GE

„გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია – 2019“- კსუ-მ საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის დასკვნით ეტაპს უმასპინძლა

„მსოფლიო მოსახლეობაში  კვებასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა არსებობს, როგორიცაა ცილოვან-კალორიული უკმარისობა (150 მილიონი შემთხვევა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში), იოდის დეფიციტი (740 მილიონი ადამიანი), ვიტამინ ა-ს დეფიციტი (3 მილიონი შემთხვევა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში)“, – ეს გახლავთ ნაწყვეტი ერთ-ერთი მოხსენებიდან, რომელიც გამოყენებითი ბიომეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის მეორე საერთაშორისო სკოლა-კონფერენციაზე წარადგინეს.

სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია – 2019“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით პირველიდან ხუთ აპრილამდე პერიოდში მიმდინარეობდა. ღონისძიების დასკვნითი ეტაპი კსუ-ში გაიმართა.

5 აპრილის ღონიძიებაზე 15-მდე ნაშრომი იყო წარმოდგენელი, რომელიც ეხებოდა როგორც მედიცინას, (მაგალითად ანტისიმსივნური იმუნური პასუხის ეპიგენეტიკური მოდელირება, მომხსენებელი: ნუნუ მიცკევიჩი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ასევე ბიო ღვინის წარმოების ქართულ ტექნოლოგიებს (მომხსენებლები: ნუგზარ ბაღათურია, მარიამ ლოლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ასევე წარმოდგენილი იყო  თურქი მეცნიერის რეკომენდაციები აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით (აზიური ფაროსანას ბიოლოგია, ქცევა და კონტროლის რეკომენდაციები – თურქეთის გამოცდილება მომხსნებელი: თემელ გოქთურქი, ართვინის უნივერსიტეტი, თურქეთი).

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელ სესილი გოგიბერიძის განცხადებით, ღონიძიების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა.

„კონფერნცია არის ძალიან მაღალი დონის, რასაც განსაზღვრავენ მისი მონაწილეები, არიან მოწვეული მეცნიერები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო მნიშვნელობის გავლენები. პირველ რიგში დავასახელებდი ბატონ დავით ფრანგიშვილს, რომელმაც შესანიშნავი ლექცია წაიკითხა კონფერენციის პირველ დღეს. მოხსენება ჰიპერთერმიულ ვირუსებში დნმ-ის შეფუთვის გზებს შეეხებოდა და იყო ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი. ბატონმა დავითმა დაინტერესებულ სტუდენტებს შესთავაზა მომავალში თანამშრომლობა. ის არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მეცნიერი, რომელიც პარიზში მოღვაწეობს და აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოკვლევები. კონფერენციაზე იყო სხვა ბევრი მნიშვნელოვანი მოხსენება, ბევრი სტუდენტი ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და იყო ძალიან დიდი აქტიურობა. სკოლა-კონფერენციის წარმატებულად ჩატარებაში ძალიან დიდი იყო ორაგნიზატორების როლი, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა, რომ არა რუსთაველის ფონდი, ეს პროექტი მის მიერაა დაფინანსებული და თანადამფინანასებელი გახლდათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, – ამბობს სესილი გოგიბერიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი, კვლევების განვითარების დარგში, ნუნუ მიცკევიჩი, რომელიც აღნიშნული პროექტის კოორდინატორი გახლავთ, აღნიშნავს, რომ კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი იყო.

„თემატიკა ქვედარგების მხრივ მრავალმხრივი იყო – ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია, გარემოს დაცვის, აგრარული და კვების ბიოტექნოლოგია. სკოლა-კონფერენციის მიზანი გახლდათ ევროპული და ამერიკული კვლევების შედეგების უფრო ახლოს მოტანა ჩვენს სამეცნიერო წრეებთან და ახალგაზრდებთან. სკოლაში შერჩევა კონკურსის წესით, აკადემიური მოსწრებისა და მოტივაციის წერილის საფუძველზე მოხდა. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო და სტუდენტები იყვნენ როგორც რეგიონული, ასევე – თბილისის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ილიას სახელმწიფო, ტექნიკური, აგრარული უნივერსიტეტიდან და ა.შ. მსმენელებად გვყავდა სტუდენტებიც, რომლებიც უკვე აღნიშნული მიმართულებით დოქტორანტები არიან და პირველი სკოლის დროს, 2016 წელს, ამ კონფერენციაზე ბაკალავრის სტატუსით იყვნენ“, – გვითხრა პროექტის კოორდინატორმა.

მისივე თქმით, მონაწილე სტუდენტებს ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცათ, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, პრაქტიკაში გამოიყენონ და საერთაშორისო კონტაქტებშიც ჩაერთონ.

„სტუდენტებს მიეცათ საშუალება ახლო და მჭიდრო კონტაქტში ყოფილიყვნენ, დღეს აქტიურად მოღვაწე მეცნიერებთან, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე უცხოეთში. მოისმინეს მათთვის განკუთვნილი სასწავლო ლექციები და ასევე გაეცნენ ექსპერიმენტული კვლევების შედეგებს. მსგავსი ღონიძიებები მათ საშუალებას აძლევს, რომ თეორიული ცოდნა, რასაც უნივერსიტეტში იღებენ, ეს ყველაფერი გამოყენებით მეცნიერებებში გადაიტანონ, ასევე აიმაღლონ საკუთარი ცოდნა, დაამყარონ კონტაქტები და ჩაერთონ უცხოელ სამეცნიერო ჯგუფებთან თანამშრომლობაში და გაღრმავდეს ეს პარტნიორობა“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

უნივერსიტეტებთან ერთად, სკოლა-კონფერენციას უმასპინძლეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.

სკოლა-კონფერენციის მიზანია, საქართველოში ხელი შეუწყოს ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიულ ზრდას.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური