GE

“ფერეიდანი (ისტორიულ-ფილოლოგიური რეალიები)” – აწსუ-ის ქართველოლოგიის ცენტრმა ახალი წიგნი წარადგინა

”ფერეიდანი (ისტორიულ-ფილოლოგიური რეალიები)” – ასე ჰქვია წიგნს, რომლის წარდგენაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კუპატაძე, წიგნის ავტორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მონოგრაფია უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებულ ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მომზადდა.

წიგნზე მუშაობდნენ: პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ასოცირებული პროფესორი ლუკა დვალიშვილი, პროფესორი ნესტან კუტივაძე, პროფესორი სულხან კუპრაშვილი და ასოცირებული პროფესორი ეკა დადიანი. რედაქტორები: პროფესორი ნომადი ბართაია, ფერეიდნელი ქართველი, ფილოლოგი საიდ მულიანი.

მონოგრაფია წარმოადგენს სამეცნიერო პროექტის – “ირანში მცხოვრები ქართველები (ისტორიული და ფოლკლორულ-ლიტერატურული ნარკვევები)” – ფარგლებში შექმნილ ნაშრომს. მასში წარმოჩენილია ისტორიული ავბედითობის გამო ირანში, კერძოდ, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა ისტორიული ყოფისა და კულტურის საინტერესო წახნაგები, განხილულია ფერეიდნის თემა ქართულ პოეტურ დისკურსში.

უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა წიგნის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა.

,,უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, რადგან საქმე ეხება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას. მინდა მადლობა ვუთხრა ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ეკა დადიანს და წიგნის ავტორებს გაწეული საქმიანობისათვის. ეს წიგნი ღირსეული პროფესორების ერთობლივი ნამუშევარია და ძალიან საინტერესოა. უნდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის დაუჭერს მხარს ასეთი ღირებული ნაშრომების შექმნას“, – განაცხადა როლანდ კოპალიანმა.

ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ,,ეს წიგნი სოლიდური გამოცემაა და ის ფერეიდანს, ფერეიდნელ ქართველებს ეხება. ფერეიდანი თითოეული ჩვენგანისთვის უფრო მეტია, ვიდრე მეცნიერება და ის დაკავშირებულია დიდ ემოციებთან, შეეხება ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც დღემდე ტანჯვა-წამებით მოიტანეს თავიანთი ქართველობა და, რაც მთავარია, ქართული ენა. გავიხსენებ არნოლდ ჩიქობავას სიტყვებს, რომელიც ამბობდა, რომ ფერეიდნული ქართული მეტყველება არის ერთადერთი ძაფი, რითაც ფერეიდნელები არიან დაკავშირებული საქართველოსთან. თუ ეს საყრდენი გამოეცალა, ვერ უშველის მათ ვერც ბანიანი სახლი, ვერც ქართული ურემი და სხვა ეთნოგრაფიული ელემენტები, რომლებიც დღემდე შემონახულია ფერეიდანში. შეუძლებელია ემოციების გარეშე წაიკითხოს მკითხველმა ეს წიგნი“, – აღნიშნა ეკა დადიანმა.

მონოგრაფიის შექმნას ავტორებმა ორი წელი მოანდომეს და, როგორც აღნიშნავენ, მათ ბევრი ისეთი საკითხი დაამუშავეს, რომელიც აქამდე ნაკლებად ან საერთოდ არ ყოფილა შესწავლილი.

,,ორი წლის განმავლობაში შევისწავლეთ ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც მეცნიერული თვალსაზრისით სათანადო სიღრმით შეიძლება მანამდე არ ყოფილა შესწავლილი. წიგნი შედგება ორი თავისაგან. პირველ ნაწილია: ”ფერეიდნელი ქართველები – ისტორია და თანამედროვეობა,” მეორე – “ფერეიდნელი ქართველები – ფოლკლორული კონტექსტი.” ვფიქრობ, ეს წიგნი დააინტერესებს ფერეიდნელების ყოფა-ცხოვრებითა და ისტორიით დაინტერესებულ მკვლევრებს. წიგნის გამოცემით ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნა პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.

ქართველოლოგიის ცენტრი აგრძელებს მუშაობას როგორც ქართველური დიალექტური მასალის ჩაწერა-დამუშავება-შესწავლის კუთხით, ასევე უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ კვლევა-ძიების მიმართულებით.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური