რა თანხებს დახარჯავს თბილისის მერია განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით – რა წერია 2024 წლის ბიუჯეტში
დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა, რომელიც საკრებულომ 15 დეკემბერს დაამტკიცა, მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მილიონი ლარით მეტია და გაზრდილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის 2024 წლის ბიუჯეტიდან თანხები სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, მიიმართება განათლებაზე – 248 047,1 ათასი ლარი და კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა – 35 534,7 ათასი ლარი.
EDU.ARIS.GE დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტს გაეცნო, სადაც განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკაის მიმართულებით ასეთი ჩანაწერი გვხვდება:
“მომდევნო წლებში თბილისში კიდევ უფრო მეტი მუზეუმი, თეატრი, ბიბლიოთეკა, სპორტული თუ შემეცნებით-საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი გაჩნდება, რაც მეტი ფესტივალის, წარმოდგენის თუ სპორტული აქტივობას უზრუნველყოფს. თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოდერნიზების პროექტი. ახალგაზრდული ცენტრების ბაზაზე მოეწყობა ციფრული ჰაბები და აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით. სპორტული რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, შემუშავდება სპეციალური საშეღავათო პაკეტები როგორც პროფილაქტიკური და სამედიცინო გამოკვლევების, ისე სარეაბილიტაციო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით”.
დედაქალაქის ბიუჯეტის თანახმად, განათლება დაიგეგმა – 248 047,1 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (225 917,8 ათსი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 22 129,3 ათასი ლარით. პრიორიტეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას 207 358,8 ათასი ლარის ოდენობით (გრძელდება დაწყებული პროექტების დაფინანსება, მათ შორის: ავარიული საბავშვო ბაგა-ბაღების ადგილას ახლის მშენებლობა და ავარიული ბაღების გამაგრება/რეაბილიტაცია: დასრულდება 2 ბაღის მშენებლობა და 1 ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია, დაიწყება 50-ე ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი ბაღის მშენებლობა), გაგრძელდება შემდეგი პროგრამების/ქვეპროგრამების დაფინანსება: სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა, ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა, უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელშეწყობა, იურიდიული კლინიკა და სხვა.
რას ნიშნავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
როგორც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის დოკუმენტშია განმარტებული, თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო პროგრამა/ მეთოდოლოგის დახვეწას, სტანდარტების შესაბამის კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შშმ პირებზე ადაპტირებას და სხვა.
“პროგრამის ფარგლებში მოხდება ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება, სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება”, – წერია დოკუმენტში.
საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაცია – რომელ ბაღზე რა თანხა დაიხარჯება
დედაქალაქის ვიცე-მერმა იკრაკლი ხმალაძემ 15 დეკემბერს გამართული საკრებულოს სხდომის ფარგლებში, ასევე დაასახელა ის დაგეგმილი და გარდამავალი პროექტები, რომელიც 2024 წლის განმავლობაში განხორციელდება და მათ შორისაა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები:
#28 საბავშო ბაგა- ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა – 4 მლნ ლარი; N71 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია – 2,3 მლნ ლარი; N43 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა – 2 მლნ ლარი; N196 საბავშვო ბაგა- ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია – 2 მლნ ლარი; N37 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია – 2 მლნ ლარი; N50 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა – 2 მლნ ლარი; N211 საბავშვო ბაგა- ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია – 700 000 ლარი.
მშენებლობის მიმართულებით გაცხადდა ისიც, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დასრულება 2024 წელს. იგეგმება.
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა (35 534,7 ათასი ლარი)
თბილისის მერიის გეგმის თანახმად, გაგრძელდება კულტურის ობიექტების (თეატრები, მუზეუმი, გალერეა, საბალეტო დასი, ბიგ-ბენდი, პანთეონი) დაფინანსება, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა, წარმატებული სპორტსმენი ბავშვების და მწვრთნელთა მხარდაჭერა, პარასპორტის განვითარების ხელშეწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, სპორტული დაწესებულებების მატერიალურტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებები (დასრულდება მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა და 2 ცენტრის აღჭურვა), კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებები.
15 დეკემბრის სხდომაზე თბილისის მერის 2023 წლის ანგარიშიც მოისმინეს, სადაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ახალგაზრდობისა და სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით კონკრეტული ციფრები დაასახელა: “დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 4 000-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 617 მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა. გრძელდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელება „ისწავლე, დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2023 წელს 60-ზე მეტ პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2500-მდე მოქალაქე”.
ასევე იხილეთ:
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- „როგორც ისტორიის პედაგოგი, ამ ახალ კანონში რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ“ by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება