GE

გაგრძელდება თუ არა შემდეგ წლებშიც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების ვალების განულება – მინისტრის განმარტება

“მსგავსი არსად არ ხდება და ვერ მოხდება”, – ასე პასუხობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი კითხვას, გაგრძელდება თუ არა სხვა წლებშიც ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების ვალების განულება.

მისი განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ინიციატივები კიდევ გაჩნდეს

“ეს არის მრავალწლიანი პრობლემა, რომელსაც ჩვენ მოვკიდეთ ხელი. მე არ გამოვრიცხავ სხვა მსგავს ინიციატივებს მომავალშიც, მაგრამ ეს ჯერ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში არ არის ბუნებრივია წინმსწრებად მიღებული, თუმცა ხელისუფლება გამოირჩევა მსგავსი სოციალური მხარდამჭერი პროექტებით და მსგავს ინიციატივებს მე მომავალშიც არ გამოვრიცხავ. ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტთან (გარდა ორი კერძო უნივერსიტეტისა), სამართლებრივი პროცედურები შექმნილია, ახლა უკვე მიმდინარეობს ბოლო დეტალურ სიებზე და ვალების დადგენაზე მუშაობა, თუმცა ეს ხელს არ უშლის არცერთ სტუდენტს და ვისაც სურვილი აქვს, გზა გახსნილია. 5 წელი არის მაქსიმალური ვადა და ვისაც ხუთი წელი არ აქვს გასული, უფლება აქვთ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„პრემიერს არ უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონს დავხარჯავთ“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გამოცემული დადგენილების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გამოისყიდოს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასური.

“უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება და ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ჩამოაწეროს ფინანსური დავალიანება. ხოლო სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში”, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში.

თავის მხრივ, სტატუსაღდგენილი სტუდენტი უფლებამოსილია, ჩაერთოს სასწავლო პროცესში, ხოლო მისი სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდოს სტუდენტთა ადგილების რაოდენობა აღნიშნული სტუდენტების სწავლის ვადით და გაზრდის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია უმაღლესებისთვის გადასახდელი სწავლის საფასურის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური