GE

„გაჯეტებთან ბრძოლა, ალბათ, მთავარი გამოწვევა იქნება“ – როგორ ხედავს დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებელი საკუთარ მისიას

“მასწავლებლობის მსურველთა გაზრდილი რაოდენობა ნამდვილად მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ამ პროფესიისადმი ინტერესიც გაიზარდა და დასაქმების სურვილიც”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ქართული ფილოლოგიის კურსდამთავრებული, მასწავლებლობის მსურველი, სოფიკო ქურასბედიანი, რომელიც დღეს, 19 ივლისს, მასწავლებლის საგნის გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს.

პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები ტესტირებას დაწყებითი კლასების (I-IV) საგნებში გაივლიან.

სოფიკო აღნიშნავს, რომ ვიდრე დარეგისტრირდებოდა და მასწავლებლობის მსურველთა რიგებს შეუერთდებოდა, უკვე მოქმედ პედაგოგებს გაესაუბრა და მათ გამოწვევებსაც გაეცნო:

“ვიცი, რომ მარტივი საქმიანობა არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ დადებითი განწყობა და მოლოდინი მაქვს. ვნახოთ, მე რა გამოწვევები მექნება და როგორ გავართმევ თავს”.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, დაწყებით კლასებში ბავშვების გაჯეტებზე დამოკიდებულების საკითხი მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხია.

სოფიკოს ვკითხეთ, რა იყო ის ძლიერი მხარე, რომელიც მისი ქართული ენის პედაგოგს ჰქონდა, რა გამოცდილებას გაიზიარებს მისგან ან პირიქით, რის შეცვლას შეეცდება.

“გამომდინარე იქიდან, რომ მე სკოლა სვანეთში დავასრულე, ჩვენ პრობლემები ინტერნეტ სასწავლო რესურსებთან დაკავშირებით გვქონდა. თუნდაც კომპიუტერი და ინტერნეტი ავიღოთ, ვერ ვიყენებდით ისე ხარისხიანად, როგორც დღეს იყენებენ. ალბათ, ამის შეცვლას შევეცდებოდი, მაგრამ იმასაც აღვნიშნავ, რომ გაჯეტებთან ბრძოლა მასწავლებლებისთვის მთავარი გამოწვევა მგონია. აქ ვგულისხმობ ისეთ შემთხვევებს, როცა არამიზნობრივად გამოიყენება ტექნოლოგიური რესურსი. რაც შეეხება რას გავიზიარებდი, ესაა ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარული, რომელიც ყველა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს აქვს”, – გვითხრა სოფიკო ქურასბედიანმა.

ის გვესაუბრა თუ როგორ წარმოუდგენია საკუთარი მისია სკოლაში, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს.

“ქართული ენის სიყვარულისა და ცოდნის დეფიციტს, ვერ ვიტყვი, რომ ცალსახად ვხედავ ახალგაზრდებში, მაგრამ როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი, ჩემს მისიასა და დანიშნულებას ვიაზრებ. ქართული ენა მშობლიური ენა უნდა იყოს, მოსწავლეებისთვის საყვარელი საგანი და როგორც პედაგოგი, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის”, – აღნიშნავს სოფიკო.

იგი გვიხსნის, რომ მიუხედავად მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრირებულ კანდიდატთა სიმრავლისა კონკურენციის შიში არ აქვს და არ ფიქრობს, რომ დასაქმება გაუჭირდება:

“გამოსაცდელთა რიგებში შესაძლოა, მრავლად იყვნენ პედაგოგობის მსურველები, რომელთაც უბრალოდ დასაქმება სურთ. მათ, ვისაც უბრალოდ დასაქმება სურთ და ვერ ხედავენ საკუთარ მისიას, ალბათ, გაუჭირდებათ, რომ ბოლომდე დარჩნენ ამ პროფესიაში და ყველა გამოწვევას გაუმკლავდნენ”, – აცხადებს დაწყებითების მომავალი მასწავლებელი, სოფიკო ქურასბედიანი.

ასევე იხილეთ:

„მისცე ბავშვს სმარტფონი იგივეა, მისცე მას ნარკოტიკი“ – 4 გზა, თუ როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი მობილურს

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური