„პრემიერს არ უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონს დავხარჯავთ“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება 40 მილიონი ლარის ბიუჯეტიდან დახარჯვას არ გულისხმობდა და მას ეს არ უთქვამს.
30 000-მდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება გაუნულდება – ირაკლი ღარიბაშვილი
ამის შესახებ მან პარლამენტში დღეს, 27 სექტემბერს, “ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა, სადაც დეპუტატებმა კითხვები დასვეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების კონტექსტში.
დეპუტატი ხატია დეკანოიძე დაინტერესდა, რა თანხა უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის მიცემული დაპირების შესასრულებლად. კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ კი იკითხა – დახარჯავს თუ არა მთავრობა 40 მილიონს.
“სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერს არ განუცხადებია, რომ ჩვენ გადავიხდით ბიუჯეტიდან სრულად ამ თანხას. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს ჩამოეწერებათ ეს დავალიანება. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონს დავხარჯავთ, ახსენა, რომ 40 მილიონი არის ვალი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. რამდენს დავხარჯავთ ზუსტად, ეს გამოჩნდება დაახლოებით 2 თვეში, როდესაც ეს პროცესი დასრულდება. დიდი, მნიშვნელოვანი თანხის დამატება ბიუჯეტიდან აქ საჭირო არ იქნება და განათლების სამინისტრო თავისი რესურსით უზრუნველყოფს ამ თანხების დაფინანსებას, რა თქმა უნდა, 40 მილიონი არ დაიხარჯება ამაში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, არავის არავინ აძალებს და თუ უნივერსიტეტს არ ენდომება, განსაკუთრებით კი კერძო უნივერსიტეტს, მას შეუძლია უარი თქვას სახელმწიფოს შეთავაზებაზე. თუმცა გიორგი კაკაურიძე დარწმუნებულია, რომ ის ანაზღაურება, რაც განათლების სამინისტრომ უმაღლესებს შესთავაზა, აბსოლუტურად ლოგიკურია და უნივერსიტეტებისთვისაც მისაღები იქნება.
აღნიშნულის პასუხად რომან გოცირიძემ დასძინა, რომ პრემიერის სიტყვები – გაუნულდებათ, “ნიშნავს დაიბაროთ სუსში რექტორები და უთხრათ – გაუნულეთ სასწრაფოდ 30 ათას ადამიანს და მეორე ნიშნავს, რომ ბიუჯეტი გადაიხდის. ყველა კომენტარი, რაც მთავრობიდან იყო რომ ბიუჯეტიდან დავუფარავთ ამ ფულს, ეს ტყუილი იყო”.
ამის შემდეგ გიორგი კაკაურიძემ დააზუსტა, რომ რომელი უნივერსიტეტიც თანახმა იქნება, სტუდენტის დავალიანებაში 20% მიიღოს, მას ეს თანხა მიეცემა, რაც კითხვის ავტორი დეპუტატების თქმით, ნიშნავს, რომ დავალიანების 80%-ს უნივერსიტეტი ფარავს და ეს სქემა პრემიერისთვის ცნობილი არ იყო, შესაბამისად მოიტყუა.
“გაუნულდება ნიშნავს, რომ ვალი აღარ ექნება სტუდენტს და არა იმას, რომ 40 მილიონი დაიხარჯება. საბანკო სფეროშიც არსებობს დავალიანებები, რომლის ამოღება ხდება ან არ ხდება. ზოგის ჩამოწერა ხდება, ზოგი კი აწყობთ, რომ რაღაც ღირებულებით გაიყიდოს. შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის 20%-ზეა გაკეთებული. ეს 20%-იანი ანაზღაურება, დარწმუნებული ვარ, სრულიად საკმარისი იქნება, რომ უნივერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოსყიდვა გააკეთოს, ანუ დათმოს ეს ვალდებულება, რაც აქვს სტუდენტების მიმართ მოთხოვნა, დათმოს სახელმწიფოს მიმართ და სახელმწიფო არ მოსთხოვს სტუდენტებს ამ თანხას”, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ამავე თემაზე:
რა ფასდაკლებით შეიძენს სახელმწიფო სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანებას უნივერსიტეტებისგან?
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება