SANGU-მ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი იტალიური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს უმასპინძლა
5-10 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი იტალიური უნივერსიტეტის – Universitas Mercatorum-ის ასოცირებულ პროფესორს, მარია მენშიკოვას უმასპინძლა.
SANGU-ს მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს უნივერსიტეტისთვის Erasmus+ პროგრამის პერსონალის გაცვლის ფარგლებში პირველი ვიზიტი იყო. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროპული უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება ჰიბრიდული და ონლაინ სწავლების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე უნივერსიტეტის მართვისა და სწავლების პროცესებში, ასევე ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება.
ერთკვირიანი ვიზიტი მოიცავდა შეხვედრებსა და ვორკშოპებს როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური პერსონალისათვის, ამასთანავე საჯარო ლექციას სტუდენტებისათვის.
ადმინისტრაციული პერსონალისთვის განკუთვნილი სამუშაო შეხვედრის თემა „ხელოვნური ინტელექტი უნივერსიტეტის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ პროცესებში“ იყო. შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას კომუნიკაციაში, ხარისხის უზრუნველყოფაში, პროექტებისა და ადამიანური რესურსების მართვაში. ყურადღება Universitas Mercatorum-ის ელექტრონული სწავლების გამოცდილებაზე, პერსონალის მოტივაციასა და ორგანიზაციულ განვითარებაზეც გამახვილდა.
აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი შეხვედრის თემები იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლებასა და კვლევაში, ჰიბრიდული სწავლების მოდელები, სტუდენტთა ჩართულობა და ციფრული კომპეტენციები. პროგრამა ასევე კვლევის ეთიკისა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების საკითხების განხილვას ითვალისწინებდა, ამასთანავე, შესაბამისი მიმართულების კოლეგებთან სამომავლო საერთო სწავლებისა და კვლევით ინტერესებსა და ინიციატივებზე დისკუსიას.
ვიზიტის დასკვნითი პროგრამა მოიცავდა საჯარო ლექციას სტუდენტებისა და კოლეგებისათვის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ ორგანიზაციებზე, უმაღლეს განათლებასა და მომავლისთვის საჭირო უნარებზე.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე შეაჯამეს ვიზიტის შედეგები და ერთობლივი სწავლებისა და კვლევის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარებას.
-
SANGU-ს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ეწვია
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
2027 წლის აბიტურიენტების გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე SANGU მიღებას აცხადებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი