GE

„გამოცდის ჩაბარება საჭირო და სავალდებულოა, მაგრამ რაღაც სირთულეები არსებობს“ – მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ. დღეს ისინი გამოცდას დაწყებითი საფეხურის საგნებში აბარებენ. საგამოცდო ცენტრებში დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 89%-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა, დაიგვიანა სამმა გამოსაცდელმა.

გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში საკითხებს აფასებენ და კიდევ ერთხელ საუბრობენ იმაზე, რომ მოქმედი მასწავლებლებისა და ე.წ. “მაძიებლების” შეფასების კრიტერიუმები უსამართლოდაა განსაზღვრული.

მზექალა ბერაძე ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ვერ ვიტყვი რომ რთული ტესტი შემხვდა. გულწრფელობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მე არ ვიყავი კარგად მომზადებული. რაც შეეხება საკითხებს ქართული იყო მასწავლებლის არასწორ მიდგომაზე. როგორ უნდა ასწავლო მოსწავლეს და რა ხერხი უნდა გამოიყენო რომ ბავშვს არ უსაყვედურო. დასაწერი იყო ანალიტიკური ნაწილი. არგუმენტები უნდა მოგეყვანა რატომ ფიქრობდი ასე. გარდა ამისა ბუნებისმეტყველებაში იყო საკითხები ყვავილზე და ბუტკოზე რა იცავს ყვავილს. მათემატიკაში კი მაგალითების გასწორებები. როგორ უნდა გამოასწორო ბავშვის შეცდომა.”

აპლიკანტი ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “მე ვიჩქარე, ადრე გამოვედი, რადგან ერთი თვის ბავშვი მყავს დატოვებული. არ ვიცოდი, რომ შემეძლო მოეყვანათ აქ, გამოვსულიყავი კვებისთვის და მერე ისევ გამოცდას დავბრუნებოდი. ერთმა ქალბატონმა მასე გააკეთა – გამოვიდა, აჭამა და დაბრუნდა. რომ მცოდნოდა, მეც ასე მოვიქცეოდი. სირთულეს რაც შეეხება, შემოდგომაზე უფრო რთული იყი, ვიდრე ახლა. მაგალითად, მათემატიკის საკითხები მაშინდელთან შედარებით მარტივი იყო. ჩვენთვის, მაძიებლებისთვის გამსვლელი 48 ქულაა, ანუ ამდენი უნდა აიღო, რომ 10 კრედიტი მოგენიჭოს. პრაქტიკოს მასწავლებლებს კი ნაკლები სჭირდებათ და მაგ მხრივ უთანასწორობაა. თანაც მე, სწავლა რომ ახალი დამთავრებული მაქვს, ამ გამოცდის ჩაბარება რატომ უნდა მჭირდებოდეს. მე 2016 წელს რომ დავასრულე სწავლა, თანამედროვე ტექნოლოგიებიც რომ ვიცი და თანამედროვე მიდგომები თუ მეთოდებიც, რატომ უნდა მჭირდებოდეს? ეს უფრო მათთვის არის, ვისთვისაც ძალიან შეიცვალა ყველაფერი, იმათ დროს სხვანაირად რომ იყო და ახლა სხვანაირად რომ არის. საერთო ჯამში, კარგი შედეგის იმედი როგორ უნდა მქონდეს, ადრე გამოვედი. საერთოდ, წელს გასვლას არ ვაპირებდი, რადგან დეკრეტში ვარ, მაგრამ რადგან დავრეგისტრირდი და ფული გადავიხადე, გავედი კიდეც.”

მარინა ჩერქეზიშვილი ქ. თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “დაწყებით მათემატიკას ვაბარებდი. ჩემთვის ძალიან მარტივი იყო, რადგან მე-7-12 კლასის გამოცდა ჩაბარებული მაქვს, უფროსი მასწავლებელი ვარ და სკოლაშიც ვასწავლი. უბრალოდ სურვილი მაქვს რომ დაწყებითი კლასებსაც ვასწავლო. წინა წლის ტესტები არ მაქვს ნანახი, ამიტომ შედარება გამიჭირდება რომელი უფრო რთული იყო, ჩემი სუსტი მხარე იყო ანალიტიკური წერა ამაზე ვამახვილებდი ყურადღებას. მათემატიკას რაც შეეხება, არც მიმეცადინია. ზოგადად როდესაც ადამიანი ან პედაგოგია, ან პედაგოგობა სურს გამოცდის ჩაბარება საჭირო და სავალდებულოა, რომ შენი კომპეტენცია დაადასტურო, მაგრამ რაღაც სირთულეები არსებობს და ყველა მხარეს მასწავლებელია თუ მაძიებელი თავის მხრივ აქვს სხვადასხვა საკითხი. გამოცდის მიმდინარეობას რაც შეეხება, უსაფრთხოების წესებს მაქსიმალურად იცავდნენ, კონდიციონერი არ ჩართეს და გამიხარდა, პირბადის მოხსნის საშუალება მოგვცეს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საგარეჯოს სოფელ თოხლიაურის სკოლაში ვასწავლი, მე-7-12 კლასებს, გამოცდა 2010 წელს ჩავაბარე, მე-1-6 კლასების გამოცდაზე გასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ საფეხურს ეხება “ახალი სკოლის მოდელი” და სურვილი მაქვს ამ კლასებსაც ვასწავლო”.

სოფო დანგლიშვილი ქ. თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “გამიადვილდა დაწერა, რადგან ეროვნულ გამოცდებზე გაძლიერებული ლიტერატურა მაქვს ჩაბარებული. მე-1-4 კლასების ქართულს ვაბარებდი, ყველაფერი გადავიმეორე, რაც შესაძლებელი იყო, ამიტომ არ გამჭირვებია. პროფესიით ფილოლოგი ვარ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, მქონდა შესაძლებლობა დამატებით პროფესიად მასწავლებელი ამერჩია, მაშინ სამწუხაროდ არ ავირჩიე, არ მინდოდა მასწავლებლობა, მაგრამ რომ დავასრულე უნივერსიტეტი მივხვდი, რომ ჩემთვის საინტერესოა ეს პროფესია. ვაპირებ მაძიებლის პროგრამით ჩავერთო სისტემაში. კრედიტების საკითხი ვფიქრობ ცოტა უსამართლოა, როდესაც შენ საგანს აბარებ უნდა იყო პროფესიონალი, კარგად უნდა გესმოდეს, რომ სხვას უნდა ასწავლო და ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ის ფაქტი რომ შეღავათები აქვთ პრაქტიკოს და მოქმედ მასწავლებლებს, უსამართლოა. რეალურად მან ჩემზე მეტი უნდა იცოდეს, რადგან უფრო მეტი გამოცდილება აქვს. დასაქმების იმედი მაქვს, ზოგი ამბობს, რომ ნაცნობის გარეშე ეს წარმოუდგენელია, ზოგი – პირიქით, რომ თუ ცოდნა გაქვს არ გაგიჭირდებაო. მე მაინც ვცდი ბედს. ამჟამად ერთ-ერთ მაღაზიაში ასისტენტად ვმუშაობ, უნივერსიტეტი დავასრულე. ვაპირებ მაძიებლად დარეგისტრირებას და მინდა გამოცდა მქონდეს ჩაბარებული.”

ლიზი მაზანაშვილი ქ. თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “მე1-7 კლასების ქართულს ვაბარებდი, 2 წლის წინაც ვიყავი ამ გამოცდაზე და იგივე დონის იყო, გართულებული არ იყო. თემა იყო მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობაზე და ძალიან საინტერესო იყო. როგორ დავწერე არ ვიცი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ასე ვფიქრობ. პროფესიით ფილოლოგი ვარ და ამ გამოცდის ჩაბარების გარეშე წინ ვერ მივდივარ, ცოტა რთულია რადგან ზღვარი 40-ია 80-დან, წინა გამოცდაზე 35 ქულა ავიღე და ახლაც მეშინია ამ 5 ქულის გამო. ვფიქრობ, რომ დავწერე, მაგრამ თითოეულ ქულასაც მნიშვნელობა აქვს. ზღვარი რომ ცოტა დაბალი იყოს კარგი იქნებოდა, თან პრაქტიკოსი არ ვარ და ჩვენთვის ცოტა დაბალი ზღვარი უნდა იყოს, რომ წინ წავიდეთ. მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, გახანგრძლივებულ ჯგუფში ვმუშაობდი მხოლოდ. თუ გამოცდას წარმატებით ჩავაბარებ და ყველა პროცედურას გავივლი დასაქმების იმედი მაქვს. ჩემი მეუღლე ისტორიკოსია, აიღო სერტიფიკატი და იშოვა ჩვეულებრივად სამსახური, არანაირი ნაცნობი არ ჰყოლია.”

მარიკა მალანია ქ. თბილისის N133 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “პირველად გავედი ამ გამოცდაზე და რთული ნამდვილად არ მომეჩვენა, მაქსიმალურად ვიმუშავე. ეროვნულები მაქვს ჩაბარებული და მსგავსი იყო, ამიტომ არც გამჭირვებია. ჩვენ უფრო მეტი ქულა გვჭირდება, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაგვეთვალოს, ვიდრე პრაქტიკოს მასწავლებლებს, ჩემი აზრით, ეს არათანაბარი მიდგომაა, თუმცა იმ აზრსაც ვერ დავეთანხმები, რომ ამ ტიპის გამოცდა არ უნდა ტარდებოდეს, გადაულახავ წინააღმდეგობას თავად გამოცდაში ვერ ვხედავ, ეს ცოდნის დამტკიცების გზაა. ჩემთვის უფრო ის დიფერენცირებული მიდგომაა მიუღებელი, რაც მასწავლებლობის მსურველებსა და პრაქტიკოს მასწავლებლებს დასაქმების კუთხით გვჭირდება.”

აპლიკანტი ქ. თბილისის N133 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “მეორედ ვაბარებ ამ გამოცდას, შარშან ზაფხულის გამოცდაზე ვიყავი გასული, სირთულეს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილა, არც ისეთი რთული როგორც წარმოუდგენიათ ხოლმე. პრაქტიკოს მასწავლებლებს შეღავათები აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომ არ ვიცი. ზოგიერთი წლებია ასწავლის და სტატუსის ამაღლება ვერ შეძლო, სამაგიეროდ სკოლის გარეთ არიან ადამიანები, ვისაც იმის მიუხედავად რომ პრაქტიკა არ აქვთ, მეტი მოტივაციაც გააჩნიათ და ახლებური ხედვაც. ამიტომ თანაბარი პირობები უნდა იყოს, წელსაც შემოდგომისთვის გადაუვადეს გამოცდა და ამით უფრო მეტად გახანგრძლივდა მსურველებისა და მაძიებლების დასაქმების საკითხი სკოლებში.”

სისტემა უსამართლოა, სტატუსი არ გვაქვს და ბარიერი ჩვენთვის უფრო მაღალია – რაზე ჩივიან მასწავლებლობის მსურველები

2020 წლის ზაფხულზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის მინიმალური გამსვლელი ქულები ცნობილია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური