GE

გამოკითხულთა 27 %-ის აზრით განათლება საქართველოში გაუარესდა – NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები

საქართველოს მოსახლეობის 15%-სათვის განათლება ეროვნულ საკითხებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ჩამონათვალში მერვე ადგილს იკავებს სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ინფლაციის, პენსიების, ტერიტორიული მთლიანობის, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებისა და ხელფასების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ამავე პერიოდში ჩატარებულ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემებს შორის განათლება მე-6 ადგილს იკავებდა. თუმცა 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით იგი უკვე მერვე ადგილზე იყო გადმონაცვლებული.

ხოლო კითხვაზე – “რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი” განათლება (25 პროცენტით) მეოთხე  ადგილზეა სამუშაო ადგილების, სიღარიბისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდეგ.

გამოკითხულთა 31 % ფიქრობს, რომ ბოლო 10 წელიწადში განათლების საკითხი ქვეყანაში გაუმჯობესდა, 34 % მიიჩნევს, რომ არ შეცვლილა, 27 %-ის აზრით განათლება ქვეყანაში გაუარესდა, ხოლო 8 %-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა აჩვენებს, რომ განათლებაში სახელმწიფოს ფულის ჩადება საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისათვის მეტად მნიშვნელოვანია. კითხვაზე „რომელი სფეროა თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სფეროში ფულის დახარჯვა სხვა სფეროებისათვის დაფინანსების მოკლებას გულისხმობს“ განათლება გამოკითხულთა 55 %-იანი შეფასებით მეორე ადგილზე დგას ჯანდაცვის შემდეგ. ხოლო იგივე კითხვაზე თბილისში გამოკითხულთა პასუხების მიხედვით განათლება პირველ ადგილზეა 69 პროცენტით.

გამოკითხულები (87 %) აგრეთვე მიიჩნევენ, რომ განათლება ის თემაა, რაზეც საპრეზიდენტო კანდიდატებმა ბევრი უნდა ისაუბრონ და ამ კუთხით თავიანთი ხედვა წარმოადგინონ. მათი აზრით, ამაზე უფრო პრიორიტეტული მხოლოდ დასაქმების პრობლემის გადაჭრაზე საუბარია.

კვლევა – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ NDI საქართველოს ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა და CRRC საქართველოს ხელმძღვანელმა კობა თურმანიძემ დღეს წარმოადგინეს. იგი ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ.

საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ გამოიკითხა 2409 ადამიანი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) შეირჩნენ.  ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

„ქვეყნის მთავარ გამოწვევად განათლებას საქართველოს მოსახლეობის 1% მიიჩნევს“ – IRI

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური