GE

„გამოცდების ჩაბარებით ნამდვილი პედაგოგი ვერ გახდები, ახლა კი ასე ჰგონიათ“ – შეფასებები გამოცდებიდან, თუ როგორი უნდა იყოს მასწავლებელი

„ჩემს ცოდნას გაკონტროლება არ სჭირდება, მაგრამ რა ვქნა?!. ამ ტესტირებას მოქმედი პედაგოგები სკოლაშივე გავდივართ და აქ მოსვლა რა საჭიროა.. თუმცა ყველას თავისი მოსაზრება აქვს“, – ეს სიტყვები ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შემდეგ, გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა ნათია თურმანიძემ EDU.ARIS.GE-ს უთხრა.

2023 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდები 8 საგანში უკვე ჩატარდა, დღეს კი სამ საგანში, პირველი სესიის ფარგლებში ტარდება.

პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები, რომლებსაც ჩვენ გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ვესაუბრეთ, საკუთარ პოზიციებს გვიზიარებენ, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მასწავლებელი და რამდენად არსებითია მათი პროფესიონალიზმის შესაფასებლად გამოცდა.

ნაზი ელბაქიძეს მიაჩნია, რომ გამოცდის ჩაბარება ახალბედა მასწავლებლებს უნდა უწევდეთ, მათ, ვინც ახლა ეუფლება პროფესიას.

„მასწავლებლობა რთული და ჯერ კიდევ დაუფასებელი პროფესიაა ჩვენს ქვეყანაში. გვიწევს რაღაც გაუგებარი სტატუსებისთვის ბრძოლა, რომ სამსახური არ დავკარგოთ და შემოსავლის გარეშე არ დავრჩეთ. ახლა გამოცდის ჩასაბარებლად მოვედი და მთელი გზა ვფიქრობდი, თუ რა საჭიროა ეს ყველაფერი მათთვის, ვინც წლებია ამ პროფესიას სწირავს თავს. გამოცდის ჩაბარება, ჩემი აზრით, ახალბედებისთვის უნდა იყოს, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში მოღვაწეობას და არა ჩვენთვის. მე უკვე 15 წელია პედაგოგი ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს მიძღვნილი მასწავლებლობისთვის“, – ამბობს გამოცდილი მასწავლებელი.

ია შატაკიშვილი კი თვლის, რომ გამოცდის წარმატებით დაძლევა კარგი მასწავლებლობის განმსაზღვრელი არ არის და ამის მაგალითად წინა თაობის მასწავლებლების მაგალითი მოჰყავს.

„იყო კარგი მასწავლებელი – ნიშნავს, აუცილებლად გქონდეს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც საკუთარ თავთან, ისე საკუთარი პროფესიის მიმართ. უნდა გიყვარდეს საკუთარი საქმე და ამას აკეთებდე არა ხელფასის გამო, არამედ სრული გულწრფელობით, რომ აღზარდო ღირსეული მომავალი თაობები. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, დრო პროფესიულ განვითარებასაც უნდა დაუთმო, თუმცა დამიჯერეთ, რომ კარგი მასწავლებელი მხოლოდ გამოცდების წარმატებით ჩაბარებით ვერასდროს გახდები. ახლა კი ასე ჰგონიათ, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. მასწავლებლების წინა თაობები, რომლებმაც ჩვენ აღგვზარდეს, ისწავლეს და გვასწავლეს, დამატებით არაფერი გაუკეთებიათ, რომ საუკეთესო პედაგოგები ყოფილიყვნენ. დღემდე ასეა. მე ისეთი მასწავლებლები მყავდა, მათნაირი ალბათ, ვერასოდეს გავხდები, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ, რომ ვუყვარდე მოსწავლეებს და პატივს მცემდნენ კოლეგებიც. მე ასე მწამს, მჯერა და სულ ამ აზრზე ვიქნები“, – გვიხსნის ია შატაკიშვილი.

სოფლის სკოლაში დასაქმებული პედაგოგი გამოცდებს გაუგებარს უწოდებს და გვიხსნის, რომ საკუთარი ცოდნა მან მრავალი წლის წინ დაამტკიცა და ახლა ეს პროცესი მასში ბრაზსა და უხერხულობას იწვევს:

„სწორად გითხრათ ჩემმა კოლეგამ, ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს მასწავლებლობა და რამდენი შრომა უნდა ჩადო იმისათვის, რომ კარგი მასწავლებელი გახდე. ჩვენ, რომლებიც უკვე მრავალი წელია ამ პროფესიას ვემსახურებით, კარგად ვიცით, როგორ უნდა ვასწავლოთ და შევაყვაროთ საკუთარი საგნები მოსწავლეებს და ამისათვის გამოცდის ჩაბარება საჭირო სულაც არ არის. მებრაზება და თანაც მეუხერხულება, რომ ამ ფორმით მიწევს ჩემი ცოდნის დამტკიცება, რაც უკვე მრავალი წელია დამტკიცებული მაქვს. ეჰ, სხვანაირად უნდა სცენ პატივი პედაგოგებს და არა პირიქით, დატანჯონ და ვითომ სიახლეების ფეხის ასაწყობად, გაუგებარი გამოცდები აბარებინონ. ყველას ხომ არ აქვს დრო იმისა, რომ იმეცადინოს, განსაკუთრებით მათ, ვინც სოფლის სკოლებშია დასაქმებული. ამ ადამიანებს ისე აქვთ დრო გადანაწილებული, რომ სკოლასაც ემსახურონ, თავიანთ ბაღებშიც იმუშაონ და ამ დროს, გამოცდებიც უნდა აბარონ!“

გორის საგამოცდო ცენტრთან EDU.ARIS.GE ექვს ივლისს კიდევ არაერთ პედაგოგს ესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა. მასწავლებლები აცხადებენ, რომ სხვა გზა არ აქვთ, იძულებული არიან, არსებულ მოთხოვნებს დაემორჩილონ, რადგან “მოთხოვნებს უფროსები აწესებენ და მათაც ისე უნდა აკეთონ ყველაფერი, რომ თან ხმაც არ ამოიღონ”. “არ მომწონს გამოცდებზე სიარული, მაგრამ მაქვს სხვა გზაა? აბა, მითხარით?”, – კითხულობენ ისინი.

ლალი თუთბერიძე: მასწავლებელი სხვადასხვა გამოცდის ჩაბარებით ვერასდროს გახდები. ამით, შეიძლება, დღეს არსებულ გამოწვევებს უპასუხო, მაგრამ მასწავლებლობა სულ სხვა რამეს მოითხოვს. მასწავლებელი სულითა და გულით უნდა იყო და არა ხელოვნური გამოცდების გავლის შედეგად დაწერილი მაღალი ქულებით, რაც, ჩემი აზრით, დიდს ვერაფერს ცვლის იმ ადამიანებში, რომელთაც სკოლაში დასაქმება მხოლოდ ხელფასის გამო სურთ და ელემენტარულად, მოსწავლესთან მოქცევის კულტურა არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე გამოცდებიც კარგია, თუმცა უნდა შეირჩეს ამისთვის გარკვეული კატეგორია და ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს.

მადონა წიქარიძე: პედაგოგი თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ პედაგოგი “მტერს” შეადაროს. კარგი პედაგოგი, კარგი ფსიქოლოგი და ბავშვების მეგობარიც უნდა იყოს. არ შეიძლება, საკუთარი საქმის მიმართ ბოროტულად იყოს განწყობილი. მთავარი ორიენტირი მოსწავლეა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის პედაგოგების უმრავლესობა ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან ჯერ კიდევ არის გარემოებები, როცა ბავშვებს სძულთ პედაგოგები, სძულთ კონკრეტული საგანი, ხშირად არ უნდათ სკოლაში წასვლაც და ერთი სული აქვთ, სკოლა დაამთავრონ. ეს არის იმ პედაგოგების დამსახურება, რომლებსაც საკუთარი პროფესია არ უყვართ. თუმცა გვყავს გამონაკლისებიც, რომლებიც მოსწავლეების სიყვარულს იმსახურებენ, რაც ძალიან ცოტაა. მე ვეტყვი ყველა პედაგოგს, რომ არ მიაყენონ ბავშვებს ტრავმა, რადგან სკოლის პერიოდი მოსწავლის ბავშვობაა და მათ ლამაზი მხარეები უნდა დავანახოთ, რათა ბავშვობაცა და პედაგოგებიც ტკბილ მოგონებად დარჩეთ, კარგად გაიხსენონ და არა – პირიქით.

ლალი ხორბალაძე: ბავშვები თუ არ უყვარს ადამიანს, ის მასწავლებლად სკოლაში არ უნდა მუშაობდეს. არც ისეთები უნდა იყვნენ სკოლებში, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს ფეხს ვერ უწყობენ. კარგი პედაგოგი უნდა იყოს ბავშვზე ორიენტირებული და მის წარმატებას უნდა უწყობდეს ხელს. მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება მაქვს და ბევრი რამ გამომივლია, მაგრამ მთავარი მაინც მოსწავლის ინტერესების წინა პლანზე წამოწევაა. ასეთი უნდა იყოს კარგი პედაგოგი, ჩემი აზრით.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური