GE

„გამოცდაზე რა როგორ სწორდება რომ ვიცოდეთ, სკოლაშიც ბევრად გაადვილდებოდა ქართული ენის სწავლების პროცესი“

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ძირითადი სესიები აბიტურიენტებისთვის დასრულებულია. აბიტურიენტებისთვის დღეს უკვე გამოქვეყნდა ქართულში საგამოცდო ტესტის ვარიანტები. EDU.ARIS.GE აქტიურად მუშაობს, იმისთვის, რომ დეტალურად განვიხილოთ საგამოცდო ტესტის თითოეული დეტალი და მკითხველს გავაცნოთ პროფესიული შეფასებები. გთავაზობთ ინტერვიუს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის სპეციალისტ ნონა კიკნაძესთან, რომელსაც მოსწავლეებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი რესპონდენტი საუბრობს პრობლემებზე და ამბობს, რომ არასდროს ერიდება ობიექტურ კრიტიკასა და საკუთარი აზრის დაფიქსირებას.

– პირველ რიგში, როგორც სპეციალისტს გკითხავთ, როგორ შეაფასებდით ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამას, ხომ არ შეიტანდით კორექტირებას მასში?

– ჩემი და ჩემი არაერთი კოლეგის აზრით, რომელთანაც მისაუბრია, (მაგალითად ნინო ივანიძე, რომელიც ასევე უყურებს ამ საკითხს) ერთხმად შევთანხმებულვართ რომ ქართულის საგამოცდო პროგრამა მოცულობით დიდია, სასკოლო სისტემა კი ისე არაა გამართული, რომ ამ ნაწარმოებების გავლა და ანალიზი მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეძლონ (არადა გამოცდაზე ასე ითხოვენ); ერთია რა წერია ფურცელზე, და მეორე რამდენად შესაძლებელია მისი პრაქტიკულად განხორციელება. მაგალითად დავით გურამიშვილი, რომელიც წლის ბოლოს არის მოტოვებული.

თავისთავად, ტექსტი ძალიან საჭირო და საინტერესოა, უამრავი ალუზია და საკითხია, რომლებიც განხილვას მოითხოვს, ამისი რესურსი კი წლის ბოლოს ფაქტობრივად აღარაა, ბავშვები გადაღლილნი, დრო კი ძალიან ცოტაა. ამიტომ, ამხელა მასალის მთლიანად მეთორმეტე კლასში ხარისხიანად გავლა შეუძლებელია. უნდა შეიკუმშოს და თუნდაც მხოლოდ სასწავლო წლის დასაწყისში დაიდოს შეკუმშული და ყოველ წელს ცოტა მაინც გადახალისდეს. ამიტომ შევიტანდი ცვლილებას ამგვარად: ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში შეიძლება თუნდაც იმ ტექსტების მონაცვლეობა, რომლებიც პროგრამაშია. მაგალითად: ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივს“ და ,,განდეგილს“ შევიტანდი ერთ წელს, მეორე წელს – ,,კაცია-ადამიანსა?!“ და ,,მგზავრის წერილებს“; ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაურს“ შევიტანდი ერთ წელს, სხვა დროს – ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობას ,,იგი“.

ასევე, პოეზიის გაგების უკმარისობაა. კარგად გაგებისთვის და ,,ტკბობისთვის“ დრო არ რჩება მათთვისაც, ვისაც მოსწონს და უყვარს.

– ქართული ენისა და ლიტერატურის ტექსტის სტრუქტურა რამდენად მისაღებია თქვენთვის (მაგ:დავალებები, ქულათა განაწილება…) თქვენი აბიტურიენტები კმაყოფილნი არიან შედეგებით?

– რაც შეეხება ტესტის სტრუქტურას. ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრებ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირადად მე, პროგრამას შევკუმშავდი და სტრუქტურულ ცვლილებებსაც შევიტანდი. ტექსტის რედაქტირებას მეტწილად დადებითად შევაფასებდი, ქართული ენის ნორმები დადგენილი რომ იყოს, ,,მკითხაობა“ რომ არ გვიწევდეს ბევრ საკითხთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მოსაზრება ბევრი უნდა იყოს სხვადასხვა მეცნიერის, მაგრამ რომელი ითვლება ნორმად, გამოცდაზე რა როგორ სწორდება რომ ვიცოდეთ, ბევრად გაადვილდებოდა ქართული ენის სწავლების პროცესი სკოლაშიც და შედეგიც უკეთესი იქნებოდა გამოცდებზე.

რაც შეეხება ესეს, არგუმენტირებულის ნაცვლად სინთეზურს შევიტანდი, მგონია, რომ მოსწავლეებს უფრო მოეწონებოდათ, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების თვალსაზრისით, ეს უფრო საინტერესოდ მეჩვენება.

მხატვრული ტექსტის ანალიზში არ ამოვაკლებდი კითხვებს, რომელებიც წინა წლებში დართული ჰქონდა ტექსტს, მგონია, რომ ეს უადვილებდა მოსწავლეებს ტექსტის ანალიზს, აქცენტების დასმაში ეხმარებოდა, ისევე, როგორც მთავარი სათქმელის ამოცნობასა და ტექსტის მხატვრული ანალიზში. რატომღაც მგონია, რომ შეიძლებოდა მანამდე ნასწავლი ტექსტი სხვა კუთხითაც დაენახა მოსწავლეს, შაბლონურ თვალსაზრისებს არ მიჰყოლოდა, ეს კითხვები უფრო დააფიქრებდა და მეტ აღმოჩენას გააკეთებინებდა ტექსტში თუნდაც გამოცდის მსვლელობისას, წერის პროცესში.

გარდა ამისა, მოსწავლეებს, მათ შორის კარგ მოსწავლეებსაც უჭირთ სტილზე მსჯელობა; ზოგადად, სტილზე მსჯელობის სწავლება სირთულეს წარმოადგენს, რადგან ამის ერთ წელში სწავლება ფაქტობრივად შეუძლებელია, თუ თვითონ მოსწავლე თუ არაა ძალიან ნაკითხი და გათვითცნობიერებული მწერლებსა და ლიტერატურულ მიმდინარეობებში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაბალ კლასებში ამ საკითხს ნაკლები ყურადღება ეთმობა, გადატვირთული პროგრამა და დროის დეფიციტიც ამ თემების გავლისა და დამუშავების საშუალებას არ იძლევა. გამოცდაზე კი ლამის ფილოლოგივით სთხოვენ მოსწავლეებს სტილსა და მხატვრულ საშუალებებზე მსჯელობას.

მეორე საკითხი, ერთია ცოდნა(რომელიც მწირია) და მეორე – ამ მიმდინარეობებისა და მხატვრული საშუალებების კონკრეტულ მონაკვეთთან დაკავშირება, ამხელა ტექსტების, მაგალითად ,,დიდოსტატის მარჯვენა“, ასე დაწვრილებით გავლა. როგორც აღვნიშნე ეს შეუძლებელია, რადგან მსგავსი ანალიზი მხოლოდ ტექსტის, სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობისა და მხატვრული საშუალებების ცოდნას არ მოითხოვს, არამედ მათ სრულყოფილ ანალიზს, რაც მრავალწლიანი და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებას მოითხოვს(რაც წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხორციელდება, ერთ წელიწადში კი, მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში, ამისი სწავლა-სწავლება შეუძლებელია).
იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეებს მხატვრული ტექსტის ანალიზის ეს – მესამე კომპონენტი უჭირთ, მეც და ჩემს კოლეგებსაც, გარდა სწავლებისა, გვიწევს უამრავი მასალის შეკუმშვა, მნიშვნელოვანისა და ძირითადის ამოღება და ე.წ. შაბლონებად დაწერა, რათა მივეხმაროთ მოსწავლეებს ძირითადის გაგებასა და დამახსოვრებაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოცდაზე, რა თქმა უნდა, ეს კომპონენტი უნდა იყოს, მაგრამ არა ასეთი სიღრმისეული და შაბლონური სახით. მგონია, რომ ეს ჩარჩოებშიც აქცევს მოსწავლის მსჯელობას. მოსწავლეს ასე „თავს მოხვეული“ რომ არ ჰქონდეს სხვების მოსაზრებები(რომ ეს მწერალი ამ მიმდინარეობას ეკუთვნის და ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია ესა და ეს… )თვითონ გამოცდაზე და მანამდეც მეტ აღმოჩენას გააკეთებდა, თავის დროზე ეს საკითხები კარგად და გააზრებულად რომ ჰქონდეს ნასწავლი, მეტად ჰქონდეს გათავისებული და ამ მიმდინარეობის სხვა მწერალთა შემოქმედებასაც იცნობდეს(ან შეიძლება აქვს, მაგრამ გამოდის, რომ მეთორმეტე კლასში ისევ უნდა ,,დააპროგრამო“) ბევრად უკეთეს და საინტერესო ნაწერებს მივიღებდით.

მგონია, რომ მეტი თავისუფლებაა საჭირო ამ მიმართულებითაც, ვინც ამ გამოცდას აბარებს ფილოლოგი არაა(ბევრი არც აპირებს გახდეს ფილოლოგი), შესაბამისად, მათი ინდივიდუალური მოსაზრებები, მიგნებები და აღმოჩენები უნდა გვაინტერესებდეს და არა გამზადებული შაბლონების ამა თუ იმ მწერალზე მორგება. მაგალითად: როგორი ზემოქმედება ჰქონდა მოსწავლეზე გალაკტიონის ლექსის ამა თუ იმ სტრიქონმა/ლექსმა, მისი აზრი და ემოცია უნდა გვაინტერესებდეს და არა რომელიმე მეცნიერის, რა განწყობაზე დააყენა, რა გაახსენა და ა.შ. შეიძლება, აბიტურიენტმა სულაც არ ახსენოს რომელიმე კონკრეტული მიმდინარეობა, ვთქვათ, რეალიზმი, მაგრამ თავისი სათმელით აქამდე მივიდეს, ან სხვა მიმდინარეობას დაუკავშიროს ესა თუ ის მწერალი და ბევრად საინტერესო და დამაჯერებელიც იყოს მისი მსჯელობა.

რაც შეეხება მოსწავლეთა კმაყოფილებას, როგორც გითხარით, ამ მასალის ერთ წელიწადში გავლა შეუძლებელია, ვისაც ბაზა აქვს, იმას მეტ-ნაკლებად უადვილდება, დანარჩენებს უჭირთ ბევრი შრომის მიუხედავად.

– წლევანდელი ტესტზეც იგივეს იტყვით?

ზემოთ ჩამოთვლილ ,,შენიშვნებს“ თუ არ გავითვალისწინებთ, წლევანდელი ტესტი კარგი იყო შედგენილი ტექსტების თვალსაზრისით, გადახალისებული. ეს ავტორების უმეტესობა მივიწყებული იყო წინა წლებში… ზოგს გაუადვილდა, ზოგს რთულად მოეჩვენა მათი ზოგადი ცოდნიდან გამომდინარე.

-რა რჩევას მისცემდით ამჟამინდელ და მომავალ აბიტურიენტებს?

– ამჟამინდელ და მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ სანამ დრო აქვთ და არ არიან დატვირთულნი ისე, როგორც უფროსები, იკითხონ გემოვნებიანი ლიტერატურა და უყურონ ხარისხიან ფილმებსა და სერიალებს, იარონ მუზეუმებსა და თეატრებში(მე ვატარებდი პანდემიამდე თითქმის ყოველ კვირას). ასევე, ვისურვებდი, რომ სკოლაში შემოეტანათ დამატებითი საგანი, ლიტერატურის უკეთ გაგებასა და სწავლებაში რომ მიეხმარებოდა მოსწავლეებს, მაგალითად: ე.წ საზღვარგარეთული ლიტერატურა(ოღონდ საზღვარგარეთის ლიტერატურის პროგრამა იყოს სხვადასხვა და შესარჩევი, ან სკოლებმა თავად შეადგინონ;
როგორც ვიცით, ყველაფერი ინდივიდუალურია, მათ შორის ამა თუ იმ ლიტერატურის მოწონება/არ მოწონება, სკოლის/მასწავლებლის მიდგომებიც და სჯობს ეს კონკრეტულმა სკოლამ თუ კათედრამ გადაწვიტოს, ბავშვების საჭიროებიდან გამომდინარე, რათა მათ შევაყვაროთ კითხვა და არა შევაძულოთ). ჩვენს სკოლაში არის მსგავსი საგანი და კლუბიც, მაგრამ ის კერძოა და ეს საკმარისი არაა საერთო მდგომარეობის შესაცვლელად.

„როგორც არ მინდა ჩემს შვილს ჰქონდეს დაზიანებული ფსიქიკა, ისე არ მინდა სხვის შვილებს ჰქონდეთ“ – ინტერვიუ გამოცდაზე გასულ პედაგოგთან

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური