GE

„ევროპის უნივერსიტეტმა“ მენდელის უნივერსიტეტის აგრომეცნიერების ფაკულტეტის პროფესორებს უმასპინძლა

23 მარტს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით მენდელის უნივერსიტეტის (ბრნო, ჩეხეთი) აგრომეცნიერების ფაკულტეტის პროფესორები – დარია ბაჰოტელ ბატიკი და ანდრეი ბატიკი ეწვივნენ.

უნივერსიტეტის მიერ 25 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტი განხორციელდა სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელშიც ჩართულნი არიან „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, „ევროპის უნივერსიტეტი“ და ჩეხეთის პარტნიორი უნივერსიტეტი.

აღნიშნული ინიციატივა ემსახურება აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა ბოკუჩავამ სტუმრებს დაათვალიერებინა უნივერსიტეტის ახალი კამპუსი, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით, თანამედროვე ლაბორატორიებითა და სასწავლო სიმულატორებით. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისათვის.

ვიზიტის ფარგლებში ჩეხმა პროფესორებმა სტუდენტებისთვის მსხვილფეხა პირუტყვების კვებაში თანამედროვე მიდგომებზე და მათ ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე სემინარი ჩაატარეს.

პრეზენტაციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემატიკას, როგორც ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რაც განპირობებულია საკითხის სირთულითა და აქტუალობით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების, აკადემიური გაცვლითი პროგრამებისა და პროფესიული განვითარების ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.

აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობას უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის გავრცელების მიმართულებით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური