GE

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა გაიარეს

„ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა ნიდერლანდებში,ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ ევროკომიის მხარდაჭერით ორგანიზებული სრულად დაფინანსებული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიარეს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუდენტები იყვნენ: მარიამ კუტუბიძე, ლადო მეგრელიძე, ნიკა ჭითავა, ნატალი წულაია, გიორგი ფუტკარაძე, გაბრიელ ლომთათიძე და მიხეილ რთველიაშვილი.

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ჩაერთნენ როგორც აკადემიურ, ისე კულტურულ და სოციალურ აქტივობებში.

საზაფხულო სკოლის პირველი კვირა ციფრულ მარკეტინგს დაეთმო. სტუდენტებმა შეისწავლეს ციფრული მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციები, მომხმარებლის ქცევის ანალიზი, ციფრული კულტურა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მარკეტინგში და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები.

მეორე კვირის მთავარი თემა ლიდერობა იყო. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ცოდნა გაეღრმავებინათ ლიდერობის სხვადასხვა მოდელის, გადაწყვეტილების მიღების, ცვლილებების მართვის, ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მართვის, გუნდური მუშაობისა და პროფესიული ქსელების განვითარების მიმართულებით.

პროგრამის დასასრულს, გუნდებმა საკუთარი პროექტები წარადგინეს და პრაქტიკაში გამოიყენეს მიღებული ცოდნა.

სასწავლო კომპონენტთან ერთად, პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან კულტურულ და სოციალურ აქტივობებს, მათ შორის, ქალაქების დათვალიერებას, მუზეუმებისა და ინოვაციური ჰაბების მონახულებას, გუნდურ თამაშებსა და საერთაშორისო ქსელურ შეხვედრებს.

აღნიშნულმა გამოცდილებამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, ემუშავათ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაეზიარებინათ გამოცდილება და შეექმნათ საერთაშორისო პროფესიული და მეგობრული კავშირები.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს:

„ვიტენბორგის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო. პროგრამა აერთიანებდა თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ აქტივობებს, რაც ახალი ცოდნის მიღებასა და მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში დაგვეხმარა.“

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო გარემოში სწავლა და სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან თანამშრომლობა. პროგრამამ არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა გაგვიღრმავა, არამედ მოგვცა შესაძლებლობა შეგვეძინა ახალი მეგობრები და საერთაშორისო გამოცდილება.“

„ეს ორი კვირა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი პიროვნული და პროფესიული განვითარების გზაზე. მიღებული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და საერთაშორისო კონტაქტები მომავალ კარიერაში აუცილებლად დაგვეხმარება, ხოლო ამ პროგრამაში მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ გამოცდილებად დარჩება.“

საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური