GE

„გამოცდამდე ამობეჭდეთ რუკა და ივარჯიშეთ“ – გეოგრაფიის მასწავლებლის მითითებები აბიტურიენტებს

გეოგრაფია ის საგანია, რომლის ტესტშიც, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ცვლილებები შევიდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განმარტა, სიახლის მიხედვით, რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორი მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად და აბიტურიენტებს გამოცდის წინ აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი.

ჩვენი რესპონდენტი, თბილისის 126-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, ეკა გოგოლაძე, რომელსაც მრავალი წელია, აბიტურიენტებთან აქვს შეხება და ვთხოვეთ, 2022 წლის იმ აპლიკანტებისთვის, ვინც წელს გეოგრაფიას აბარებს, რეკომენდაციები მიეცა, ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებები გამოსაცდელებისთვის სასარგებლოა, რადგან, მისი აზრით, 21-ე საუკუნის მოსწავლეებს ელექტრონულ რუკასთან მუშაობა უფრო უადვილდებათ, ვიდრე ამობეჭდილთან.

„იგივე რუკას მისცემენ, რასაც აქამდე აძლევდნენ, ოღონდ ელექტრონულად. ასეთი ფორმით მიცემული რუკა კი გამოსაყენებლად ბევრად უკეთესია, რადგან აბიტურიენტს შეუძლია, რუკაზე დატანილი ობიექტი ახლოს მოიტანოს, წვრილად დაწერილი შრიფტები გაადიდოს და უფრო კარგად დაინახოს. გასულ წელსაც ჰქონდათ აბიტურიენტებს საშუალება, აერჩიათ რომელი გამოეყენებინათ – ამობეჭდილი თუ ელექტრონული. ასე რომ, არ ინერვიულონ ამ ცვლილების გამო. პირიქით, ბევრად უკეთესია ელექტრონული რუკა ლამინირებულთან შედარებით და არც გაუჭირდებათ მასზე მუშაობა“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ეკა გოგოლაძე.

პედაგოგი სასიკეთო ცვლილებად მიიჩნევს ასევე მრავალქულიანი დავალების დაშლას და ამბობს, რომ ეს ის საკითხი იყო, რაც აბნევდა აბიტურიენტებს, თუმცა როგორც ირკვევა, ტესტში კვლავ უნდა გაამახვილონ ყურადღება მსგავს დეტალზე:

„ყველა კითხვას, გვერდით, ფრჩხილში უწერია, თუ რამდენი ქულა იწერება მასში. სადაც მითითებული იყო სამი ქულა ერთ კითხვაზე, აბიტურიენტები იბნეოდნენ და იმ ერთ კითხვაზე სცემდნენ პასუხს, რომელიც თვითონ იცოდნენ. არადა, 3 რომ ეწერა მოცემულ საკითხს, იმას ნიშნავდა, რომ კითხვა მოიცავდა სამ პასუხს. ახლა კი ის სამქულიანი კითხვა დაშალეს და თითო-თითო ქულიანად აქციეს.

„ყველას ვურჩევ, ყურადღება მიაქციოს იმ კითხვას, რომელსაც ორი ქულა აწერია. ასეთი საკითხი მოითხოვს ორ პასუხს და კარგი იქნება, თუ კარგად გაიაზრებენ და რომ მიაგნებენ იმ ორ პასუხს, აბზაცებით გამოყონ, რათა გამსწორებლისთვის ადვილად აღსაქმელი იყოს. ხშირად ბავშვები აერთიანებენ რამდენიმე კითხვიან პასუხს და ერთ პასუხად წერენ. ამის გასწორება გამსწორებლებსაც უჭირთ“.

მასშტაბების გამოთვლის ხერხი

შეიძლება გევალებოდეთ პუნქტებს შორის მანძილის გაზომვა. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ტოპოგრაფიული რუკები ძირითადად მსხვილმასშტაბიანია და თუ გვინდა, გადავიყვანოთ მეტრებში ან კილომეტრებში, აუცილებელია, ეს ძალიან მარტივი ხერხით მოვახერხოთ.

როდესაც მეტრებში გადაგვყავს, ორ ნულს ვაშორებთ რიცხვით მასშტაბს. მაგალითად, გვაქვს 1/1000-თან. ამ შემთხვევაში, თუ გვეუბნებიან, გადაიყვანეთ მეტრებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩამოვაშოროთ ორი ნული და გამოვა, რომ ერთ სანტიმეტრში არის 10 მეტრი.

თუ რიცხვითი მასშტაბია 1/1 000 000 და გეუბნებიან, გადაიყვანეთ სიტყვიერ მასშტაბად, ძალიან მარტივი ხერხი იქნება, თუ ხუთ ნულს ჩამოაშორებთ, ერთ სანტიმეტრში დაგრჩებათ უკვე 10 კილომეტრი და მანძილების გაზომვა აღარ გაგიჭირდებათ.

მაგალითად, თუ რუკაზე გაქვთ რიცხვითი მასშტაბი, გადაიყვანეთ სიტყვიერში და მიიღეთ, რომ გაქვთ ერთ სანტიმეტრში 10 კილომეტრი და ამ დროს ბათუმიდან თბილისამდე მოცემული მანძილი რუკაზე პირობითად 5 სანტიმეტრს აჩვენებს, გეკითხებიან, რას უდრის მანძილი 1/1 000 000 მასშტაბის მქონე რუკაზე; ჩამოვაშორებთ ხუთ ნულს და დარჩება 10, ამ 10-ს გაამრავლებთ პუნქტებს შორის რუკაზე მოცემულ მანძილზე, ამ შემთხვევაში 5 სანტიმეტრზე და რასაც მიიღებთ, ეს უკვე არის ორ პუნქტს შორის მანძილი. ასეთი გაზომვა ტოპოგრაფიულ რუკაზე მუშოაბისასაც მოგიწევთ.

რუკა

გეოგრაფიის ჩაბარება ძალიან უნდა გაუადვილდეთ, რადგან მოყვება ფერადი, არაჩვეულებრივი რუკა რესურსის სახით – მსოფლიოს და საქართველოს ფიზიკური რუკა. ამ რუკებიდან ძალიან ბევრი საკითხი იქნება. მაგალითად, დატანილი იქნება რიცხვები არეულად და უნდა გასცეთ პასუხი, რომელი აღნიშნავს ფარავნის ტბას ან სად მდებარეობს ჯანდარის ტბა. უნდა ამოიცნოთ ობიექტები. თუ რუკა კარგად იცის აბიტურიენტმა, შეუძლია დააკვირდეს ობიექტებს, რომლებსაც ეკითხებიან და რუკის დახმარებით მოძებნოს ის ადგილი.

ტოპოგრაფიულ რუკას მოჰყვება თავისი ლეგენდა. კარგი იქნება, თუ აბიტურიენტს ტოპოგრაფიული რუკის პირობითი ნიშნები ეცოდინება. თუ იცნობ ამ ნიშნებს, თავისუფლად შეგიძლია, პასუხი გასცე რუკასთან დაკავშირებულ საკითხებს. აქ შეიძლება მოვიდეს ჰორიზონტის მხარეები, გრადუსები, კოორდინატების მოძებნა… მთავარია, რუკაზე ორიენტირება შეძლო.

მოცემული იქნება სხვადასხვა თემატური რუკები. შეიძლება იყოს – პოლიტიკური რუკა, კლიმატური რუკა, საზღვაო რუკა… აბიტურიენტს უნდა შეეძლოს ამ რუკების ამოცნობა. თუ ოთხი რუკაა, 4 სავარაუდო პასუხი ექნება და უნდა დაალაგოთ, მოცემული რუკები რომელს შეეფერება.

ინტერნეტში დევს საგამოცდო რუკა. კარგი იქნება, გამოცდამდე თუ ამობეჭდავთ და ივარჯიშებთ, რაც გაგიადვილებთ რუკაზე მუშაობას. ეს მხოლოდ ობიექტების გამოცნობასა და მასშტაბების თუ ობიექტებსა შორის მანძილის გამოთვლაში კი არ დაგეხმარებათ, იმ თეორიული მასალის პასუხების გაცემაშიც, რომელიც რუკასთან იქნება კავშირში. ამიტომაც, რუკის კარგად ცოდნა ბევრ საკითხს აგვარებს.

ტექსტის ანალიზი

ტექსტში იქნება აღწერილი გარკვეული სიტუაცია ერთ რეგიონში, მაგალითად, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე და იქიდან იქნება კითხვები. შეიძლება აღწერილი იყოს მრეწველობის დარგი სოფლის მეურნეობასთან, სასარგებლო წიაღირსეულთან დაკავშირებული. ტექსტის დახმარებით უნდა გასცეს აბიტურიენტმა პასუხი მოცემულ კითხვებს, მაგრამ მხოლოდ შიგნით ტექსტში არ მოძებნოს პასუხები. ეს ტექსტი ფაქტობრივად მოსწავლის დამხმარე იქნება, მაგრამ მან უნდა მოიშველიოს დამატებითი ინფორმაციაც. IX კლასში გავდივართ სკოლაში საქართველოს გეოგრაფიას და ნასწავლი მასალიდან და ტექსტის ანალიზიდან უნდა გასცენ პასუხი.

დიაგრამის გაანალიზება

ამ დავალებაში დიაგრამა შეიძლება იყოს წრიული ან სვეტოვანი. შეიძლება ცხრილის სახით იყოს მოწოდებული, სადაც დატანილი იქნება სტატისტიკური ინფორმაცია მაგალითად, ნავთობთან დაკავშირებით და სიტუაციაც იქნება აღწერილი, რომ, მაგალითად, ერთ-ერთმა კომპანიამ შეამცირა იქ დასაქმებული პეროსნალი. შეიძლება მიზეზიც იყოს ახსნილი, მაგრამ აბიტურიენტებმა ცხრილი უნდა გააანალიზონ და დაასახელონ თუნდაც ორი ფაქტორი, რამაც კომპანია მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. ამ კითხვებზე პასუხების გაცემას მხოლოდ ის შეძლებს, ვისაც შეუძლია ცხრილებზე ორიენტირება, საკითხების გაანგარიშება და ანალიზი.

შეიძლება საჭირო იყოს პროცენტული გამოთვლა, მაგალითად, იმპორტ-ექსპორტს შორის სხვაობისა ან რა შემთხვევაშია დადებითი თუ უარყოფითი სავაჭრო სალდო. პასუხის გაცემა აქ იმის მიხედვით იქნება საჭირო, იმპორტი აღემატება ექსპორტს თუ ექსპორტი იმპორტს. ექსპორტ-იმპორტი კი შეიძლება დიაგრამის სახით ჰქონდეთ მოცემული იქვე. ყველაზე მეტად რასაც უნდა დაუკვირდეს აბიტურიენტი, არის ის, რომ ყველა დიაგრამას გვერდით აქვს ახსნა. მაგალითად, იმპორტის დიაგრამა იქნება მითითებული ერთი ფერით და ექსპორტის – სხვა ფერით. სთხოვენ, გამოთვალეთო და ამის გამოთვლა ძალიან მარტივია, რადგან ცხრილზე ფაქტობრივად მოცემულია სტატისტიკური მონაცემები.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური