გამოცდაზე და ვისთვის გართულდა ტესტი

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური