GE

გამოცდაზე მოქცევის წესები მონაწილეებისთვის ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე – გამოცდები 2020

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდები რამდენიმე დღეში დაიწყება და წლევანდელი აპლიკანტები გამოცდების ჩაბარებისთვის, პანდემიის პირობებში, განსხვავებულად ემზადებიან. წლევანდელ აპლიკანტებს  რიგი რეკომენდაციების დაცვა უწევთ.

მას შემდეგ რაც აბიტურიენტი წარმატებით გაივლის საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციას, საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს, ის დაიკავებს ადგილს საგამოცდო სექტორში. აპლიკანტებს აქაც მოუწევთ კონკრეტული წესების დაცვა.

გაეცანით გამოცდაზე მოქცევის წესებს 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის:

– ტესტირების დროს ვალდებული ხართ, დაიცვათ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები: ატაროთ პირბადე, დაიცვათ საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირებისაგან სოციალური დისტანცია, მითითების შემთხვევაში – დაიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით;

– გაითვალისწინეთ, რომ მერხზე არ უნდა დააწყოთ არც ერთი ნივთი, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდათ. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;

– პასუხების ფურცელს დაკვირვებით გადახედეთ კურატორთან ან მეთვალყურესთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ის დაუზიანებელია, რის შემდეგაც სექტორის უწყისში მოაწერთ ხელს დაუზიანებელი პასუხების ფურცლის მიღების თაობაზე (ხარვეზიანი პასუხების ფურცელი შეიცვლება);

– პასუხების ფურცელზე კურატორის ან მეთვალყურის მიერ დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად გადაიტანეთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;

– კურატორს ან მეთვალყურეს მხოლოდ ხელის აწევით შეგიძლიათ მიმართოთ;

– ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეთვალყურე ან კურატორი მოგცემთ მითითებას და დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;

– თუ დროზე ადრე დაასრულებთ ტესტზე მუშაობას და პასუხების ფურცლის შევსებას, ხელის აწევით ანიშნეთ მეთვალყურეს ან კურატორს, რომლებსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ ფურცელსა და პასუხების ფურცელს, რასაც დაადასტურებთ უწყისში ხელმოწერით და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებთ საგამოცდო სექტორს;

– გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეთვალყურე ან კურატორი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა;

– დრო არავის დაემატება (გარდა იმ პირებისა, რომლებსაც სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები აქვთ);

– გამოსაცდელი გაფრთხილებას მიიღებს შემდეგ შემთხვევებში:

  • კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა;
  • საგამოცდო პროცესის დროს საუბარი, ერთმანეთთან გადალაპარაკება ან რაიმე ფორმით ერთმანეთის დახმარების მცდელობა;
  • მეთვალყურის ან კურატორის მითითებამდე ტესტზე მუშაობის დაწყება;
  • საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება;
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
  • ნებადართული ნივთების გარდა სამუშაო მაგიდაზე სხვა ნივთების აღმოჩენა;
  • პასუხების ფურცლის შესავსებად ცენტრის ან ცენტრის მიერ ნებადართული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება;
  • პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

– ერთი გაფრთხილების შემდეგ იმავე ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

– გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი:

  • ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს (მათ შორის, საათის) გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში;
  • დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში;
  • წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ამის მსგავს შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

– ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში მოგეცემათ შენიშვნა და მიგეთითებათ წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან.

– გამოსაცდელი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ.

– საგამოცდო პროცესის მონაწილე რომელიმე პირის/პირების მიერ დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღეს წარმოადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში.

გამოცდაზე მოქცევის წესები 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის ასევე შეგიძლიათ ნახოთ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე:

გამოცდაზე მოქცევის წესები სომხურ ენაზე
გამოცდაზე მოქცევის წესები აზერბაიჯანულ ენაზე
გამოცდაზე მოქცევის წესები რუსულ ენაზე

ასევე იხილეთ:

ცნობილია იმ აპლიკანტთა სია, რომლებსაც 2020 წლის გამოცდებზე დაუმატებენ დროს და შეუქმნიან განსაკუთრებულ პირობებს

ამბულატორიული დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც გამოცდებში მონაწილეებს PCR ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების წესები დაზუსტდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური