GE

გამსწორებლები “ნაწერებში ლექსიკური მხარე მოიკოჭლებს, ჩვენი ახალგაზრდები არ კითხულობენ“

ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორება ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებით დაიწყო. ჯერ-ჯერობით მხოლოდ პირველი ვარიანტი გასწორდა, თუმცა, სპეციალისტები უკვე საუბრობენ ტენდენციაზე, რაც ნაშრომების მიხედვით გამოიკვეთა.

მათი თქმით, თემებისა და ესეების წერისას აბიტურიენტები უფრო და უფრო თამამები ხდებიან, ღიად გამოხატავენ საკუთარ აზრს და მრავალფეროვანი არგუმენტების მოყვანაც არ უჭირთ, რაც ადრე სირთულეს წარმოადგენდა, რადგან წინა წლებში აპლიკანტები დაშტამპულად  წერდნენ.

download (2)საგამოცდო ნაშრომები წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker) სწორდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ელექტრონული გასწორება სრულიად გამორიცხავს ნაშრომის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. პროცესი ანონიმურობასა და კონფიდენციალობას სრულად უზრუნველყოფს.

გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, იგი  მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება.

მათივე თქმით, ელექტრონულმა გასწორებამ შესაძლებელი გახადა გასწორების პროცესში პედაგოგების ჩართვა ყველა რეგიონიდან. შედეგად,  ქართული ენისა და ლიტერატურის ტექსტების გასწორებაში 250 გამსწორებელია ჩართული თანაც ისე, რომ მათ სახლიდან გასვლაც კი არ უწევთ.

1407310128_10484155_628466323916325_3782644592140631858_nცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით,   ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტებს ამ სავალდებულოდ ჩასაბარებელი საგნის გარდა ლიტერატურის, როგორც არჩევითი საგნის ტესტებისა და პედაგოგთა ნამუშევრების  გასწორებაც მოუწევთ.

ასე რომ, როგორც მიმინოშვილი განმარტავს, ყველაზე მეტი სამუშაო სწორედ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტებს აქვთ და  ყველაზე პირველად ამ საგნის გასწორება ამიტომაც იწყება.

“თუ ჩვენს სპეციალისტებს ყურს დავუგდებთ, ისინი ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით პროგრესი შეიმჩნევა, ეს სასიხარულოა. თუმცა, რამდენად გვაკმაყოფილებს პროგრესი ასეთი ნელი ტემპით, ეს მეორე საკითხია. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს უკეთესი შედეგები გვექნება, ვიდრე წინა წლებში,” – აცხადებს იგი.

ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი ნანა ლოლაძე ამბობს, რომ წელს, იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონულად პირველად ტარდებოდა, ღელავდნენ. შიშობდნენ ამ სიახლეს რაიმე სირთულე არ შეექმნა. ამის გამო საგამოცდო დროც კი გაიზარდა.

თუმცა,  როცა პირველი ნაშრომების გასწორება დაიწყო, მისი თქმით, დარწმუნდნენ, რომ ღელვა უსაფუძვლო იყო და ტექნიკური თავლსაზრისით, გასული წლების ნამუშევრებთან არანაირი განსხვავება არაა.

downloadიგი EDU.ARIS.GE-ს ნაშრომებით ნაჩვენებ ზოგად სურათზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ არგუმენტირებულ ესეს ნაწილში სერიოზული პროგრესია. ამბობს, რომ პირველ წლებში, როცა მათ აბიტურიენტებს წერილობით საკუთარი აზრის ჩამოყალიბება დაავალეს, ისინი სტანდარტულ, შაბლონურ ტექსტებს წერდნენ. ახლა კი აპლიკანტები უკვე თამამად მსჯელობენ.

“გრამატიკული შეცდოების გასწორების თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა. როგორც ჩანს, უფრო საფუძვლიანად ემზადებიან. პირველ წლებში მაინც იყო გამოყოლილი ის ინერცია, რომ კარგად ისწავლი თუ არა, სადმე მაინც ჩაირიცხები. ახლა ასე აღარაა. ქართული ენისა და ლიტერატურის ტექსტი უნდა დაწერონ, მხოლოდ შემოხაზვით ქულებს ვერ დააგროვებენ, არ ეყოფათ და ბარიერს ვერ გადალახავენ.

სამწუხარო ტენდენციაა ის, რომ ლექსიკური მხარე მოიკოჭლებს. ჩვენ ახალგაზრდებს მდიდარი ლექსიკა არ აქვთ, რადგან არ კითხულობენ. როგორც ჩანს, ამ მხარეს სკოლამაც მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს,” – აცხადებს ნანა ლოლაძე.

თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა ნაწერი გრამატიკული და ლექსიკური თვალსაზრისით სუსტი იყოს, ბევრი სტილისტური  შეცდომით, მაგრამ სამაგიეროდ აზრს ძალიან  საინტერესოდ აყალიბებენ.

“ნამდვილად ძალიან საინტერესო ნაშრომებია. წლიდან წლამდე ამ მხრივ ნამდვილად უკეთესი შედეგი გვაქვს. ის, რომ თამამად მსჯელობას ბედავენ, საკუთარი აზრის გამოხატვის არ ეშინიათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

download (1)“პირველ სესიაზე ესე  პოპულარობაზე (პოპულარობა იძულებულს გხდის, რომ მასების გემოვნება გაითვალისწინო) შეხვდათ. ძალიან საინატარესო ნაწერები წავიკითხეთ, ძალიან მრავალფეროვანი. ადრე ასეთი თემების მიცემასაც კი ვერ ვბედავდით, რათა ბავშვები არ დამფრთხალიყვნენ. თანაც მაშინ ძალიან სტანდარტული ნაწერები იყო. ხშირად მაგალითებიც კი ერთნაირი მოჰყავდათ.

“ახლა კი ძალიან მრავალფეროვნად მსჯელობენ. არგუმენტები საკუთარი ბიოგრაფიიდან და გამოცდილებიდან მოჰყავთ. ისეთი სასიამოვნო გასასწორებელია, რომ ვერ აგიხსნით. ჩვენთვის მთავარიც სწორედ ეს იყო – გაბედონ, იმსჯელონ და აკუთარი აზრი დაწერონ,” – დასძენს იგი.

ამბობს, რომ მისაღები გამოცდების მიზანიც სწორედ ისაა – განისაზღვროს შეუძლია თუ არა ახალგაზრდას თავი გაართვას იმ ამოცანებს, რასაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მის წინაშე აყენებს. დასძენს, რომ მხოლოდ დასწავლა საკმარისი აღარაა. ნასწავლიდან აზრის გამოტანისა და  განსხვავებული პოზიციის შეჯერების გარეშე ახალგაზრდა წარმატებას ვეღარ მიაღწევს.  შესაბამისად, მთავარი დამახსოვრება და ამ დამახსოვრებულის გამოცდამდე მიტანა კი არა, ნასწავლის გამოყენებაა.

download (4)“აბიტრიენტების უმეტესობას უკვე კარგ სასწავლებელში სწავლა უნდა და არა უბრალოდ ფარატინა დიპლომის მიღება. ეს დღეს არაფერს რომ ნიშნავს, ახალგაზრდებმაც და მშობლებმაც კარგად დაინახეს. კმაყოფილები ვართ, რომ მათი დამოუკიდებელი აზროვნება წავახალისეთ და თვითონაც აიტაცეს ეს,” – აცხადებს ლოლაძე.

როგორც აღმოჩნდა, უკვე უმაღლესი ქულაც მრავლად დაიწერა. ლოლაძე განმარტავს, რომ  ესესა და ტექსტის რედაქტირებაში უმაღლესი ქულა 20-ა და მრავლად იყო ისეთი ნაწერები, რომლებიც 18, 19 და 20 ქულით შეფასდა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, იკლო ისეთი აბიტურიენტების რაოდენობამ, რომლებიც ესესა და თემის დაწერას ერიდებიან. ამბობს, რომ  ცარიელი ფურცლები ესეს დავალებაში თითქმის არ გვხდება. რაც შეეხება მხატვრული ტექსტის ანალიზს, მას შედარებნით მეტი აბიტურიენტი ტოვებს.

“ერთ-ერთი ჩვენი გამსწორებელი ამბობდა, რომ წლიდან წლამდე მეც ბავშვებთან ერთად ვიზრდები, იმდენად საიტერესო ნაწერები მოდისო. ზოგადად, საინტერესო ადამიანები მოდიან და ცოტა მეტ ცოდნას თუ მივცემთ, ძალიან კარგი იქნება,” – დასძენს ლოლაძე.

შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოდან  ეტაპობრივად დაიწყება. მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დამთავრებისთანავე შეიტყობენ. შედეგებთან ერთად თითოეულ აბიტურიენტს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური