„გადავდივართ ახალ ფაზაზე“ – რა ეტაპზეა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დამტკიცება
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 11 ოქტომბრის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განათლების მაჩვენებლები განიხილეს, სადაც მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე იყო.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია, როცა ციფრში, ნომინალში თანხა იზრდება, მაგრამ, უნდა ვიზრუნოთ, ეს თანხები შედეგზე ორიენტირებულად დავხარჯოთ.
ამ კონტექსტში გიორგი ამილახვარმა კომიტეტზე მყოფ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის თაობაზე კითხვით მიმართა:
„მიმაჩნია, რომ მთავარი დიდი ღერძი, რეფორმა, რაც გასატარებელი გვაქვს ყველას ერთად განათლებაში, ეს არის, შევცვალოთ დაფინანსების მოდელი. ვიცი, რომ უმაღლესი განათლების მოდელთან ბოლო ფაზაშია გასული კონცეფციის დამუშავება… იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, როდის შეიძლება მზის შუქზე ვიხილოთ ეს მოდელი, შემდგომ როგორ შეიძლება ეს დავნერგოთ და გავაგძელოთ პროცესი“.
მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძის ვრცელ პასუხამდე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ „2023 წლის ბიუჯეტზე უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელი ვერ იმოქმედებს იმიტომ, რომ 2023 წელს, რეალურად, იგივე მოდელი იქნება დაფინანსების, რომელიც გვაქვს და სავარაუდოდ, საუბარია, რომ 2024 წლისთვის შესაძლებელი იქნება ამ მოდელზე გადასვლა“.
მიხეილ ჩხენკელის მოადგილემ კი იმის შესახებ ისაუბრა თუ რა ეტაპზეა ამჟამად დაფინანსების მოდელის კონცეფციის განხილვები.
მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკვე შემუშავებულია კონცეფციის ნაწილი, რაც გულისხმობს ძირითადად საბაზო დაფინანსების ელემენტების შემოღებას, ასევე, შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების შემოღებას. ამ მექანიზმებმა საშუალება უნდა მისცეს უნივერსიტეტებს, არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ სტუდენტების გადასახადებზე, რაც „ძალზედ პოზიტიური ნაბიჯი იქნება“.
„ეს მოდელი, კონცეფციის დონეზე, მოგეხსენებათ უკვე განხილვებშია უნივერსიტეტებთან, თუმცა ჩვენ ახლა გადავდივართ ახალ ფაზაზე, როდესაც კონკრეტიკაზე უნდა შევიდეთ. ანუ, როგორ იქნება კონკრეტულად ინდიკატორები, როგორ იქნება კონკრეტულად კოეფიციენტების წონა სხვადასხვა აქტორებისა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს დაფინანსების მოდელში და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მაქსიმალურად იყოს საუნივერსიტეტო საზოგადოება ამაში ჩართული. უახლოეს მომავალში, რექტორთა საბჭოზე გაკეთდება ამასთან დაკავშირებით მინისტრის მიერ მოხსენება და უკვე გადავალთ ძალიან კონკრეტულ განხილვებზე, როგორი შეიძლება იყოს დაფინანსების ახალი სქემა.
„2023 წელი ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ეს იქნება გარდამავალი პერიოდი. მოგეხსენებათ, რომ დაფინანსების ნაწილში ჩვენ გვაქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის კომპონენტი. სწორედ ამ კონკრეტიკიდან გამომდინარე იქნება აქცენტები გაკეთებული ამ მიმართულებით, რომ უნივერსიტეტები მოემზადონ ახალი მოდელისათვის, ახალი ფორმულისათვის და უკვე რეალურად, ცვლილებები განხორციელდება 2024 წლიდან“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაზე საუბარი და თავად პროცესი 5 წელს ითვლის.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება