„ანაზღაურებადი შრომა ცალკეა და ცალკეა კიდევ ის, რაც ვერ ანაზღაურდება, ასეთ შრომას ეწევიან პედაგოგები“ – გზავნილები განათლების სამინისტროს
ბუნებისმეტყველება, მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა დაწყებითი საფეხურისთვის – ეს ის საგნებია, რომლებშიც კომპეტენცია მოქმედ მასწავლებლებსა და ასევე მასწავლებლობის მსურველებს დღევანდელ გამოცდაზე უნდა დაედასტურებინათ.
გამოსაცდელები EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავენ, რომ მათთვის დაწყებით კლასებში სწავლების არჩევანი მარტივი მისაღები არ იყო, რადგან ესმით, რომ ეს კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. ამ საქმეში კი, როგორც გვიხსნიან, განათლების სამინისტროსგან გვერდში დგომა განსაკუთრებით სჭირდებათ.
“დედა მყავს დაწყებითი კლასების პედაგოგი. 30 წელია, ამ პროფესიაშია. ვიცი, როგორი საპასუხისმგებლოც არის. გამუდმებით ჩართულია მოსწავლეების აღზრდა-განათლების საკითხებში, სახლშიც კი მათზე ფიქრობს, მშობლებს ესაუბრება მუდმივად, გეგმავს როგორც საკლასო, ისე კლასგარეშე აქტივობებს – ეს, რასაკვირველია, არის ძალიან დიდი შრომა.
ასევე, არის დამრიგებელიც და ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი დაკავებული სამუშაო დღეც აქვს. ანაზღაურებადი შრომა ცალკეა და ცალკეა კიდევ ის, რაც ვერ ანაზღაურდება, ასეთ შრომას ეწევიან პედაგოგები. მინდა გითხრათ, რომ მივესალმები იმ რეფორმებს, რომლებიც სამინისტროში ხორციელდება, ჯერ შედეგებს ჩვენ ვერ დავინახავთ, ეს, ალბათ, მომდევნო წლებში გამოჩნდება”, – გვითხრა ეკატერინე კანდელაკმა, მასწავლებლობის მსურველმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოქმედი ფიზიკის პედაგოგი კი, რომელიც გამოცდებზე საკუთარი მინი კონსპექტებით, როგორც თავად აღნიშნავს, სრულად მობილიზებული და მომზადებული მოვიდა, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ დაწყებითი კლასების პედაგოგებს განსაკუთრებით სჭირდებათ ხელშეწყობა, პირველ რიგში იმისთვის, რომ შეძლონ და ისე გაართვან თავი დაკისრებულ ვალდებულებებსა თუ პასუხისმგებლობებს, რომ პროფესიიდან გასვლის სურვილმა არ “შეიპყროთ”.
“როცა სკოლაში სწავლობს 1800-ზე მეტი მოსწავლე და დაწყებით კლასებში 4 პარალელი კლასია, მინიმუმ 24 მოსწავლით, გაითვალისწინეთ, რომ მათგან ყველას საკუთარი საჭიროებები აქვს (სპეციალური საჭიროებებიც, მათ შორის) სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა, ეს კიდევ უფრო მეტი დრო და შრომაა.
“სხვათა შორის, მშობლებთან ურთიერთობაც ასეა, ინდივიდუალურად უნდა მიუდგე. გასაგებია ალბათ, რომ საქმე მარტივად არ იქნება. სკოლის დირექტორებმაც იციან ეს და სამინისტროშიც უწყიან, რომ არის უამრავი გამოწვევა და მეტი რესურსი გვჭირდება, როგორც მატერიალური, ისე ადამიანური. კადრის პოვნა შეიძლება უფრო მარტივი იყოს, ვიდრე მისი შენარჩუნება”, – გვითხრა ლელა მასწავლებელმა.
ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი უფრო ვრცლად საუბრობს იმაზე, თუ რა არის ის კონკრეტული წინადადებები, რომლებიც განათლების სამინისტროსთან აქვთ და მათი შესრულებით რეალურ მხარდაჭერას იგრძნობდნენ:
“მაგალითისთვის, საგაკვეთილო ბადე რომ ავიღოთ, აქაც კი საჭიროა გარკვეული ცვლილებები. კი, ეს სკოლებში თავად რეგულირდება, მაგრამ სამინისტროს ჩართულობის საჭიროებასაც ვხედავთ. მასწავლებლებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი სრულფასოვანი შესვენება, ე.წ ფანჯარა გვაქვს. ზოგჯერ, გაკვეთილებს შორის ინტერვალი ხან ორი გაკვეთილია, ხან სამი. ეს ცოტა დამღლელიც არის.
“დამრიგებლებისთვის ხელფასების გაზრდაც აუცილებელია. დამრიგებლის საპასუხისმგებლო საქმიანობა უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. რესურსების მხრივ კი უფრო მეტი რესურსი უნდა გამოიყოს, ვერ ვიტყვი, რომ ხშირად, მაგრამ მეც მიწევს საკუთარი ფინანსებით შევიძინო მარკერი, თაბახის ფურცლები, კალმები.. ვფიქრობ, რომ სამინისტრო სკოლების საქმიანობაში უფრო მეტად უნდა ჩაერთოს, როგორც მაკონტროლებელი, ავტონომია საჭიროა, მაგრამ კონტროლიც აუცილებელია. პირადად მე, სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობის იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც ასე ფიქრობენ, ასე რომ არ იყოს, ამ პროფესიაში არ ვიქნებოდით”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მოქმედი პედაგოგი, რომელიც, როგორც აგვიხსნა, მაღალ კლასებში ქართულ ენას ასწავლის, დღეს კი მათემატიკის საგნის გამოცდაზე გავიდა, რადგან სურს, რომ მეტი საგაკვეთილო საათები მიიღოს.
როგორც გავარკვიეთ, საგანმანათლებლო გამოწვევების შესახებ დღეს, ბუნებისმეტყველების გამოცდაზე გასულმა მასწავლებლებმა წერეს. ერთ-ერთი დავალება საერთაშორისო კვლევებზე შეხვდათ, სადაც პედაგოგებმა PISA-ს კვლევის შედეგების თაობაზე არგუმენტი მოიყვანეს.
პედაგოგებო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ის ხელშეწყობა, რომლის მიღებასაც განათლების სამინისტროს მხრიდან ისურვებდით, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და შეხედულება.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- მასწავლებლის გამოცდების შედეგები ყველა საგანში გამოქვეყნდა – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- უცხოურ ენებში მასწავლებლის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე