საათებზე ბრძოლა სკოლაში
“გამარჯობა, ორ სერტიფიკატიანი პედაგოგი ვარ, თსუ-ს წითელი დიპლომით. გასულ წელს როგორღაც დავსაქმდი სკოლის გახანგრძლივებულ ჯგუფში. ანაზღაურება 120 ლარი მაქვს. იმედი მქონდა, სკოლაში ვიქნებოდი და თუ ვაკანსია გამოჩნდებოდა მეც მეშველებოდა რამე. წელს ერთი პედაგოგი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და 10 საათი გათავისუფლდა. დირექტორმა უარი მითხრა და უპირატესობა პენსიონერ პედაგოგს მიანიჭა, რომელიც იქამდე 15 საათს ატარებდა. კითხვა მაქვს: თუ ამდენი გაკვეთილის ჩატარება შეუძლია, რატომ უხდის სახელმწიფო პენსიას? ” – წერილი კახეთის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა მოგვწერა, თუმცა სამსახურის დაკარგვისა და კოლეგებთან მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით ვინაობის გამხელა არ ისურვა.
დირექტორს კანონი არ დაურღვევია, ამიტომ წერილის ავტორი სამართლებრივ დავას ვერ იწყებს. წუხს, რომ სახელმწიფო მანქანა მასწავლებლობის მსურველ მოტივირებულ ახალგაზრდას, განვითარების შესაძლებლობას უკარგავს, მის პენსიონერ კოლეგას კი ხელფასთან ერთად პენსიასაც უხდის.
სტატისტიკა:
დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, ათასობით მასწავლებელი სკოლაში მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. EDU.ARIS.GE-ს მიერ სხვადასხვა დროს მოპოვებული ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ სკოლაში კადრების დაბერების პრობლემა დგას. განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 13 525 პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს. მათგან 12 771 საჯარო სკოლაშია დასაქმებული და მასწავლებლების საერთო რაოდენობის 21 %-ს შეადგენს.
კანონი:
მასწავლებელი ერთადერთი საჯარო მოხელია, რომელსაც კანონი უფლებას აძლევს საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად კუთვნილი პენსიაც მიიღოს.
მენტალიტეტი
მასწავლებელი უბერებელი პროფესიონალია. სანამ ფეხზე დგას და სანამ საუბარი შეუძლია, მიდის და ასწავლის. ასწავლის სხვებზე უკეთ – ასე ითვლება. რაც უფრო ასაკიანი პედაგოგი, მით მეტი გამოცდილება და დამსახურება აქვს. ხელფასი? – დიდი არაფერი, როგორც ყველას, მაგრამ თითქმის 3 თვის პენსიის ტოლი. სტატუსი? თემი იცნობს და პატივს სცემს.
რეალობა:
ხშირად მოისმენთ: “ასაკიანია, მაგრამ ბევრ სერტიფიცირებულ ახალგაზრდას სჯობს. ტექნოლოგიურ პროგრესსაც აუწყო ფეხი და თანამედროვე მიდგომებსაც”. მეორენი ამბობენ: “უკვე 60 წელს გადავცილდი, რაღა დროს ჩემი პროფესიული განვითარებაა”. თუმცა რჩებიან სკოლაში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ წლების წინ მოპოვებული კარგი რეპუტაცია აქვთ და წარმოუდგენლად მიაჩნიათ სხვა მასწავლებლით ჩანაცვლდნენ. შედეგად სკოლა იმაზე მეტ მასწავლებელს იტევს, ვიდრე მოსწავლეებს ჭირდება. “საათებზე ბრძოლა” სხვადასხვა მეთოდებით მიმდინარეობს. მასწავლებლობის მსურველი 1 500 გადამზადებული კადრი რიგში დგას და ადგილის გათავისუფლებას ელის.
კონკურენცია:
საბაზრო ეკონომიკის ეს ძირითადი პრინციპი საჯარო სკოლაში არ მუშაობს. მშობელს და მოსწავლეს მასწავლებლის არჩევა არ შეუძლია. შესაბამისად, არც პედაგოგები მოიაზრებენ ერთმანეთს მეტოქეებად. სამინისტროს მორჩილი დირექტორები დამოუკიდებლად ვერ მართავენ სოციალურ პროცესებს. მცირე საათებზე ინარჩუნებენ მასწავლებლებს და ცდილობენ კოლექტივი კმაყოფილი ყავდეთ, თუნდაც მოსწავლეების ხარჯზე.
მშობლის თვალით დანახული პრობლემა:
“ჩემი შვილი მესამე კლასშია. ძალიან კარგი მასწავლებელი შეგვხვდა, გულისხმიერი, სათნო, პროფესიონალი, მაგრამ ასაკიანი. თითქოს კარგად გავუგეთ ერთმანეთს, მაგრამ ვატყობდით რომ პარალელურ კლასებში უფრო თანამედროვე მეთოდებს იყენებდნენ. მაგალითად, აკეთებდნენ პროექტებს, ხშირად დადიოდნენ ექსკურსიებზე, მეტი შეხება ქონდათ საზოგადოებასთან, ბუნებასთან. მოსწავლეებიც ბევრად წინ იყვნენ ჩვენ შვილებზე. რა თქმა უნდა, ვერ ვბედავდით ჩვენი მასწავლებლის საწინააღმდეგოდ რამის თქმას. მერე საშინელება მოხდა. პედაგოგს გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ინსულტი დაემართა. ყველანაირად გვერდში დავუდექით. სიმართლე გითხრათ, გვეგონა ახალ მასწავლებელს გადააბარებდნენ ჩვენ კლასს, მაგრამ ასე არ მოხდა. რამდენიმე თვეში დაუბრუნდა სკოლას. პედაგოგს უჭირდა კლასის დამორჩლება, გაკვეთილის სრულფასოვნად ჩატარება. რაკი სკოლამ არ მიიღო საჭირო ზომები, მშობლებს მოგვიხდა მძიმე გადაწყვეტილების ჩვენ თავზე აღება. ძალიან მრცხვენია ამას რომ ვიხსენებ, მაგრამ ჩვენ მოვითხოვეთ ახალი მასწავლებელი. თუმცა ეს არ იყო ადვილი და ვფიქრობ სკოლას არ უნდა მივეყვანეთ ამ ზომამდე. ეს პრობლემა ადმინისტრაციას თავად უნდა მოეგვარებინა,” – გვიყვება მესამე კლასელი მოსწავლის დედა.
დამოუკიდებელი კვლევა:
მაია ბიწაძე, ასოცირებული პროფესორი, რომელმაც პედაგოგთა პროფესიული “გადაწვის” ასპექტები შეისწავლა EDU.ARIS.GE–სთან საუბრობს: “ჩვენი სისტემა არ არის აქტიური. არ ხდება თაობათა ცვლა – ძველები არ გადიან. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად სკოლაში 1-3 წლის სტაჟის მქონე მასწავლებლებს უჭირთ. მათ ემართემათ პროფესიული “გადაწვა” და მიდიან პროფესიიდან. ეს მეტად ყურადსაღები პრობლემაა, იმ ფონზე რომ სკოლაში კადრების დაბერების საკითხი მწვავედ დგას. ფაქტია არ არსებობს ახალგაზრდა მასწავლებლების სოციალიზაციის პროგრამები და მათ სკოლებში არსებულ გარემოსთან შეგუება უჭირთ. ჩვენ კი გვინდა ახალგაზრდა მასწავლებლები, უფრო ახლოს რომ არიან ბავშვების ინტერესებთან, ტექნოლოგიებშიც რომ ერკვევიან და განსხვავებული მეთოდებით ასწავლიან, მაგრამ ეს პრობლება ისე უნდა მოვაგვაროთ, თავი ავარიდოთ ასაკობრივ დისკრიმინაციას. კადრების დაბერების პრობლემას განვითარებული ქვეყნები მუდმივად ახალი კადრების მოზიდვით წყვეტენ. ჩვენთან კი რა ხდება, ბევრ რაიონში ისეთი დეფიციტია, პირიქით, ეხვეწებიან პენსიონერ მასწავლებლებს, რომ დიდხანს დარჩნენ სკოლაში. არადა, 70-80 წლის პედაგოგი უნდა იყოს დამსახურებულ პენსიაზე და არა გაკვეთილზე”.
გამოსავალი:
“ვიდრე ქვეყანაში პენსიაზე გასული მასწავლებლების სოციალური დაცვის ეფექტური სისტემა არ გვექნება, ყოველთვის იდგება ეს საკითხი დღის წესრიგში. მასწავლებელი უნდა იღებდეს ღირსეულ პენსიას, როგორც მაგალითად ყოფილი პარლამენტარები. თუ მასწავლებელს პენსიაზე გასვლა არ შეუქმნის მატერიალურ პრობლემებს საკუთარი ნებით წავა სკოლიდან. ამ მექანიზმის დანერგვით მომავალი მასწავლებლებისთვისაც გაჩნდება სამუშაო ადგილები,” – განათლების სისტემის ალტერნატიულ მოწყობაზე საუბრობს ჩვენთან სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ახალი სქემის შეთავაზება არ იგეგმება. საკადრო პოლტიკის გადახედვას არც განათლების სამინისტრო ჩქარობს. სტატისტიკა აჩვენს, რომ 5 წლის შემდეგ პენსიონერი მასწავლებლების რიგებს კიდევ 16 ათასი პედაგოგი შეემატება.
როგორ გაიზრდება მასწავლებლების საათები სკოლაში – მინისტრის ინიციატივები
სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების დეფიციტია
მასწავლებლობით დაკავებული ბევრი გვყავს, მაგრამ მასწავლებელი – ცოტა: გურამ ბერიშვილი
„სკოლაში მათემატიკის სწავლება გადასახედია, გრიფირებული წიგნები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება
- „ნახეთ მეთორმეტეკლასელების ცხრილი? სრული კატასტროფა! როგორ უნდა მოასწრონ ბავშვებმა მეცადინეობა!“ by ARIS.GE-განათლება
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება