GE

ესეს წერისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე – სპეციალისტის ინსტრუქცია აბიტურიენტებს

„ნაწერის გადაკითხვა (თუ საჭიროა – ჩასწორება) მაინც უნდა მოახერხონ, ეს აუცილებლად მიმაჩნია“, – ამბობს აბიტურიენტების ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტზე მუშაობის შესახებ საუბრისას ფილოლოგიის დოქტორი ირინა ნაცვლიშვილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები უცვლელი რიგითობით იწყება და საგამოცდო ციებ-ცხელებას ყოველ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ხსნის.

2022 წლის ქართულის საგამოცდო ტესტებში ცვლილებებია სწორედ წერითი დავალების ნაწილში.

ცვლილებების ჩამონათვალი და ტესტის ნიმუში 2022 წლის ქართულისა და გეოგრაფიის ეროვნული გამოცდისთვის

ტესტის შესრულების მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება, ქულათა ჯამი კი – 70-ის ნაცვლად 60. ცვლილება ასევე შეეხება საგამოცდო ტესტის სტრუქტურასაც, კერძოდ, ძირითადად თხზულების ნაწილში, რომელიც 34 ქულით ფასდება.

„ნაეკი“ აბიტურიენტებისთვის ქართულში თხზულების ნიმუშს „ჩარჩოში მოქცევის“ მიზეზით არ აქვეყნებს – ბაზარი კი სავსეა გამომცემლების ნიმუშებით

EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი ირინა ნაცვლიშვილი ფილოლოგიის დოქტორია, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით; მათ შორის 16 წელია მუშაობს თბილისის 21- ე საჯარო სკოლაში, მენტორი მასწავლებელია და, ამავე დროს, ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. მასწავლებელი ამბობს, რომ წინა წლებში გამოცდაზე აბიტურიენტებს უნდა დაეწერათ ესეც და თხზულებაც. ახლა კი მათ დახვდებათ წერითი დავალება, რომელშიც ერთგვარად ინტეგრირდა თხზულებისა და ესეს ელემენტები, რაც გულისხმობს, რომ აბიტურიენტმა ნაშრომი მხოლოდ მოცემული ტექსტის მიხედვით კი არ უნდა დაწეროს, არამედ იმსჯელოს საკითხის აქტუალობაზე თანამედროვეობაშიც.

ჩვენ შევეცადეთ, სპეციალისტთან უშუალოდ აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვები დაგვესვა და გაგაცნობთ დეტალურ ინსტრუაციას მათ, ვისაც გაინტერესებთ, როგორ შეასრულოთ შეცვლილი წერითი დავალება ისე, რომ შემფასებლისგან მაქსიმალური ქულა მიიღოთ.

– ქალბატონო ირინა, კიდევ ერთხელ, უფრო მარტივად რომ აუხსნათ აბიტურიენტებს, რას გულისხმობს ცვლილება და რისი დაწერა მოუწევთ ქართულის გამოცდის წერით დავალებაში?

– უფრო დეტალურად რომ აგიხსნათ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ნიმუშს დავიმოწმებ, რომლის ნახვაც ყველას შეუძლია და ვიყენებთ კიდეც სამუშაოდ. დასახელებულ ნიმუშში წარმოდგენილი იყო ეპიზოდი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებიდან „ოთარაანთ ქვრივი“, ხოლო თანდართული დავალების პირობა ასე იყო ჩამოყალიბებული: „დაწერეთ თხზულება თემაზე: როგორია საზოგადოების დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც „სხვის საქმეში ერევა“. იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ეს პრობლემა და რამდენად აქტუალურია იგი დღეს“. ეს, ცხადია, შარშანდელისგან მცირედ განსხვავებული დავალებაა, რომლის შესრულების დროსაც აბიტურიენტმა ნაშრომი მხოლოდ მოცემული ტექსტის მიხედვით კი არ უნდა დაწეროს, არამედ იმსჯელოს საკითხის აქტუალობაზეც თანამედროვე ეპოქაში.

აღნიშნული დავალება ფასდება 34 ქულით (30-ის ნაცვლად), 10 კრიტერიუმის მიხედვით. მნიშვნელოვანია, აბიტურიენტმა მოცემული ტექსტი გააანალიზოს არა ზოგადად, არამედ დავალებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. რამდენად სრულყოფილად ამოიცნობს და წარმოაჩენს იგი, ამ თვალსაზრისით, მწერლის სათქმელს, განსაზღვრავს მის შეფასებას მესამე კრიტერიუმით, რომელიც ექვსქულიანია და მხატვრული ტექსტის ანალიზის ხარისხს ამოწმებს; ხოლო იმავე პრობლემის აქტუალობაზე მსჯელობა ფასდება მეოთხე, ხუთქულიანი კრიტერიუმით. ცხადია, ნაშრომში ყურადღება ექცევა აბიტურიენტის ზოგად განათლებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასაც, რაც მან კონკრეტულ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით უნდა გამოამჟღავნოს.

– თქვენი გამოცდილებით, რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე ხშირად და რა უშლით ხელს, მიიღონ უმაღლესი შეფასება?

– უპირველეს ყოვლისა, ეს, ალბათ, გრამატიკული და პუნქტუაციური შეცდომებია, გვხვდება სხვა ტიპის ხარვეზებიც. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, ე.წ. შტამპები, როცა აბიტურიენტები წინასწარ მომზადებულ და დაზეპირებულ განყენებულ ციტატებსა თუ დისკურსულ პასაჟებს რთავენ თხზულებაში, რაც არათუ წაადგება მათ ნაშრომს, არამედ პირიქით, შესაძლოა სრულიად ააცდინოს საკითხს, რაც შეფასებაზე უარყოფითად აისახება. აბიტურიენტებმა, ამასთანავე, უნდა გაითვალისწინონ, რომ მსჯელობისას ან რაიმეს დამოწმებისას არ დაუშვან ფაქტობრივი შეცდომა, რათა არ დააკლდეთ ასეთი შემთხვევებისთვის განსაზღვრული ერთი ქულა. ბუნებრივია, ნაშრომი უნდა იყოს სტრუქტურულად მოწესრიგებული, ორგანიზებული, აბზაცები – სათანადოდ გამოყოფილი, ციტირების წესი – დაცული. აბიტურიენტის ლექსიკა და სტილი უნდა შეესაბამებოდეს დასმულ ამოცანას, აზრი ენობრივად ნათლად და ადეკვატურად უნდა იყოს გამოხატული და არა „გადაპრანჭულად“ ან მწირი ლექსიკით. IX და X კრიტერიუმებით ფასდება მართლწერა, სინტაქსური კონსტრუქციებისა და სასვენი ნიშნების მართებული გამოყენება.

მინდა, აბიტურიენტებს ვუთხრა, რომ არავითარი წინასწარ განსაზღვრული სქემები თუ მოდელები, ფრაზები და დოგმები თხზულების დასაწერად არ არსებობს; ყველაფერი მათ ცოდნაზე, ერუდიციასა და უნარებზეა დამოკიდებული; მთავარია, სწორად გაიაზრონ დავალების პირობა და, შესაბამისად, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური მობილიზებით, ნათლად, მკაფიოდ, გამართულად ჩამოაყალიბონ თავიანთი სათქმელი.

– აბიტურიენტებს არაერთი კითხვა აქვთ წერითი დავალების პროცედურულ/საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებითაც, მაგალითად: რამდენი დრო უნდა დაუთმონ თხზულებას?, რა თანმიმდევრობით შეასრულონ დავალებები?, ე. წ. „შავი ფურცელი“ გამოიყენონ თუ პირდაპირ „თეთრად“ დაიწყონ წერა?, ბევრი წერა აუცილებელია თუ უმჯობესია, ნაკლები დაწერონ და ცოტა შეცდომა დაუშვან?… რას გვეტყოდით ამ საკითხებზე?

– კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „მზა რეცეპტები“ დავალებების შესასრულებლად არ არსებობს. აბიტურიენტებს შეუძლიათ მათზე თანმიმდევრობითაც იმუშაონ ან არა. მთავარია, პასუხების ფურცელში შესაბამის, კონკრეტული დავალებისთვის განკუთვნილ ნაწილში ჩაწერონ; მაგრამ მე რომ ახლა აბიტურიენტი ვიყო, სწორედ იმ თანმიმდევრობით შევასრულებდი დავალებებს, რომლითაც საგამოცდო ტესტშია წარმოდგენილი, რადგან ვფიქრობ, თხზულების დაწერას მეტი დრო და ფიქრი სჭირდება, ამიტომ, ჯერ, ჩემი აზრით, უფრო ადვილ საქმეს „მოვიშორებდი“ და დარჩენილ დროს თხზულების წერას დავუთმობდი. დიახ, მე აუცილებლად დავწერდი „შავად“, გადავიკითხავდი, შევასწორებდი და შემდეგ გადავიტანდი პასუხების ფურცელში. თუ ამდენი დრო წინა დავალებების შესრულების შემდეგ აბიტურიენტებს არ დარჩებათ, ვურჩევ, სამუშაო ფურცელზე ძირითადი აზრები მაინც ჩამოწერონ, განსაზღვრონ მათი თანმიმდევრობა მსჯელობაში და ისე შეუდგნენ „თეთრად“ წერას, თუმცა, ნაწერის გადაკითხვა (თუ საჭიროა – ჩასწორება) მაინც უნდა მოახერხონ, ეს აუცილებლად მიმაჩნია.

რაც შეეხება შეკითხვას, ცოტა უნდა დაწერონ თუ ბევრი, ეს თითოეული აბიტურიენტის მზაობასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ ვრცლად წერა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ბევრი შეცდომის დაშვებას, ხოლო მოკლედ – ცოტა შეცდომისა. ვისაც წერის კულტურა განვითარებული აქვს, ის ვრცელ ნაწერშიც მინიმალური რაოდენობის შეცდომას უშვებს, ხოლო ვისაც მართლწერა და სასვენი ნიშნების ადეკვატური გამოყენება უჭირს, მწირი ლექსიკა აქვს და სტილისტურად გაუმართავი წინადადებებით მეტყველებს, ის არც მცირე ტექსტშია ბევრი შეცდომისგან დაზღვეული. ამასთანავე, მოკლე ტექსტის ფარგლებში ცოტა შეცდომის დაშვების მოიმედეებს შევახსენებ, რომ ნაშრომი, რომელიც 150 სიტყვას არ აღემატება, VIII, IX და X კრიტერიუმების (ლექსიკა და სტილი, მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი, პუნქტუაცია) მიხედვით არ შეფასდება და აბიტურიენტს ასეთ შემთხვევაში, ცოტა შეცდომის მიუხედავად, ჯამურად 11 ქულა დააკლდება.

– „ძველი ტექსტებიდან თემები მართლა მეორდება თუ არ მქონდეს ამის იმედი?“ – ეს შეკითხვაც ხშირად ისმის…

– ალბათ, ამ შეკითხვის ავტორი გულისხმობს, შეიძლება თუ არა ტესტში მოცემული იყოს კონკრეტული მხატვრული ტექსტის ის ეპიზოდი, რომელიც წინა წლების გამოცდებზეც იყო წარმოდგენილი. სიმართლე გითხრათ, 17 წლის განმავლობაში, რაც ეროვნული გამოცდები ტარდება, ასეთ 1 ან 2 შემთხვევას თუ გავიხსენებ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დავალების პირობა, რომელიც წელს სხვა ტიპისაა, ვიდრე უწინ იყო. ამასთანავე, ერთსა და იმავე ტექსტსა თუ ეპიზოდს სხვადასხვა პირობა შეიძლება მიესადაგოს, იმის გათვალისწინებით, თუ რა პრობლემებია მასში წარმოჩენილი. ასე რომ, თუ რომელიმე აბიტურიენტის იმედი მხოლოდ ამ სათუო მოლოდინს ემყარება, ვშიშობ, ის სახარბიელო მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდება.

– ზოგიერთი აბიტურიენტს აინტერესებს, შეფასების გასაჩივრებისას თხზულების ნაწილშიც შეიძლება ქულა მოემატოთ თუ პირიქით, შეიძლება დააკლონ?

– ცუდია, რომ აბიტურიენტი წინასწარ ფიქრობს შესაძლო აპელაციაზე. თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვებ, წარმატებით ჩაებარებინოს ეროვნული გამოცდები და სასურველი უნივერსიტეტის სტუდენტი გამხდარიყოს. და მაინც, თუკი რომელიმე მათგანი დააპირებს გამოცდის შედეგის გასაჩივრებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად მეტი ეკუთვნოდა. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული. ამიტომაც არსებობს სააპელაციო კომისია და აპელაციის პრაქტიკა. რაც შეეხება შეკითხვის უშუალო შინაარსს, აპელაციის შედეგად, უზუსტობის შემთხვევაში, აბიტურიენტს შეიძლება მოემატოს ქულა როგორც რედაქტირების, ისე თხზულების ნაწილში, მაგრამ შეიძლება დააკლდეს კიდეც ან შეფასება საერთოდ არ შეიცვალოს. ამიტომ ვთქვი, რომ ვიდრე განაცხადს შეიტანდეს, აბიტურიენტი ობიექტურად დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ნაშრომი არ არის ადეკვატურად შეფასებული.

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ, რამდენად უჭირთ აბიტურიენტებს ამ შეცვლილი ფორმატით მუშაობა? მათთვის ეს სიახლეა და ალბათ გამოწვევებიც ექნებათ…

– ადამიანები სიახლეებს ხშირად ეჭვითა და შიშით ხვდებიან. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მაგრამ როცა აბიტურიენტებმა კარგად გაიაზრეს ახალი მოთხოვნები, არ ერთულათ. პირიქით, თითქოს მეტი ინტერესითაც ჩაუღრმავდნენ მხატვრულ ტექსტებს და უფრო ადეკვატურადაც დაუკავშირეს თანამედროვეობის კონტექსტს.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური