GE

რამდენი იქნება გამსვლელი ქულა აბიტურიენტებისთვის ქართულის გამოცდაზე და ვისთვის გართულდა ტესტი

2019 წლის აბიტურიენტებს საგამოცდო ტესტები 4 საგანში შეცვლილი ფორმატით მიუვათ. ცვლილებები შეეხო ქართულ ენასა და ლიტერატურას, არჩევით ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს. ყველაზე მრავალმხრივი ცვლილებები კი ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდას შეეხო. ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო; შემცირდა საგამოცდო დროც და 3 საათი და 45 წუთით განისაზღვრა.

რამ განაპირობა ასეთი ცვლილებები, ნიშნავს თუ არა ეს ტესტის გართულებას, როგორ უნდა იმეცადინონ აბიტურინტებმა ცვლილებების გათვალისწინებით და დაიწევს თუ არა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური გამსვლელი ქულა, ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE– ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი, კახა ჯამბურია ესაუბრება:

კახა ჯამბურია: ზოგადად, არ შეიძლება, რომ საგამოცდო ტესტი წლიდან–წლამდე სულ ერთნაირი იყოს. ვინაიდან რაღაც იშტამპება და როგორც ვითარდება ქვეყანაში ყველაფერი, ისე ვითარდება განათლების სისტემაც და ბუნებრივია, რომ გამოცდების სისტემაც უნდა განვითარდეს. არ შეიძლება, რომ სულ ერთი და იმავე ტესტის ფორმატით გამოვცადოთ ბავშვები, რადგანაც ეს შემდეგ ზეპირ „შპარგალკებში“ გადადის, გადადის ძალიან ცუდ შტამპებში და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ რაღაც სიახლეები შევიტანოთ ხოლმე.

-რატომ იყო აუცილებელი სწორედ 15-ქულიანი, არჩევითპასუხებიანი დავალების ამოღება?

–ახლა, რაც შეეხება კონკრეტულად ამ დავალებას, რაც ჩვენ ამოვიღეთ სავალდებულო გამოცდის ტესტიდან. ჩვენ შეგვქონდა უცნობი ტექსტები და ეს არის დავალება, რომელიც თავის დროზე იმიტომ შევიტანეთ, რომ უცნობი ტექსტის აღქმა ბავშვებს არ გასჭირვებოდათ და მას მოვარგეთ ეს 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც ასე თუ ისე, ცოტა გასაღებს მისცემდა ბავშვებს იმისთვის, რომ სწორად გაეაზრებინათ ესა თუ ის ლიტერატურული ტექსტი. ამის შემდეგ უფრო გაადვილდებოდა იმ თხზულების დაწერა. თუმცა, როგორც ბოლო წლების ანალიზმა გვიჩვენა, ეს დავალება ცოტათი ხელისშემშლელიც აღმოჩნდა უკვე, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში. თუ აბიტურიენტი აირჩევდა ამ არჩევით პასუხებში არასწორ პასუხს, მერე ხშირად, სწორედ ამაზე აგებდა მსჯელობას და იმ მსჯელობაშიც აკლდებოდა ქულა და აქაც – ეს არის ერთი ხარვეზი. მეორე ის არის, რომ სამწუხაროდ, ხანდახან მასწავლებლები ადვილ გამოსავალს ეძებენ ხოლმე და ასწავლიან ბავშვებს, რომ „აი იქ რაც პასუხები დაწერე, თუ თხზულებას ვერ წერ, ისინი გადმოწერე და ცოტა განავრცე. ანუ თხზულებაზე და წერით დავალებაზე კი აღარ მუშაობენ, ცდილობენ, რომ ასე, რაღაცნაირად რამდენიმე ქულა მაინც აიღონ.

ამან კიდევ გამოიწვია ისიც, რომ თხზულებაზე მუშაობისას, ხანდახან ბავშვებს გონიათ, რომ რაც მეტ პარალელს გააკეთებენ, მით უკეთესია, რაც ასე არ არის. ესეც, შესაძლოა, მასწავლებლის ბრალი იყოს, მე ზუსტად ვერ ვიტყვი. ამ ცვლილებების ფარგლებში ჩვენ საგანგებოდ შევცვალეთ შეფასების კრიტერიუმები, რომლის თანახმადაც, არასწორი არაადეკვატური პარალელისთვის ადამიანს ქულა კი არ მოემატება, დააკლდება. ბავშვებს მიაჩნდათ, რომ მთავარია ერთი პარალელი გაეკეთებინათ და რომელიმე კრიტერიუმით ქულას მოიპოვებდნენ – ეს ასე არ არის და მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც კარგად უნდა გაიაზრონ. გვქონდა ასეთი კურიოზული შემთხვევაც, რომ  აბიტურიენტი ბარათაშვილის „მერანს“ „წითელქუდას“ ადარებდა, იყო უფრო ალოგიკური მაგალითებიც. ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ მუდმივად ერთი და იმავე ფორმატით გამოცდის ჩატარება ხშირად იწვევს ხოლმე რაღაცების დაშტამპვას და ზეპირი „შპარგალკების“ შექმნას.

–რა მოცემულობა ექნებათ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებში, რაზე მოუწევთ მათ მუშაობა?

–ტესტში იქნება სამი დავალება. ეს არის ტექსტის რედაქტირება, შემდეგ არგუმენტირებული ესე და ამას მოსდევს მხატვრული ტესტი, სადაც ორი ტექსტია მოცემული ერთი საპროგრამო და ერთი არასაპროგრამო; ამ ტექსტებს აქამდე მოსდევდა 15-ქულიანი, არჩევითპასუხებიანი დავალება, ტექსტის გააზრება და შემდეგ მოდიოდა თხზულება, რომელიც ამავე ტექსტის მიხედვით უნდა დაეწერა აბიტურიენტს. მოცემული იყო მითითებები, მაგალითად დაახასიათეთ ეს პერსონაჟი, გამოყავით მთავარი სათქმელი და ა.შ. ახლა კი ეს 15–ქულიანი, არჩევითპასუხებიანი ბლოკი არის ამოღებული. რჩება პირველი დავალება ტექსტის რედაქტირება,  მეორე დავალება არგუმენტირებული ესე და მესამე დავალება მხატვრული ტექსტის ანალიზი, სადაც ისევ მოცემულია ორი მხატვრული ტექსტი, რომელსაც უნდა იმას აირჩევს აბიტურიენტი და იმის მიხედვით დაწერს ამ ტექსტის ანალიზს მითითებების მიხედვით.

–ამ ცვლილებების გათვალისწინებით შეიცვლება თუ არა მინიმალური ზღვარი აბიტურიენტებისთვის და რამდენი იქნება გამსვლელი ქულა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში?

–პროცენტულად ისევ ის არის როგორც იყო, უბრალოდ უნივერსიტეტებს აქვთ უფლება აწიონ ეს ბარიერი. ისინი ამბობენ, რომ ეს ბარიერი არის ძალიან დაბალი და თავად მათ აქვთ უფლება დააწესონ როგორი ბარიერიც უნდათ. რაც შეეხება გამსვლელ ქულას, 18 ქულა იქნება გამსვლელი, რადგან ტესტი უკვე 70–ქულიანი გამოდის და არა 80 როგორც იყო. შესაბამისად, გამსვლელი იქნება 18 და 17 უკვე ჩაჭრა იქნება. როცა იცვლება მაქსიმალური ქულების რაოდენობა, იცვლება გამსვლელი ქულაც, მაგრამ როგორც გითხარით, ეს გამსვლელი ქულა არ არის სავალდებულო ქულა ყველა უმაღლესისთვის. მათ შეუძლიათ აწიონ და თქვან, რომ მაგალითად ფილოლოგიის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში გამსვლელი ქულა არის მაგალითად 30 ქულა.

–ბატონო კახა, შეგვიძლია ვთქვათ თუ, რომ ამ ცვლილებებით ერთგვარად გართულდა აბიტურიენტებისთვის ტესტზე მუშაობა? ისინი ამბობენ, რომ სწორედ ეს დავალება უადვილებდათ მათ ქართულის გამოცდის ტესტებზე მუშაობას…

თუ ვინმე არ აპირებდა შეესრულებინა წერითი დავალებები და აპირებდა მხოლოდ გამსვლელი ქულის (მაშინ რაც 21 იყო) მოპოვებას ამგვარად, რომ წაკითხულის გააზრება გაეკეთებინა და რედაქტირების დავალება, ანუ არ დაეწერა არაფერი და მხოლოდ ასე გადაელახა მინიმალური ზღვარი, მათთვის შეიძლება იყოს გართულება, იმიტომ, რომ ახლა მათ მოუწევთ რომელიმე დავალების დაწერა. ან არგუმენტირებული ესეში, ან თხზულების. თუ არ დაწერეს, ისე ბარიერს ვეღარ გადალახავენ. ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, სწორიც იყოს ბავშვების პოზიცია, რომ რაღაც გართულდა, მაგრამ მეორეს მხრივ, 4 საათი და 15 წუთი გამოცდის ხანგრძლივობისთვის ძალიან დიდი დროა. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, იმაზე, როგორ შეიძლება, ცოტა შემცირდეს დავალებები, რომ აბიტურიენტები ამდენ ხანს არ იყვნენ გამოცდაზე. სწორედ ამ დავალების ამოღების შედეგად აბიტურიენტებს უფრო მეტი დრო აქვთ, რომ ნელა და წყნარად იმუშაონ და ამ თვალსაზრისით ცოტა გამარტივდა მათი ამოცანა.

–რაც შეეხება მეცადინეობას, ცვლილებების კვალდაკვალ, იცვლება თუ არა მეცადინეობის პრინციპი აბიტურიენტისთვის, როგორ უნდა იმეცადინონ და ემატებათ ზოგადად სამეცადინო ცვლილების შემდეგ, თუ აკლდებათ?

–ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მეცადინეობს აბიტურიენტი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ ეს მეცადინეობა ყოფილიყო მიმართული კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისკენ მხატვრული, გამართული ლიტერატურული ფორმით. წესით ასეთმა ფორმატმა ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი ამ მიზანს. ვერ ვიტყვი, რომ რადიკალურად შეცვლის მეცადინეობის პრინციპს. თუ ვინმე საგანგებოდ ემზადებოდა წაკითხულის გააზრების დავალების შესასრულებლად, მაშინ მათ შეუმცირდათ. ისინი ახლა უკვე კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავებაზე იმუშავებენ, რომელიც სჭირდება თხზულების დაწერას. ეს არის კიდევ ერთი ბიძგი იმისკენ, რომ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ მასწავლებლებმა და საერთოდ სკოლამ, რომ აბიტურიენტებმა დამოუკიდებლად წერონ და იაზროვნონ, შეძლონ ტექსტის გაანალიზება. სწორედ ამას ითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლეებისგან და ჩვენც ვცდილობთ, რომ სწორედ ამაზე გავაკეთოთ აქცენტი.

ამავე თემაზე:

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება 4 საგანის ტესტს შეეხება – დეტალები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეცვლილი ტესტების ნიმუშები საგნების მიხედვით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური