გამოწვევები საბავშვო ბაღებში – პარლამენტი სკოლამდელი განათლების მიმართულებით 16 რეკომენდაციას გასცემს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქვეყნის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ნაწილში პრობლემად რჩება ცხელი წყლისა და გათბობის სისტემების უქონლობა და მოუწესრიგებლობა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე თემატური მოკვლევის ანგარიში მოისმინეს, რომელიც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე“ ანგარიში მოისმინეს.
მოკვლევის მიგნებები, რომლის შესახებ კომიტეტზე 1-ელ თებერვალს იმსჯელეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, მოკვლევის ფარგლებში გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე, პასუხისმგებელი უწყებებისთვის წარსადგენად შემუშავებულია 16 რეკომენდაცია.
„ბაღების უმეტესობაში გაუმჯობესდა სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, თუმცა მუნიციპალიტეტების ნაწილში კვლავ რჩება ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიცაა ცხელი წყლისა და ცენტრალური გათბობის სისტემის უქონლობა ან შედარებით ნაკლებად მოწესრიგება. კიდევ ერთი მიგნებაა ბაღების სიმცირე და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების ნაწილში, სადაც ბავშვებს საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მიმართულებით გივი მიქანაძის მოადგილემ დაასახელა არაადაპტირებული შენობების საკითხია. კერძოდ, რიგ მუნიციპალიტეტებში იკვეთება ინფრასტრუქტურის შეუსაბამობა ინკლუზიური განათლებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპებთან. „რიგ შემთხვევაში არ არის პანდუსები და არც ფიზიკური გარემოა ადაპტირებული, რაც, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა“.
მოკვლევის ფარგლებში ორი მიგნება ეხება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეზოებს, რომელთა ამჟამინდელი მდგომარეობა ბაღების ავტორიზაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
„მოკვლევამ ცხადყო, რომ ეზოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესისათვის, თუმცა მუნიციპალიტეტების ნაწილში, ეზოები, ან ეზოს ალტერნატიული სივრცეები არ არის ფუნქციურად ისე მოწყობილი, რომ შესაძლებელი იყოს მოქმედი რეგულაციებისა და ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილება. ეს, რა თქმა უნდა, აფერხებს ეზოში საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებას“, – აღნიშნა განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მოკვლევის ფარგლებში გამოკითხულთა მხრიდან პრობლემად დასახელდა საგანმანათლებლო რესურსების სიმწირეც.
ამასთან, ამ მოკვლევამაც დაადასტურა, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში საგანმანათლებლო პერსონალის დეფიციტია, რაც ხელს უშლის კანონით განსაზღვრული ბავშვისა და აღმზრდელ-პედაგოგის თანაფარდობის დაცვას.
„მუნიციპალიტეტების ნაწილში ბაღების ჯგუფში მხოლოდ ერთი აღმზრდელია, ან სხვა პერსონალი ასრულებს საგანმანათლებლო ფუნქციას, ნაცვლად ორი აღმზრდელისა, ან აღმზრდელ-პედაგოგისა. ეს წინააღმდეგობაში მოდის კანონთან“, – თქვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მოკვლევამ აჩვენა ისიც, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს და დამტკიცდეს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების სქემა და ასევე მათი შრომის ანაზღაურების საბაზო ზღვრული ოდენობა. გამოწვევებს შორის არის პერსონალის გადამზადების საკითხიც.
განათლების კომიტეტმა მოკვლევის შედეგად შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები მთავრობის, მუნიციპალიტეტების, ასევე ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების მიმართ შეიმუშავა და ის ანგარიშის საბოლოო ვერსიაში განხორციელების ვადებთან ერთად აისახება.
როგორც 1-ელ თებერვალს კომიტეტზე აღინიშნა, თემატური მოკვლევის ფარგლებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები ჰქონდათ გორსა და მცხეთაში, სადაც შეხვედრებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ბაგა-ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები. ასევე, შეხვედრები ჩატარდა შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.
მოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა. თემატური მოკვლევის ჯგუფში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი გრეტა წიწავა შედიან.
ასევე იხილეთ:
- „როგორც ისტორიის პედაგოგი, ამ ახალ კანონში რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ“ by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება