GE

ფიროსმანი რომ წამოდგეს და სკოლაში მასწავლებლობა მოინდომოს, შეუშვებთ გაკვეთილზე? – რას პასუხობს განათლების სამინისტრო კითხვას ნიჭიერ მხატვრებზე

„ფიროსმანი რომ მოვიდეს, რომ წამოდგეს და მასწავლებლობა მოინდომოს ხატვის, ექნება თუ არა საშუალება, რომ ხატვის მასწავლებელი გახდეს საჯარო სკოლაში“ – ეს კითხვა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ დასვა.

9 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებს: – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – განიხილეს, რომლის მიხედვითაც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგებთან ერთად, პროფესიული განათლების მქონე დარგის სპეციალისტებსაც ექნებათ. იაგო ხვიჩია კი ამ კონტექსტში თვითნასწავლი ხელოვანების ბედით დაინტერესდა.

დეპუტატს მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელმა, ხათუნა ბარაბაძემ უპასუხა.

ბარაბაძის ინფორმაციით, არსებობს მინისტრის ბრძანება, რაც მასწავლებლის პროფესიის რეგულირების კანონშიც არის გაწერილი, რომ ხდება განსაკუთრებული წესით სტატუსის მინიჭება, განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის და ფიროსმანი რომ მივიდეს და ხატვის მასწავლებლობა მოინდომოს განსაკუთრებული სტატუსით, მას ეს სტატუსი მიენიჭება, თუმცა, ხვიჩიას შემდგომ კითხვაზე, როგორი პროცედურა უნდა გაიაროს ფიროსმანმა ამისთვისო, უკან დაიხია და უპასუხა, რაიმე სახის დოკუმენტიც უნდა წარმოადგინოს, რომ ნამდვილად ფიროსმანია და კიდევ, ბევრი მეცნიერი არსებობს, რომელიც ღირებული და დამსახურებული კადრია, თუმცა მოსწავლეებთან პედაგოგიური მიდგომა კიდევ სხვა უნარებსაც გულისხმობს და ზუსტად ამ მიმართულებით ხდება პედაგოგიური კადრის შერჩევა, სკოლაში პედაგოგიკური მიმართულებაც მნიშვნელოვანიაო.

იაგო ხვიჩიამ კოლეგებს მოუწოდა, კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე „ფიროსმანების“ საკითხში უკეთესად მოემზადონ.

ამავე თემაზე:

სკოლაში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება პროფესიული განათლების მქონე დარგის სპეციალისტებსაც ექნებათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური