GE

„გაკვეთილს ვატარებდი, საქმის მწარმოებელი ინეზა ხარაბაძე შემოვარდა და ხელკეტი თავში ჩამარტყა“ – პედაგოგი დავით ხარაბაძე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთ პედაგოგს სცემა და სკოლის ინვენტარი დაამტვრია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულმა პედაგოგმა დავით ხარაბაძემ განუცხადა, პირველ კლასში გაკვეთილს ატარებდა, რა დროსაც ინეზა ხარაბაძე თავს დაესხა და თავში ხელკეტი ჩაარტყა.

დავით ხარაბაძე ფიქრობს, რომ საქმის მწარმოებელი სავარაუდოდ, საათების გამო დაუპირისპირდა.

„პირველ კლასში გაკვეთილს ვატარებდი, რა დროსაც საქმის მწარმოებელი ინეზა ხარაბაძე შემოვარდა ხელკეტით და თავში ჩამარტყა. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ თვალთ დამიბნელდა და ცუდად გავხდი, წავიქეცი. შემდეგ წამოვდექი და მის შეჩერებას შევეცადე, ხმაურზე შემოვიდნენ სასწავლო ნაწილის გამგე და გვერდით კლასში მყოფი დირექტორი. ეს ყველაფერი პირველი კლასის მოსწავლეების თვალწინ მოხდა, ბავშვებს შეეშინდათ, ზოგი ტიროდა, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, კლასიდან გაყვანის შემდეგ, სკოლის მეორე სართულზე გადაინაცვლა და ვინც შეხვდა ყველას ფიზიკურად გაუსწორდა. სამასწავლებლოში არსებული კომპიუტერები, პრინტერი, სკანერი და სხვა ინვენტარი რაც იყო დაამტვრია.

ფეხის მოტეხილობის გამო ორი თვით ბიულეტენზე ვიყავი გასული, ჩემი არყოფნის დროს გაკვეთილებს ინეზა ხარაბაძე ატარებდა, ბიულეტენიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი კუთვნილი საათები დამიბრუნდა და ვფიქრობ, ამან გააღიზიანა. მეუბნებოდა, მეორე ფეხიც უნდა მოგტეხო, რომ სკოლაში საერთოდ ვერ მოხვიდეო. მიზეზებზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, საათების გამო დამიპირისპირდა“, – აღნიშნა დავით ხარაბაძემ.

ხარაბაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ გუშინ ის და მისი ოთხი კოლეგა ექსპერტიზის ჩასატარებლად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების სკოლის საქმის მწარმოებლის მიერ პედაგოგების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.

სკოლის დირექტორის თქმით კი, დღეს, დისციპლინური კომიტეტი შეიკრიბება და ინეზა ხარაბაძეს სამსახურიდან გაათავისუფლებს.

„საათების განაწილებაზე შეიძლება სისხლი დაიღვაროს, პედაგოგები ძალიან კონკურენტუნარიანი ხალხია“

საათებზე ბრძოლა სკოლაში

წყარო. ipn.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური