სკოლის გამოსაშვები გამოცდები – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
გთავაზობთ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეების მხრიდან ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს, ასევე ტესტური დავალებების ნიმუშებს, რომელიც გასულ წლებში იქნა გამოყენებული:
— როგორ მუშაობს CAT-ის პროგრამა?
— წარმოვიდგინოთ მოსწავლე, რომელიც იწყებს გამოცდის ჩაბარებას. რადგან თავიდან
პროგრამას არა აქვს ინფორმაცია მოსწავლის შესაძლებლობის შესახებ, ამ მოსწავლეს
ჯერ მისდის სამი შემთხვევით შერჩეული საშუალო სირთულის დავალება. ამ
დავალებებზე პასუხების მიხედვით, პროგრამა აკეთებს მოსწავლის უნარის პირველად
შეფასებას და შემდეგ დავალებას არჩევს ამ შეფასების მიხედვით. ყოველი შემდგომი
პასუხისას ხდება მოსწავლის უნარის შეფასების დაზუსტება და მომდევნო დავალება
შეირჩევა უკვე დაზუსტებული შეფასების მიხედვით. ასე გრძელდება, სანამ შეფასება
არ გახდება საკმარისად ზუსტი შეკითხვების მაქსიმალური რაოდენობის (40-50
დავალება) ამოწურვამდე.
— უფრო ზუსტად რა იგულისხმება „მოსწავლის უნარის შეფასებაში“. როგორ ხდება
მოსწავლის უნარის შეფასება?
— მოსწავლის უნარის, გნებავთ შესაძლებლობის, შეფასება ხდება აპრობირებული
მეთოდის, ე.წ. „ტესტურ დავალებათა თეორიის“ (ინგლისურად – Item Response Theory,
შემოკლებით IRT) გამოყენებით. უხეშად რომ ვთქვათ, IRT თეორიის შესაფერისი
ალბათური მოდელის მიხედვით გამოითვლება, თუ რა უნარი უნდა ჰქონოდა
მოსწავლეს, რომ მოცემულ კითხვებზე ზუსტად მოცემული პასუხების გაცემა ყველაზე
მოსალოდნელი ყოფილიყო.
მეტი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
— რას ნიშნავს ”დავალებას არჩევს შეფასების მიხედვით” და მართალია თუ არა რომ
ყოველი სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოსწავლეს მიუვა წინანდელზე უფრო
რთული დავალება?
— CAT-ის პროგრამის მუშაობის პრინციპია, რომ ყოველ ეტაპზე მოსწავლეს შეურჩიოს
ისეთი დავალება, რომელზე პასუხიც მაქსიმალურ ინფორმაციას მოგვცემს მისი
უნარის შესახებ. ამ „მაქსიმალურად ინფორმატიული“ დავალების შერჩევისას
პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე პარამეტრს, მათ შორის მოსწავლის უნარის
მიმდინარე შეფასებას, დავალების სირთულეს და დავალების დისკრიმინაციას.
დისკრიმინაციის პარამეტრი გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგად ასხვავებს დავალება
მიმდინარე შეფასებაზე მაღალი და მასზე დაბალი უნარის მქონე მოსწავლეებს
ერთმანეთისგან. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ მოსწავლეს უმჯობესია მიეცეს ისეთი
დავალება, რომელიც მიმდინარე შეფასებასთან შედარებით უფრო რთული ან უფრო
მარტივია, მაგრამ მაღალი დისკრიმინაციიდან გამომდინარე შეფასებას მისი
შესაბამისი სირთულის დავალებებზე უკეთესად აზუსტებს. ამიტომ, შეიძლება
მოსწავლეს სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში უფრო რთული დავალება არ
მიუვიდეს, თუმცა, ეს მხოლოდ იშვიათად ხდება და საზოგადოდ, შეფასების
ზრდასთან ერთად მიღებული დავალებების სირთულის ზრდის ტენდენცია
ნარჩუნდება.
— ანუ, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლის მიმდინარე შეფასება გაიზრდება.
შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, თუ რამდენად გაიზრდება ეს შეფასება?
— ყოველი სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლის შეფასება იზრდება და პირიქით, მისი
შეფასება მცირდება თუ დავალებაზე პასუხი არასწორი აღმოჩნდება (როგორი
სირთულისაც არ უნდა იყოს შესრულებული დავალება). თუმცა შეუძლებელია იმის
თქმა, თუ რამდენად გაიზრდება (თუ შემცირდება) შეფასება, რადგან ეს
დამოკიდებულია დავალების პარამეტრებზე (მის სირთულეზე და დისკრიმინაციაზე)
და იმაზეც, თუ როდის სრულდება ეს დავალება. მაგალითად, თუ მოსწავლე
დავალებას ასრულებს ტესტირების საწყის ეტაპზე, შეფასების ცვლილება იქნება უფრო
დიდი, ვიდრე ტესტირების უფრო გვიან ეტაპზე, რადგან ყოველი პასუხის შემდეგ
შეფასება უფრო მეტად ზუსტდება.
— მოსწავლის უნარი რა სკალაზე იზომება?
— პროგრამის „სამუშაო სკალა“ არის -10-დან 10-მდე. როდესაც პროგრამა დაასრულებს
მუშაობას და მოსწავლის საბოლოო შეფასება ცნობილი გახდება, ეს უნარი გადაისახება
სკოლისათვის უფრო ბუნებრივ სკალაზე 5-დან 10-მდე.
— როგორ ხდება ამ დროს ჩაჭრის ზღვრის განსაზღვრა?
— ჩაჭრის ზღვარი წინასწარ დგინდება კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით.
ტარდება ცდები, თუ რა შედეგს მიიღებდა მოსწავლე, რომელიც სრულიად
შემთხვევით სცემს პასუხებს დავალებებზე. ბევრი ასეთი (2000 ან მეტი) ცდის
ჩატარების შემდეგ დგინდება ისეთი სიდიდე, რომელსაც „შემთხვევითად მოპასუხე“
მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა (მაგალითად 95%) ვერ გადალახავდა. სწორედ ეს
სიდიდე იგივდება 5.5-ქულასთან და ხდება ჩაჭრის ზღვარი.
— ანუ, თუ შემთხვევით ვცემ პასუხებს დავალებებზე, დიდი ალბათობით ზღვარს ვერ
გადავლახავ?
— თუ ძალიან არ გაგიმართლათ, ვერ გადალახავთ.
— შეგვიძლია ვთქვათ დაახლოებით რამდენ დავალებაზე უნდა გასცეს სწორი პასუხი
მოსწავლემ, ზღვარი რომ გადალახოს?
— ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ (ანუ, როგორი სირთულის და
დისკრიმინაციის) დავალებებს შეასრულებს მოსწავლე სწორად და რომელ
დავალებებს უპასუხებს არასწორად – საბოლოო შეფასება დამოკიდებულია არა
მხოლოდ სწორი პასუხების რაოდენობაზე, არამედ იმ შეკითხვების სირთულისა და
დისკრიმინაციის ხარისხზე, რომლებიც მოსწავლეს მიუვიდა. თუმცა შეიძლება
ითქვას, რომ საშუალოდ 40-დან 15-16 დავალებაზე სწორი პასუხის გაცემა საკმარისი
იქნება ზღვრის გადასალახად. პროგრამა ისეა მოწყობილი, რომ რაც უფრო მეტ
შეცდომას უშვებს მოსწავლე, მით უფრო მარტივი დავალებები მისდის. შესაბამისად,
თუ მან კომპეტენციის მინიმალურ ზღვარზე დაბალი ქულა მიიღო, ეს ნიშნავს, რომ იმ
დავალებების უდიდესი ნაწილი, რომლებიც მას მიუვიდა, იყო ყველაზე მარტივი
დავალებები, რაც კი დავალებების ბაზაში მოიპოვება, და მან ამ დავალებების დიდი
უმრავლესობა (ორი მესამედი ან მეტი) ვერ გააკეთა.
— ზედა ზღვრის დადგენა როგორღა ხდება? რა უნარი შეესაბამება 10ქულას?
— ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვიყენებთ კომპიუტერულ სიმულაციებს, თუმცა კრიტერიუმი აქ
ცოტა სხვაგვარია. კვლავ ტარდება ბევრი ცდა (2000 ან მეტი), თუ როგორ გაივლიდნენ
ტესტს მაღალი უნარის მქონე მოსწავლეები.
— მაღალი უნარის მქონე მოსწავლის კომპიუტერული მოდელიც არსებობს?
— გარკვეული აზრით, დიახ, არსებობს. ჩვენს შემთხვევაში ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ
სიმულაციის დროს ტესტურ დავალებას მაღალი ალბათობით გაეცემა სწორი პასუხი.
თუ ეს დავალება მარტივია, სწორი პასუხის მიღების შანსი თითქმის 100%-ია, ხოლო
თუ დავალება რთულია, სწორი პასუხის მიღების ალბათობა მცირდება, ვთქვათ,
შეიძლება იყოს 90%. როდესაც ასეთი პრინციპით ბევრ სიმულაციას ვატარებთ,
საშუალო შედეგი საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის რეალურ სურათზე.
— თუ ათი შეცდომა დავუშვი, მაშინ რა ქულას მივიღებ?
— ამის წინასწარ ზუსტად თქმა შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ
რომელ დავალებებზე გაეცით პასუხი სწორად და რომლებზე – შეცდომით. ასეთი
მოსწავლეების (მათ ვინც ზუსტად 10 შეცდომა დაუშვეს) ქულების დიაპაზონი
საკმაოდ დიდია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ საშუალოდ რამდენ ქულას
მიიღებენ ეს მოსწავლეები და დიდი ალბათობით რა ინტერვალში მოხვდება მათი
ქულები. მაგალითად, წელს მათემატიკის გამოცდაში, ვინც 10 შეცდომა დაუშვა,
საშუალოდ 8.1 ქულა მიიღეს, მაგრამ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც 8.5 ქულა
მიიღო და ისეთებიც, ვინც მიიღო მხოლოდ 7.8 ქულა.
— გასაგებია, მაგრამ კონკრეტული ქულა, ვთქვათ 8.3 ისტორიაში, როგორ უნდა
გავიგოთ? რამეს გვეუბნება ეს ქულა მოსწავლის მოსწრების შესახებ?
— რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ქულა გვეუბნება, რომ ამ მოსწავლის კომპეტენცია
ისტორიაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მინიმუმს ბევრად აღემატება.
CAT-ის გამოცდის მთავარი ფუნქციაც სწორედ ეს არის. გარდა ამისა, შედარებისათვის
შეიძლება ამ ქულის ნახვა პროცენტილების ცხრილში, საიდანაც გამოჩნდება, თუ
მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენ პროცენტს აქვს ამ ქულაზე ნაკლები ქულა
და რამდენს – ამ ქულაზე მეტი. ეს საშუალებას გაძლევთ თქვენი ცოდნა არსებულ
საერთო სკალაზე მოათავსოთ. მაგალითად, წელს ისტორიის გამოცდაში 8.3 ქულით
მოსწავლეების 97%-ს აჯობებდით, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. თუმცა, ისტორიის
მთელი სასკოლო პროგრამის ფონზე, თქვენი ცოდნა უფრო „კარგი“ იქნებოდა, ვიდრე „ფრიადი“.
იხილეთ ტესტური დავალებების ნიმუშები წლების მიხედვით:
2015 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტესტური დავალებების ნიმუშები საგნების მიხედვით
2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები – ტესტური დავალებების ნიმუშები საგნების მიხედვით
2011 წლის საატესტატო გამოცდების ტესტური დავალებების ნიმუშები საგნების მიხედვით
გამოსაშვები გამოცდები 2016 – პასუხები ყველა კითხვაზე და ტესტური დავალებების ნიმუშები
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება