ფსიქოლოგის რჩევები პირველკურსელებს – როგორ გავიაროთ ადაპტაცია ახალ გარემოსთან
2017 წელს 28 176 აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ სტუდენტი გახდა. მათ ნაწილს უმაღლესი განათლების მისაღებად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს. ისე კი, სკოლის დამთავრების შემდეგ, ცვლილებები ყველა სტუდენტის ცხოვრების თანმდევი მოვლენაა – ახალი ნაცნობები თუ განსხვავებული დღის წესრიგი თითოეულ მათგანს ახალ შესაძლებლობებთან ერთად, ახალი გამოწვევების წინაშეც აყენებს.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაცია მარტივად შევძლოთ?
– ამ კითხვით EDU.ARIS.GE-მ ფსიქოლოგებს მიმართა. მათგან ერთ-ერთი, ეკატერინე მენაბდიშვილი, თავადაც პირველკურსელი სტუდენტის დედაა.
“ჩემი შვილიც წელს გახდა სტუდენტი, და ეს ფაქტი მარტო მისას კი არა, თითოეული ოჯახის წევრის ცხოვრების რეჟიმს ცვლის. მე, როგორც დედა, ძალიან ბევრს ვფიქრობ – აქამდე მას დამოუკიდებლად არ უცხოვრია და ეს მისთვის ახალი გამოწვევა იქნება. ალბათ მრავალი დედაა ასეთ მდგომარეობაში”, – ამბობს ეკატერინე და პირველ რჩევასაც გვაძლევს:
“პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი, ანუ, რისთვის ვსწავლობთ, რატომ ვტოვებთ ოჯახს და მივდივართ სხვა ქალაქში, რაში დაგვეხმარება ეს ცოდნა და ეს გამოცდილება. ამ კითხვებზე პასუხები მოტივაციას შეგვინარჩუნებს, რაც თავისთავად გაგვიმარტივებს ადაპტაციასაც. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ არ შევიქმნათ წინასწარი მოლოდინები და გარემო, რომელშიც ცხოვრება მოგვიწევს, მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასოთ”.
იგივე რჩევას სტუდენტებს ფსიქოლოგი თამუნა გოგოლაძეც აძლევს. თამუნას თქმით, გარემოს შესწავლა თითოეულ სტუდენტს დაეხმარება, გაიაზროს, სად არის და როგორ შეუძლია, თავი უკეთესად იგრძნოს.
“პირველ რიგში შეისწავლონ გარემო, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ. შემდეგ შეაფასონ საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით, რის გამო უღირთ ამ გარემოში ყოფნა, რა არის მათი მიზანი, რა შეუძლია გარემოს გააკეთოს მათთვის და რისი გაკეთება შეუძლიათ გარემოსთვის; დაფიქრდნენ, რის შეცვლას ისურვებდნენ უკეთესობისკენ და რისი შეცვლა შეუძლიათ; გადაწყვიტონ მათთვის სასიამოვნო რა მომენტების შეტანა შეუძლიათ ამ გარემოში და რა სიხშირით. რაც მთავარია, ახსოვდეთ რომ ყველაფერი ცვალებადია. ჰქონდეთ უკეთესის იმედი და მზად იყვნენ რთული მომენტებისთვისაც,” – ამბობს თამუნა.
მისივე თქმით, ახალ გარემოსთან შეგუება და იქ თავის დამკვიდრება, საბოლოოდ, მაინც ადამიანის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული.
“ადამიანები განსხვავდებიან, ზოგს უყვარს როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ვერ იტანს მოულოდნელობებს, ასეთ ადამიანებს ხშირად მოუწევთ საკუთარი პრიორიტეტების გადახედვა და საკუთარი თავისთვის შეხსენება, რატომ სურთ დამოუკიდებლად ცხოვრება და რა შედეგს ელიან საბოლოოდ, რამდენად შეუძლიათ მიიღონ ცვლილებები მათ მიერ დაწერილ სცენარში. თუმცა დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება აუცილებელი ეტაპია ყველა ადამიანისთვის და სჯობს მოულოდნელობები აღვიქვათ გამოწვევად და არა პრობლემათა დაუსრულებელ ჯაჭვად.”
და ბოლოს, – ბოლოს ერთ-ერთი რჩევა, რასაც ყველა ფსიქოლოგი გვაძლევს, ასეთია – რეალობა ჩვენი მოლოდინებისგან განსხვავებული იქნება, მაგრამ ეს უნდა მივიღოთ, არა როგორც სასჯელი და იმედგაცრუება, არამედ როგორც ახალი შესაძლებლობა.
როდის იწყება 2017-2018 სასწავლო წელი უმაღლეს სასწავლებლებში
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა
მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება